პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე სამ პროექტს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას.
პროექტი ითვალისწინებს მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგნის გაფართოებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებაში განსაზღვრულია მაუწყებლების მიერ უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების საკითხის მოწესრიგება.
მომხსენებლის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა, წარმოდგენილი პროექტის მიღებით შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება, რაც შეამცირებს უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენას.
კანონპროექტის თანახმად, შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისა).
კანონპროექტით ზუსტდება მაუწყებლების მიერ სოციალურ რეკლამაში პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების დაუშვებლობა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში კიდევ ერთი ცვლილება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ წარადგინა.
პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს კულტურულ-შემოქმედებითი რადიო მაუწყებლობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
პარლამენტმა სამივე პროექტის მიღებას მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.