Sunday, June 8, 2025
27.8 C
Tbilisi

ტრამპმა ლოს ანჯელესში უსაბუთო მიგრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების აღსაკვეთად ეროვნული გვარდია გაგზავნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე ჯარები განთავსდებოდა, მადლობა გადაუხადა ეროვნულ გვარდიას „კარგად შესრულებული სამუშაოსთვის“.

ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის 2000 წევრი განთავსდებოდა დოკუმენტაციის არმქონე მიგრანტების დასაკავებლად განხორციელებული რეიდებით გამოწვეული არეულობების აღსაკვეთად.

ლოს ანჯელესის მერი კარენ ბასი აცხადებს, რომ სამხედრო ძალები არ არიან განლაგებული ქალაქში, მაგრამ ფედერალური ოფიციალური პირი ამბობს, რომ ჯარები 24 საათში ჩავლენ ქალაქში.

ძირითადად ლათინოამერიკული ოლქის მცხოვრებლები არაერთხელ დაუპირისპირდნენ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ფედერალურ აგენტებს.

აშშ-ის თავდაცვის  მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ მოქმედი საზღვაო ქვეითები  ასევე „სრულ უმაღლეს მზადყოფნაში“ იმყოფებიან.

ტრამპი აცხადებს, რომ „რადიკალი მემარცხენეების პროტესტები არ იქნება შეწყნარებული“. იგი აღნიშნავს, რომ ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში წერს.

„ეროვნული გვარდიის შესანიშნავი სამუშაო ორდღიანი ძალადობის, შეტაკებების და არეულობის შემდეგ. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი და მერი, რომლებსაც, როგორც ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ამოცანას (უბრალოდ შეხედეთ, როგორ გაუმკლავდნენ ისინი ხანძრებს და ახლა მათი ძალიან ნელი რეაგირება კატასტროფაზე). წამქეზებლებისა და ხშირად პრობლემების შემქმნელების მიერ დაფინანსებული ორგანიზებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული​ასევე, ამიერიდან ნიღბების ტარება არ დაიშვება საპროტესტო აქციებზე. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას კარგად შესრულებული სამუშაოსთვის“, – წერს ტრამპი.

შეტაკებები საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში, ორი დღეა, გრძელდება. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები ქალაქ ლოს ანჯელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები