საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი პეტრ სვობოდა და JFTC-ის წვრთნებისა და სწავლებების განყოფილების წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ლადისლავ სვეზდა იმყოფებოდნენ. ნატოელ სტუმრებს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უმასპინძლეს.
ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ საინფორმაციო ბრიფინგზე მათ JTEC-ის ისტორია, ამოცანები, განხორციელებული პროექტები და გეგმები გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრს (JFTC) შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა, JTEC-ის განვითარების პროცესში JFTC-ის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა სწავლება „ნატო-საქართველო 2025“, რომელიც საქართველოში მიმდინარე წელს ჩატარდება. ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მიიღო სწავლების დაგეგმვისა და მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, რომელიც დასკვნით ფაზაშია.
საქართველოში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. სტუმრებმა JTEC-ის შემადგენლობაში არსებული საბრძოლო მომზადების ცენტრიც (CTC) მოინახულეს.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) პოლონეთში მდებარე ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრთან (JFTC) მჭიდრო თანამშრომლობა 2017 წელს მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. 2020 წელს მათ შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.