2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც მაღალი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.
„როგორც იცით, გასული წლის ბოლოს დაიწყო დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ავტობუსის პარკის განახლებაა, თუმცა დამატებით დაგვჭირდა 18-მეტრიანების შემოყვანა, რომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა მოხერხდეს. 160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე: N301, N308 და N314.
ამასთან, დამატებით, 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება.
კალაძის თქმით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა, ამ ეტაპზე კი, მუნიციპალიტეტმა 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე შეისყიდა.
„თავდაპირველად გავაჟღერეთ, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის აუცილებლობა იყო, თუმცა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ. 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება. ამ მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა განმარტა, თუ რა პირობებზე უნდა იყოს გათვლილი ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები.
„ავტობუსები სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის; ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილი იქნება თბილისის კლიმატურ პირობებზე; აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს.
„ავტობუსები გათვლილი უნდა იყოს 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსებში უნდა განთავსდეს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და აღნიშნული სისტემის მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე, WIFI მოწყობილობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.