რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, ვოლგოგრადის აეროპორტს (გუმრაკი) „სტალინგრადი“ ეწოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავსაყოფად, ვბრძანებ, ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტს მიენიჭოს ისტორიული სახელწოდება „სტალინგრადი“ ვოლგოგრადის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული სახელწოდების მინიჭება არ იწვევს ამ გეოგრაფიული ობიექტის დასახელების შეცვლას“, – ნათქვამია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებაში.
მედიის ცნობით, სახელის გადარქმევის ინიციატივა ომის მონაწილეებსა და ვეტერანებს ეკუთვნოდათ და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა გადასცა. ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ხელს მოაწერდა აეროპორტისთვის სახელის გადარქმევის შესახებ ბრძანებულებას.
რუსული მედიის ცნობით, გამოკითხვის თანახმად, ვოლგოგრადის მცხოვრებლების 67-მა პროცენტმა არ დაუჭირა მხარი აეროპორტისთვის „სტალინგრადის“ დარქმევას.
29 აპრილს რუსეთისა და ბელორუსის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ვოლგოგრადში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში მამაევ კურგანზე ისტორიული მემორიალური კომპლექსი „სტალინგრადის ბრძოლის გმირებს“ მოინახულეს და პატივი მიაგეს ომის დროს დაღუპულ ქალაქის მცველთა ხსოვნას.