ოფიციალურად დაბარებული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა, რაც ძალიან უჩვეულოა მეგობარ ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განუცხადა.
მისი თქმით, „თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც გერმანიის ელჩი არის დაბარებული“.
„შევალ და მოვისმენ, რის თქმას აპირებენ ჩემთვის. ასევე, მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მისამართით, ჩემ და სხვა ელჩების წინააღმდეგ. საყვედურს გამოვთქვამ საქართველოს ამჟამინდელი კურსის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის წევრობასთან“, – განაცხადა ფიშერმა, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა.
„შემოსვლამდე განცხადება გავაკეთე. გთხოვთ, გაეცნოთ ამ განცხადებას, ასევე 33 საელჩოს მიერ დღეს დილით გავრცელებულ განცხადებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს პეტერ ფიშერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ.

