GUARDIANGE – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი მესამე ვადით აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რაც, როგორც ექსპერტები თანხმდებიან, აშშ-ის კონსტიტუციით ისედაც აკრძალულია.
„მე ვიქნები 8-წლიანი პრეზიდენტი, მე ვიქნები ორი ვადის პრეზიდენტი. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – თქვა ტრამპმა NBC-ის გადაცემაში „შეხვდი პრესას“ კრისტენ უელკერთან ინტერვიუში, რომელიც კვირას, 4 მაისს გავიდა ეთერში.
78 წლის ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ის „არ ხუმრობდა“ იმის შესახებ, რომ მესამე ან თუნდაც, მეოთხე ვადით სურდა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა.
მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი განცხადებები მიზნად ისახავდა „ყალბი ახალი ამბების მედიის“ დატროლვას.
მისი კომპანია, ტრამპის ორგანიზაცია, ყიდის „ტრამპი 2028“ ქუდებს, რაც აძლიერებს ვარაუდების გამოთქმას იმის შესახებ, რომ იგი შეიძლება ეცადოს თანამდებობაზე დარჩენას 2029 წლის იანვარში მისი მეორე ვადის დასრულების შემდეგ.
ინტერვიუში, რომელიც პარასკევს, 2 მაისს, ფლორიდაში მდებარე მის რეზიდენციაში ჩაიწერა, ტრამპმა თქვა, რომ იგი ბევრ „თხოვნას“ იღებს ადამიანებისაგან, რომ თანამდებობაზე დარჩენის საკითხი განიხილოს.
„ძალიან ბევრ ადამიანს სურს, რომ მე ეს გავაკეთო“, – თქვა ტრამპმა, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის აღნიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
„ეს ისაა, რაც, რამდენადაც მე ეს გამეგება, ამის უფლება არ გაქვს. არ ვიცი, ეს კონსტიტუციურია თუ არა, რომ ისინი არ გაძლევენ ამის უფლებას ან კიდევ სხვა რამეს“, – თქვა ტრამპმა.
მან დასძინა, რომ „ბევრი ადამიანი ყიდის 2028 წლის კეპებს“.
„მაგრამ ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც მინდა“, – თქვა მან და საუბარი განაგრძო იმ „რესპუბლიკელებზე“, რომლებმაც შეიძლება მისი ადგილი დაიკავონ, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
აშშ-ისკონსტიტუციის 22-ე შესწორებაში ნათქვამია, რომ „არავინ არ შეიძლება იყოს არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე ორჯერ მეტად“.
კონსტიტუციის შეცვლას სჭირდება კონგრესის – სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ორი მესამედის თანხმობა, ასევე ქვეყნის შტატების დონეზე მთავრობათა სამი მეოთხედის თანხმობა. თუმცა, ტრამპის ზოგიერთი მხარდამჭერი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში არის ხვრელი, რომელიც სასამართლოში არ არის განხილული.
NBC-ის შეკითხვაზე, მიმართა თუ არა მას ვინმემ ამ თეორიებით, ტრამპმა უპასუხა, რომ „ბევრმა ადამიანმა განსხვავებული რამ თქვა“ ამის შესახებ.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ