საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტად საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველო-საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით.
აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნა 2022 წელს, საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის შეხვედრაზე გადაწყდა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.