„საქართველოს რკინიგზას“ ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს. გენერალური დირექტორი კომპანიაში დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა წარადგინეს.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ლაშა აბაშიძეს აქვს რკინიგზის სექტორში და საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, რაც ნიშნავს, რომ ადაპტაციის ეტაპი მოკლე და ეფექტური იქნება. ლევან დავითაშვილმა წარმატება უსურვა ლაშა აბაშიძეს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის პოსტზე და მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს გაწეული საქმიანობისთვის.
„რკინიგზის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ჩვენი ინტერესია, გაიზარდოს როგორც გადაზიდვების მოცულობა, ისე შემოსავლები,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაშა აბაშიძეს „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2006-2009 წლებში კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის იყო შესყიდვების სააგენტოს უფროსი, სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე და ოპერაციათა მართვის ხელმძღვანელი. ლაშა აბაშიძე პროფესიით იურისტია, ხოლო მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს საჯარო ადმინისტრაციის მართვის მიმართულებით. 2015-2017 წლებში იგი თბილისის ვიცე-მერი იყო, 2014-2015 წლებში – ვაკის გამგებელი, ხოლო 2013-2014 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ლაშა აბაშიძემ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით ფერაძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.