მსოფლიო პატრიარქი ბართლომე: მარადიული იყოს ილია II-ის ხსოვნა, მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის ნეტარი წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს,

საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღვრის, განსვენებული ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვიხსენებთ რა მის მამობრივ სიყვარულს მორწმუნე ერისა და მეგობარი ქვეყნის საქართველოს მიმართ, მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში ქართველი ხალხის გულწრფელ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას მისი ღირსეული პიროვნებისადმი, რომლის დროსაც განსაკუთრებულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები, გამოვთქვამთ როგორც მსოფლიო საყდრის, ისე პირადად ჩვენს სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ. ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია II-ის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი“, – ნათქვამია წერილში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები