Friday, April 25, 2025
17.8 C
Tbilisi

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რევაზ სოხაძის მაღალ კვალიფიკაციას და ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაკუთრებული მისია აქვს – ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ნიშნავს ქვეყნის თვისებრივად გარდაქმნას. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ შეიცვალა და ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ბატონ ირაკლი  ქარსელაძეს, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. რევაზ სოხაძე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია უკვე მრავალი წლის განმავლობაში, 2017 წლის შემდეგ იყო საკრებულოს წევრი, ურბანული კომისიის ხელმძღვანელი, შესაბამისად, უშუალო შეხება ჰქონდა იმ საკითხებთან, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ სამინისტროს საქმიანობასთან. გარდა ამისა, ბატონი რევაზი იყო სამგორის დეპუტატი და მისი ლიდერობით უამრავი რამ გაკეთდა სამგორის რაიონში. ეს არის ერთი კარგი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს იმას, თუ როგორი ენთუზიაზმით ემსახურება ბატონი რევაზი მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ის იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ საქმეს, რომლებიც დაწყებულია. წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ბოლომდე არის მისაყვანი, დასაწყები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ზუსტად ამ თვისებებით გამოირჩევა ბატონი რევაზი. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა გუნდური მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზად არის, სამინისტროს გუნდთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად განაგრძოს საქმიანობა დასახული ამოცანების შესასრულებლად.

„მინდა, პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ საქმიანობა, ის ამოცანები, რომლებიც არის დასახული, შევასრულოთ კეთილსინდისიერად და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი პრინციპი არის გუნდური მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და კარგ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მთავრობის მეთაურს და სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები