Sunday, April 13, 2025
2.8 C
Tbilisi

ინოვაციების სექტორი საქართველოში მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს – პირველი სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები განიხილა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანია საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის გაუმჯობესების გზაზე. სტარტაპები – განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ, მწვანე და ციფრულ სექტორებში – ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ძრავას წარმოადგენს. კანონპროექტი, ასევე, მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნაწილში, რომლითაც ხელი შეეწყობა ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქტების წარმოებასა და კომერციალიზაციას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, უნდა გადაიხედოს ინოვაციური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა, მათ შორის, კვლევებისა და ინოვაციების მარეგულირებელი ჩარჩო და ინფრასტრუქტურა.

ჩვენ ვსაუბრობთ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე, მაგრამ რეალურად, ეს არის არა ვალდებულება, არამედ, შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის, რათა განვახორციელოთ ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული მიზანი – ეკონომიკის გაძლიერება და ეკონომიკური დოვლათის, კეთილდღეობის დაგროვება ქვეყანაში. ეს არის მომავალზე ორიენტირებული ინიციატივა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სხდომაზე საკითხი განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის ფარგლებში, ისეთი სტარტაპ გარემოს ფორმირების საჭიროებით, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი სტარტაპების დაფუძნებას, საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას, სტარტაპებში ინვესტიციების შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს საქართველოში უკვე დაფუძნებულ სტარტაპებს.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების აუცილებლობას განაპირობებს საქართველოში კვლევასა და განვითარებაში (R&D) ჩადებული ინვესტიციის ზრდის საჭიროება, რაც ერთი მხრივ, გაზრდის კერძო სექტორის პროდუქტიულობასა და საქართველოში შექმნილი პროდუქტების დამატებით ღირებულებას, და მეორე მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე.

ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური პოლიტიკის განვითარება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. არც თუ დიდი ხნის წინ, გადაიდგა პირველი ნაბიჯები და შეიქმნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც ემსახურება ქართული ეროვნული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას მრავალი მიმართულებით“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით სტარტაპებისთვის, რომელთათვისაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო საკუთარი ფინანსების გარდა შესაძლებლობა ჰქონოდათ დაეფინანსებინათ ასეთი ინიციატივები.

დაინერგა და დღესაც წარმატებით ხორციელდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებულია 264 სტარტაპი, საუბარია სახელმწიფოს მხრიდან 43 მლნ ლარის ინვესტირებაზე. ამ სტარტაპების მხოლოდ ნაწილმა, რომელიც დღეს, თავიანთი პროდუქტების განვითარების აქტიურ ფაზაშია – მოახერხა ბოლო პერიოდში 0,5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიციისა და შემოსავლის გენერირება. მათ შექმნეს 4000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მომხსენებლის განცხადებით, ქართული ინოვაციური ეკოსისტემა ყალიბდება, როგორც გლობალურ მოთამაშედ საქართველოში, ასევე, წამყვან მოთამაშედ რეგიონში.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა განმარტა, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭება იურიდიულ პირს, რომელიც ქმნის ინოვაციურ პროდუქტს. ამ სტატუსის მინიჭება ხდება 1 წლის ვადით და ყოველწლიურად მოხდება ამ სტატუსის განახლება. ჯამში სტატუსის მოქმედების ვადა არ აღემატება 10 წელს, რომლის განმავლობაშიც გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები.

სტატუსის მინიჭებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. მომდევნო 4 წლის განმავლობაში 5%-იანი საშემოსავლო და 5%-იანი მოგების გადასახადი, ხოლო შემდეგი 4 წლის განმავლობაში, 10%-იანი საშემოსავლო და 10%-იანი მოგების გადასახადი ექნება.

მომხსენებლის ინფორმაციით, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, ამოცანას წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება იმისთვის, რომ ინვესტიცია მოახდინონ კვლევასა და განვითარებაში, ამიტომ, ცვლილებების შესაბამისად, მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზიდან გამოიქვითება კვლევასა და განვითარებაში დახარჯული თანხის სამმაგი ოდენობა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები