Thursday, April 24, 2025
23.8 C
Tbilisi

გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე პრეზიდენტს უწოდებს თავს და რომელმაც პრეზიდენტის კაბინეტიდან პრეზიდენტის დროშა მოიპარა, პირდაპირ ამბობს, რომ თანხა სჭირდება, ვინაიდან ეს „კრიზისი“ მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება, ვიღაც პიროვნებებთან საკუთარ სახელმწიფოზე ასე ლაპარაკი სირცხვილია

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე პრეზიდენტს უწოდებს თავს, პირდაპირ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს, რომ თანხა სჭირდება, ვინაიდან დაძაბულობა, დაპირისპირება და კრიზისი, როგორც თავად ამბობს, მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებში 23 აპრილს გავრცელებულ ვიდეოზე, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვის წარმომადგენლები.

ამასთან, ვოლსკის თქმით, ფაქტია, რომ უჩა ნანუაშვილი ეძებს პირველ ეტაპზე ნახევარ მილიონს, რათა თავისი გეგმების განხორციელების საშუალება მიეცეს.

„სირცხვილია, რომ ქართული გვარის მქონე ადამიანები ასე ლაპარაკობენ საკუთარ სახელმწიფოზე ვიღაც პიროვნებებთან, რომლებიც დაზუსტებულად არც იციან, არიან თუ არა ის პიროვნებები. თავისი სიმსუბუქით, უინტელექტობით, თანხაზე, თუ შემოთავაზებაზე დახარბებით, კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. ქართული გვარის ადამიანები რომ მოტყუვდნენ და ამას ლაპარაკობენ, ეს რომ სირცხვილია, ერთი საკითხია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე პრეზიდენტს უწოდებს თავს და რომელმაც პრეზიდენტის კაბინეტიდან პრეზიდენტის დროშა მოიპარა, პირდაპირ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს, რომ თანხა სჭირდება, ვინაიდან ეს დაძაბულობა, დაპირისპირება და კრიზისი, როგორც თავად ამბობს, მშვიდობიანი გზით ვერ მოგვარდება. აქედან გამომდინარე, ითხოვს თანხას, რაც უნდა გამოიყენოს არამშვიდობიანი პროცესების გასავითარებლად. ისეთის, როგორიც უკრანაში მოხდა, რადგან ე.წ. პოროშენკოა მასთან მოსაუბრე, ის სწორედ რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ადმინისტრაციას პირდაპირ ადებს ხელს, რომ სწორედაც ამიტომ ერიცხებოდა თანხა. შესაბამისად, დღეს მთელი საქართველოს წინაშე, მხარდამჭერების, თუ მოწინააღმდეგეების წინაშე გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც უნდა, საქართველოში ქართველებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარონ და მოხდეს ის უბედურება, რაც უკრაინაში მოხდა. ეს ტრაგედიაა. გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტია, იგი დასავლური ბიუროკრატიის მხრიდან ქვეყანაში აღიარებულია, როგორც ოპოზიციის ლიდერი. აქ უკვე მეორე თემაც იხსნება. ანუ დასავლეთს, ევრობიუროკრატიასაც ხელს ადებს, რომ ის სწორედ ის ადამიანია, ვისაც უნდა დაეხმარონ, რადგან საქართველოში პირდაპირ რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. ამას გვპორდება და აღიარებს, რომ ეს არის მისი პოლიტიკური კრედო და ამოცანა. ეს ძალიან მძიმე სურათია. არ ვიცი, უჩა ნანუაშვილის კრედო, თუ პოლიტიკური ხედვა რა არის და რას აპირებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ეძებს პირველ ეტაპზე ნახევარ მილიონს, რათა ქვეყანაში განვითარდეს ის პროცესები, რასაც ხელს შეუწყობს თანხა, რომელსაც კასპაროვი მისცემს. კიდევ კასპაროვს ეძებს, რომ იქნებ ფული გადაურიცხონ, რომ მოამარაგოს და ამ თანხით მისი ავადმყოფური გეგმების განხორციელების საშუალება მიეცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ყოფილი სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის განცხადებას, სადაც ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია, – ვოლსკის თქმით, გამოძიება აუცილებელია.

„ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია, უთქვამს თუ არ უთქვამს, როგორც თავად ამბობს, მე ვთქვი, რომ ასეთი ადამიანები ხელისუფლების მხრიდან არიან ჩართული ამ პროცესებში და არა ჩვენი მხრიდანო. გასაგებია, რომ თავი ასე უნდა იმართლოს, მაგრამ ხომ დავინახეთ ფაქტი, ქუჩაში რაც ხდებოდა. ვინ იყვნენ მობილიზებული უჩა ნანუაშვილის ტიპაჟების გარშემო, რას ისროდნენ, რას აკეთებდნენ, ცეცხლს სად აჩენდნენ და აგრესია რომელი მხრიდან მოდიოდა. სად ამზადებდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ვისი თანხებით ხდებოდა პიროტექნიკის შეძენა. ეს ყველაფერი ვიხილეთ. ეს არის აღიარება და ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის შინაარსის წარმოჩენა, არა „ქართული ოცნების“ ან სხვა მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მხრიდან, არამედ უშუალოდ ამ ადამიანების მხრიდან. ამ ადამიანების მხრიდან აღიარებაა, საქართველოში რა დანაშაულებრივი სქემების განვითარებას აპირებდნენ, ხოლო ვინ იგულისხმა შტურმის განმხორციელებელ ჯგუფებში, ამაზე წარმოდგენას გვაძლევს ის პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად ხდებოდა ბრუტალური შეტევა სახელმწიფო სტრუქტურებზეც და პოლიციელებზე პიროტექნიკის, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით. ის ამ ჯგუფს ახასიათებს და უნდა, კასპაროვმა მათ დასაფინანსებლად ნახევარი მილიონი დოლარი მისცეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდეოს მიხედვით, საუბარია აგრეთვე უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში არსებულ პრობლემაზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები