Friday, April 25, 2025
17.8 C
Tbilisi

ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ კერძო სექტორში განაგრძობს საქმიანობას, თუმცა არ დაუკონკრეტებია მისი მომავალი სამსახური.

ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, მომავალში დაბრუნდება თუ არა ისევ პოლიტიკაში, განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია. თუმცა მან სრულად გამორიცხა ოპოზიციაში წასვლა.

„დღეს მინდა, გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, არსებულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გავცე! დღემდე, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას, შესაბამისად ჩემი მთავარი მოტივაციაც ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე ძლიერი და გულწრფელი სურვილი რომ ერთი მყარი აგური დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. 2011 წლის ოქტომბერში მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი. მაშინ ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი ჩემი გადაწყვეტილების გამო უკანონოდ ჩასვეს ციხეში და სააკაშვილის რეჟიმს ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად, მძევლად ჰყავდა აყვანილი და გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ, მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა ჩვენი პარტიის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა და საკუთარი ხალხის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, წილად მხვდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად, აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში, სხვადასხვა დროს ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს.

ნამდვილად მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ – სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად უზრუნველვყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება, გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მე ყოველთვის, ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძელი და მოვახერხე, უფლის შეწევნითა და წყალობით, პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ასევე პარტიის წინაშე, რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. არაერთხელ მითქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ეს ჩემთვის ყოველთვის საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა იყო! ასე მივიჩნევდი 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავტოვე და პოლიტიკიდან გავედი! ასე იყო მაშინაც, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად დაწყებული საქმე განვაგრძე, ასე იყო შარშან, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვებ პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა.

„მისი ლიდერობით კი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. ამ ფონზე, მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის, იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება, შესაბამისად, ვრჩები, როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად! მსურს ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის! წარმატებებს ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად „ქართული ოცნების“ დიდ გუნდს! მადლობა ქართული ოცნების წევრებს, მომხრეებს, მხარდამჭერებს, იმ უზარმაზარ არმიას ვისთან ერთადაც ამდენი გამარჯვება ვიზეიმეთ! მადლობა საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს! მჯერა,  „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და პარალელურად უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ მომავალს, შექმნის შესაბამის პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის! უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები