გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით, საჯარო კონსულტაციებისთვის საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნი წარადგინეს.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აღნიშნა, კლიმატის ცვლილების შედეგების დასაძლევად და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად, საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ამის მიუხედავად ქვეყანას არ გააჩნია ერთიანი საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს დაარეგულირებდა.
შესაბამისად, კომიტეტმა წელს აქტიურად დაიწყო მუშაობა კლიმატის ცვლილების კანონის პროექტის შემუშავებაზე, რომელმაც ერთიან ჩარჩოში უნდა მოაქციოს კლიმატთან დაკავშირებული ფრაგმენტული კანონმდებლობა. მისი თქმით, კომიტეტი კანონის პროექტის შემუშავებას თვისობრივად ახალი მეთოდოლოგიით ახორციელებს.
მისი ინფორმაციით, კომიტეტმა წლის დასაწყისში საჯაროდ გამოაქვეყნა კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე წიგნი, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ საკონსულტაციო დოკუმენტს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისგან შეხედულებებისა და მოსაზრებების წარდგენის მიზნით. ამავდროულად გაიმართა ფართო საკონსულტაციო შეხვედრები თელავში, ქუთაისსა და თბილისში. საბოლოოდ, საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული პოზიციების ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე შეიმუშავეს თეთრი წიგნი, რომელშიც გათვალიწინებულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი წინადადებები.
თეთრი წიგნი კლიმატთან დაკავშირებულ თითოეულ მნიშვნელოვან საკითხზე გვთავაზობს წინადადებას კანონში გასათვალისწინებლად და მოიცავს იმ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც კლიმატის ცვლილების კანონი უნდა შემუშავდეს. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებამდე კი გაიმართება თეთრი წიგნის საჯარო განხილვები, რათა საბოლოოდ იმ პრინციპებზე მოხდეს შეჯერება, რომლებიც კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს.
„ეს ახალი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაგვაახლოებს საერთაშორისო გლობალურ სამართალს გარემოს დაცვის სფეროში და კლიმატის ცვლილებების სფეროში. თეთრი წიგნის წარდგენის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ საჯარო კონსულტაციებს და ამ პროცესში კომიტეტთან ერთად ჩართულია სამინისტროც. პარალელურად, ექსპერტებთან ერთად, დაწყებული გვაქვს მუშაობა თვით კანონპროექტზე. ვფიქრობ, რომ კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, იქნება ყოვლისმომცველი და შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავებისთვის, რასაც კლიმატის ცვლილება ჰქვია და რომლის სამწუხარო შედეგები ჩვენ ძალიან მძიმედ გადავიტანეთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, ზოგადად, ეს წელი განსაკუთრებით მტკივნეული იყო კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ანომალიური პროცესები, რომლებიც ამ კუთხით მიმდინარეობს, პრაქტიკულად დღემდე გრძელდება და ამიტომ საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, რომ კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე მტკივნეული შედეგები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
„ვფიქრობ, პროცესი კიდევ უფრო წარმატებული იქნება და, საბოლოო ჯამში, ჩვენ ისეთ სამართლებრივ სისტემას შევქმნით, რომელიც გაგვიადვილებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას და შეგვიქმნის რეალურ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც დაგვეხმარება მომდევნო ათეულ წლებში კიდევ უფრო კარგად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც კლიმატის ცვლილების კუთხით გველოდება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს საქართველოსადმი უწყვეტი მხარდაჭერისთვის.
ღონისძიების მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართება თეთრი წიგნის ეროვნული კონსულტაციების პროცესი და საჯარო განხილვა, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წარუძღვება.
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის თეთრი წიგნის პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდნენ და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლისა მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ლაშა ნაკაშიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები.
დოკუმენტი მომზადდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) პროგრამის „გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობისა და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.