GUARDIANGE – ირანის მოქალაქეებს, 1-ელ მარტს, ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან თურქეთის სახმელეთო გადასასვლელით ირანში შესვლისა და ირანიდან გასვლის უფლება არ აქვთ. ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფი“ იტყობინება.
როგორც გამოცემა წერს, თურქი მესაზღვრეებისთვის მიზეზად სისტემების „გაფუჭება“ დასახელდა, თუმცა თურქეთის მოქალაქეებს სახმელეთო საზღვრის ორივე მიმართულებით გადაკვეთა კვლავ შეუძლიათ.
საზღვრის უპრეცედენტო დაკეტვა აშშ-სა და ისრაელის ძალების პირდაპირი დარტყმების ფონზე მოხდა, რასაც ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის მრავალი წევრი ემსხვერპლა.
ბოლო დროს მომხდარი გარე თავდასხმების, პოლიტიკური არასტაბილურობის, მკაცრი რეპრესიების, შიდა არეულობისა და ინტერნეტის გათიშვის დროს, ირანის ხელისუფლება კვლავ აძლევდა ხალხს ქვეყნიდან გასვლისა და დაბრუნების უფლებას, რაც ძირითადად უსაფრთხოების სარქველად იყო მიჩნეული.
წითელი, თეთრი და მწვანე ირანის დროშა – რომელიც, როგორც წესი, თურქეთის მხრიდან კარგად ჩანს – კვირას, შუადღისას არ ჩანდა.
ერთ-ერთი ირანელი მძღოლი, რომელიც დღეს დილით ადრე გადაკვეთა საზღვარი ქვეყნიდან გაქცეული ირანელების მცირე ჯგუფის თურქეთის გადასაყვანად, მათ შორისაა, ვისაც უკან დაბრუნება აეკრძალა.
„აქ არც დასაძინებელი მაქვს და არც ფული“, – განაცხადა 50 წლის მამაკაცმა, რომელმაც თქვა, რომ აჰმედი ჰქვია. ის თურქეთის მხარეს იმყოფება და ელოდება რომ ირანში, დაახლოებით 80 მილის მოშორებით, ოჯახთან დაბრუნდება, სადაც მათ არაერთი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.
„ტელეგრაფის“ ცნობით, ერთ-ერთმა თურქმა სატვირთო მანქანის მძღოლმა, რომელიც წყლით სავსე კასრებით თურქეთში ბრუნდებოდა, უცნაურად უარყო რაიმე თავდასხმის ფაქტი და თქვა: „ირანში ყველაფერი იდეალურადაა“.
თეირანში მცხოვრები ერაყელი ოჯახი ომისგან თავის დასაღწევად თურქეთში გაიქცა.
„ამერიკელებს ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ნებისმიერზე და ნებისმიერ ადგილას თავდასხმა. მე ერაყში ორი ომი გადავიტანე ამერიკელების წყალობით და ახლა ისინი ამას ირანშიც აკეთებენ“, – თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.

