ანკარაში თურქეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციაში ათი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციური „თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ (CHP) წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას ახორციელებს.

გამოცემის ცნობით, აქტივისტები სკანდირებდნენ, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უნდა გადადგეს. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ მთავრობა დემოკრატიული ნორმების ძირის გამოთხრით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას და ოპოზიციის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებების შემდეგ განსხვავებული აზრის ჩახშობა სურს.

როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტამბოლსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სახალხო რესპუბლიკური პარტიის 500-ზე მეტი წევრი, მათ შორის 17 მერი დააკავეს. გამოცემა წერს, რომ, სავარაუდოდ, ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ 2023 წლის ყრილობის შედეგები, შესაძლოა, ბათილად ცნონ. სასამართლო პროცესს „თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია“ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები