საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-ში, ტეხასის შტატში გამართული საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან ღირსეული გამარჯვებით დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა 18 ოქროს, 11 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სამხედრო პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე დახვდნენ, ღირსეული გამარჯვება მიულოცეს და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს.
საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშები ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ ისეთ სახეობებში ასპარეზობდნენ, როგორიცაა: მშვილდოსნობა, ველორბოლა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა – ბირთვის და ბადროს სროლა, ძალოსნობა, ცურვა, სირბილი, სროლა შაშხანით და პისტოლეტით, მჯდომარე კალათბურთი, მჯდომარე ფრენბურთი.
პარასპორტული ღონისძიების მიზანს წარმოადგენს დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს შორის პრობლემების დაძლევაში გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან კომუნიკაციის დამყარება, რაც ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.