ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს დღეებში განცხადების გაკეთებას გეგმავს და „დეტალურად ახსნის“ ყველაფერს.
„ამასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას. გქონდეთ ამის მოლოდინი და დეტალურად ახსნის ყველაფერს… უახლოეს დღეებში, მართლა გეუბნებით, დეტალურად ახსნის, რა იყო, როგორ იყო, რა ამოიღეს და რა არ ამოიღეს და რა არის ნაჩვენები, რომელიც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბამება… დასამალი მას არაფერი არ აქვს… რა ფორმით იქნება [განცხადება], ამაზე ჩამოვყალიბდებით“, – განაცხადა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა „TV პირველთან“ სატელეფონო საუბრისას მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

