ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა გრძელდება უამინდობა, ძლიერი ქარბუქის გამო შეფერხებით მუშაობს სპეცტექნიკა, სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ამ დროის მონაცემებით, თოვლის საფარისგან ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა და ცენტრალური გზები გონდრიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – მამწვარა, დილითი, დიდი და პატარა გონდრიო და ყულალისი.
სპეცტექნიკა ასევე მუშაობს ეშტიისა და ჯიგრაშენის სოფლების მიმართულებით, სადაც გზები თოვლის საფარისგან იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი.
სპეციალური ტექნიკით იწმინდება ქალაქ ნინოწმინდის ქუჩებიც.
სამუშაო პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი უწევს მონიტორინგს.
მისი თქმით, ამ დროისთვის, სოფლებისკენ მიმავალი გზები ეტაპობრივად იწმინდება, სოფლების – ტამბოვკასა და ვლადიმეროვკასკენ მიმავალ გზებზე კი, ძლიერი ქარბუქის გამო, მოძრაობა აკრძალულია.
ასევე აკრძალულია მოძრაობა ნინოწმინდა-წალკისკენ მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.
დაბალი ხილვადობისა და ძლიერი ქარის გამო სამუშაო პროცესი რთულდება. ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელ საავტომობილო გზებზე გადაადგილების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება შეზღუდვებით ხორციელდება.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან, ხოლო იქ, სადაც თავისუფალია მოძრაობა, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.