Tuesday, April 15, 2025
9.8 C
Tbilisi

„აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვასა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ჩატარებული „ქართული ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგები და გამოვლენილი ტენდენციები. კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის დონე უმჯობესდება და წლიდან წლამდე მატულობს სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა, რაც ძირითადად სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებული მექანიზმებისა და პროგრამების დანერგვას უკავშირდება.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული ენის მაღალ დონეზე შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით გაგრძელდება კონსოლიდირებული ძალისხმევა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რათა კიდევ უფრო გაფართოვდეს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობები და 2030 წლისთვის დასახული გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები წარმატებით იქნეს მიღწეული.

ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის მნიშვნელობის შესახებ დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ალიბეგაშვილმა.

კვლევის შედეგების შესახებ მოკლე ანგარიში დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა. კვლევა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის, „საზოგადოებრივი დამცველის“ მიერ მომზადდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ისევ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, რომელიც ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დაცვის მიზნით, ჩვენს ქვეყანაში 47 წლის წინ განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება და რომელსაც ჩვენ ეროვნული ღირსების შეგრძნებით და უდიდესი დაფასებით აღვნიშნავთ. დღეს ჩვენი პასუხისმგებლობაა არა მარტო დავიცვათ და განვავითაროთ ქართული ენა, არამედ ხელი შევუწყოთ, განსაკუთრებით ჩვენს არაქართულენოვან მოსახლეობას, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებაში. ამ კუთხით, ჩვენ მიერ 2030 წლისთვის დასახული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარე შუალედური შეფასების ეტაპზე სწორედ ქართული ენის დღის აღნიშვნას მივუძღვენით ჩვენ მიერ ინიცირებული ფართომასშტაბიანი დამოუკიდებელი კვლევის შედეგების და მიღწეული პროგრესის პრეზენტაცია. დღესდღეობით ჩვენს სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, დღითი დღე იზრდება სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა და დონე, რაც ნამდვილად ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შედეგია, რასაც ჩვენ მომავალშიც თანმიმდევრულად განვაგრძობთ იმისთვის, რომ სრულფასოვნად მივაღწიოთ ჩვენს საბოლოო მიზნებს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები