ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს სასამართლომ 27 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ბრაზილიის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნო და 27 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ბოლსონარუ დამნაშავედ იქნა ცნობილი შემდეგ ბრალდებებში: სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა, შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, ბრაზილიის დემოკრატიული წესრიგის ძალის გამოყენებით დარღვევის მცდელობა, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, საჯარო საკუთრების დაზიანება 2023 წლის 8 იანვარს, მისი მხარდამჭერების მიერ სამთავრობო შენობებზე თავდასხმის დროს.

პროკურატურის მტკიცებით, მისი გეგმა მოიცავდა ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ახლადარჩეული პრეზიდენტის მკვლელობას. პროკურატურის ბრალდების თანახმად, გადატრიალების გეგმის ნაწილი მოიცავდა ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის ან შხამის გამოყენებას პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას, მისი ვიცე-პრეზიდენტის, ჟერალდო ალკმინის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრ დე მორაესის მოსაკლავად.

გამამტყუნებელ ვერდიქტს მხარი უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლიდან ოთხმა დაუჭირა. გადამწყვეტი ხმის მიცემისას მოსამართლე კარმენ ლუსიამ განაცხადა, რომ ბოლსონარუმ პროვოცირება გაუწია 2023 წლის 8 იანვრის „ამბოხს“, როდესაც მისმა ათასობით მხარდამჭერმა დააზიანა უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტის სასახლე და კონგრესი.

როგორც „სიენენი“ წერს, ბოლსონარუ ბრალდებებს უარყოფს.

ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტს ერთი ვადით, 2019-დან 2023 წლამდე იკავებდა. ის ცნობილია, როგორც მემარჯვენე პოპულისტი. COVID-19-ის პანდემიის დროს ბოლსონარუ უარყოფდა პრობლემის სერიოზულობას და ქვეყანაში კარანტინის შემოღების საჭიროებას. ასევე, მას აკრიტიკებდნენ ამაზონის ტყეების განადგურების შესაჩერებლად საჭირო ზომების შემოღებაზე უარის თქმის გამო.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები