საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრები ზვიად შალამბერიძე და გრეტა წიწავა ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წლის აჯანყებისას გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
კუნძულ ტექსელზე, ქართველთა სასაფლაოზე მონუმენტის აღმართვის იდეის ავტორი, ფინანსური მხარდამჭერი და ღონისძიების ორგანიზატორი ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი თინათინ სვანიძე-ვენკოა. მას იდეის განხორციელებაში ტექსელის მერიამ, ნიდერლანდების თავდაცვისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა დაუჭირა მხარი.
აღნიშნული ღონისძიება ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მე-80 წლისთავს, ასევე, ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრისა და ამსტერდამის ჯვართამაღლების ეკლესიის დაფუძნების 10 წლის იუბილეს.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საერთაშორისო დელეგაციების, კუნძულ ტექსელის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ტექსელის აჯანყებაში დაღუპულ მეომართა შთამომავლები.
ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა (ბოგვერაძემ).
ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.







