GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი აცხადებს, რომ რეგიონის სომხურენოვან საჯარო სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეებმა თავიანთ მშობლიურ ენაზე ისწავლონ ყოველგვარი შეფერხების გარეშე და ამავე დროს, საფუძვლიანად შეისწავლონ საქართველოს სახელმწიფო ენა.
დირექტორის თქმით, ახალქალაქის რაიონში მცხოვრები მისი თაობა ასეთ შესაძლებლობას მოკლებული იყო, დღევანდელ თაობას კი, ყველანაირი ხელშეწყობა აქვს იმისათვის, რომ საქართველოშივე იყოს წარმატებული და არ იფიქროს ქვეყნიდან წასვლაზე.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენს სკოლას სწავლის კარგი ტრადიცია აქვს, გვყავს მედალოსნები, გასულ წელს 8 გვყავდა, 4 ვერცხლის, 4 ოქროს და რვავემ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, ერთმა რუსეთში, ერთმა სომხეთში, დანარჩენმა საქართველოში და უფასოდ სწავლობენ, ეს ჩვენი სკოლისთვის დიდი შედეგი და წარმატებაა, ამით მასწავლებლების მუშაობის შეფასებაც ხდება. საერთო ჯამში, 2023-2024 სასწავლო წელი 28 მე-12 კლასელმა დაამთავრა, მათგან 20 გახდა სტუდენტი, 14 საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

ჩვენ მივესალმებით მეტ ინტეგრაციას, სახელმწიფო ენის ცოდნა ყველაფერში საჭიროა, თუმცა არავინ ზღუდავს ჩვენს მშობლიურ ენას და კულტურას, ტრადიციებს, პირიქით, ის ფაქტი, რომ ამდენი სომხურენოვანი საჯარო სკოლაა რეგიონში, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქართული სახელმწიფო მზრუნველობას იჩენს ჩვენდამი და მომავალ თაობას სომხურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ხაზს ვუსვამ, ქართული ენის სწავლა გარდაუვალი აუცილებლობაა, თუ გინდა რომ სრულად იყო ინტეგრირებული ქვეყნის ცხოვრებაში. რა სჯობს, ახლა სკოლაში გამოიყენოს ბავშვმა სახელმწიფო ენის სწავლის ეს დიდი შესაძლებლობა თუ წინა ან ჩვენი და შემდგომი თაობების მსგავსად იცხოვრონ და ჩემსავით გვიან მოუწიოთ ქართული ენის სწავლა. მე 40 წლის ასაკში შევუდექი ქუთაისში, ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირებისსკოლაში ქართული ენის შესწავლას და ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.

„ჩემი მოსწავლეობის დროს კვირაში ერთი ან ორი საათი ეთმობოდა ქართულ ენას, პრაქტიკულად მასწავლებელი არ გვყავდა, უფრო სწორად გვყავდა ქალბატონი, რომელმაც მხოლოდ ასო-ბგერები და მცირე ქართული იცოდა, ასეთ პირიბებში რა გასაკვირია, რომ ჩემმა თაობამ არ იცოდეს სახელმწიფო ენა, თან ამ ერთი და ორი საათის ჩატარებაც არ იყო აუცილებელი, ფაკულტატურულ საგნად ითვლებოდა, რომელიც შეგეძლო ან ჩაგეტარებინა, ან არა. ახალი თაობა უკვე სულ სხვა პირობებშია, სწავლება დახვეწილია, რესურსები მრავალფეროვანი, პროგრამები საინტერესო. ამას ემატება ექსკურსიები, ბანაკები. მინდა ვთქვა, რომ განვითარების დღევანდელი ტემპიდან გამომდინარე, შეცვლილია აზროვნება, მენტალიტეტი და ყველაფერი ეს ერთად აღებული განაპირობებს იმ შედეგს, რომელიც გვაქვს. ჩვენს თაობას კი, სამწუხაროდ, არ ჰქონდა ინტეგრირების საშუალება. ისინიც კი, რომელთაც ყველაზე კარგი პერსპექტივა გააჩნდათ, ისინიც კი მიდიოდნენ ქვეყნიდან რუსეთში, სომხეთში, რადგან აქ პერსპექტივა არ ჩანდა. ახლა კი პერსპექტივა გაჩნდა და ძალიან ბევრი რჩება ადგილზე. მთავარია, ახალგაზრდები აქ დამკვიდრდნენ, სოფელში, ოჯახში. ეს სხვას კარგ მაგალითს მისცემს.

ბავშვები უყურებენ, რომ მათზე უფროსი კლასელები თბილისში მიდიან, სტუდენტები ხდებიან, ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს და ბრუნდებიან უკან, შოულობენ სამსახურებს და ეს დიდი მოტივაციის საფუძველია მოზარდებისთვის. ზოგი თბილისშიც რჩება სამუშაოდ, მაგრამ უმჯობესია მაინც ახალქალაქს დაუბრუნდნენ. თბილისში განათლებამიღებულთა უმრავლესობა უკვე საავადმყოფოებში, ბანკებში, იუსტიციის სახლში, სკოლებში განაგრძობენ საქმიანობას, ეს კი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიდი მაგალითის და სტიმულის მიმცემია სხვებისთვის. მთავარია, რომ ასე გაგრძელდეს ეს პროცესი და არ შენელდეს.
„მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით, და აღვნიშნო ბილინგვური სწავლების შესახებაც, რომელიც ჩვენს სკოლაში სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება, რაც უდავოდ კარგი შედეგის მომტანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა არარატ ელიზბარიანმა.

მისივე განცხადებით, კარტიკამის საჯარო სკოლას სპორტული მიღწევებითაც გამორჩეული ადგილი უკავია მუნიციპალიტეტში.
„კარტიკამის საჯარო სკოლას, სოფელს, სპორტის მიმართულებით ძალიან კარგი ტრადიცია აქვს, განსაკუთრებით, კრივის სახეობაში. ბავშვები აქტიურად არიან ჩაბმული სპორტში, არ ეწევიან, არ სვამენ და სრულიად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. შედეგიც შესანიშნავი აქვთ. ზოგადად, ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა დიდი წარმატებით კრივში. გვყავს როგორც საქართველოს, ისე ევროპის ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონიც კი. 60-ზე მეტი მოზარდი სკოლის სპორტდარბაზში ვარჯიშობს კრივში, ამდენიევ ქალაქის სპორტკომპლექსში დადის. მოკლედ, ძალიან დიდი წარმატება გვაქვს, როგორც სწავლების, ისე სპორტის მიმართულებით“, – განუცხადა GUARDIANGE-ის არარატ ელიზბარიანმა.
დირექტორის თქმით, კარტიკამის საჯარო სკოლა, რომელიც წლების წინათ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში კაპიტალურად აღადგინეს, ავტორიზაციისთვის მზად არის.
„ახალქალაქის სკოლების ავტორიზაციის გავლა უკვე დაიწყო, ჩვენი სკოლა ალბათ 2026 წლიდან გააკეთებს განაცხადს ამ კუთხით. სკოლის ინფრასტრუქტურა სრულადაა გამართული, მიღებული გვაქვს ნოუთბუქები, პრინტერები. დოკუმეტაცია ისე გვაქვს მოწესრიგებული, რომ მონიტორინგზე მოსულები გაოცებული დარჩნენ, ასეთი მომზადებული სკოლა ჩვენ არ შეგვხვედრიაო, ყველა დოკუმენტაცია, რაც მოითხოვეს, მყისიერად წარვუდგინეთ, ელექტრონულ ბაზაში გვაქვს ყველაფერი თავმოყრილი, მოკლედ, ძალიან კმაყოფილი დარჩა მონიტორინგის ჯგუფი და ისიც გვითხრეს, რომ ქართულ სკოლებშიც კი არ არისო ასე კარგად მოწესრიგებული დოკუმენტაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლა მზად არის ავტორიზაციისთვის და დარწმუნებული ვარ, სათანადო, დადებით შეფასებასაც მივიღებთ, როცა ამის დრო დადგება“, – უთხრა GUARDIANGE-ის დირექტორმა.
არარატ ელიზბარიანის ინფორმაციით, კარტიკამის საჯარო სკოლაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ფილიალი ფუნქციონირებს და ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი, ქეთევან ნასყიდაშვილი უკვე 2015 წლიდან სახელმწიფო ენას მოზარდებთან ერთად თემის წარმომადგენლებსაც ინტენსიურად ასწავლის.
„განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლაში გვაქვს ფართი გამოყოფილი. მოდიან ჩვენი თემის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, ქალები, მეცადინეობა იწყება 18:30 საათზე და კარგა ხანს გრძელდება, კვირაში სამი დღე მიმდინარეობს მეცადინეობა, თემის წამომადგენლები A1 დონეზე არიან, მოსწავლეები კი B1 პროგრამებსაც გადიან. B1 დონე უკვე გვყავს 9 ბავშვი და ჩვენს სკოლაში გაიარეს სამოქალაქო განათლება, ჯანდაცვა, ტურიზმი, ბავშვებმა B1 გაიარეს და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ უფლება დარგობრივი მიმართულებები გაიარონ. ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობდნენ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ინიციატივით მოწყობილ ბანაკში და ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე იყო ნელი ყაფლანიანი. ბანაკში მისით აღფრთოვანებული დარჩნენ და თქვეს, რომ არაქართულენოვანი სკოლებიდან ქართულ ენაზე ასე კარგად მოსაუბრე ბავშვი არ ენახათ“, – აღნიშნა არარატ ელიზბარიანმა.

ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანმა მასწავლებელმა, ქეთევან ნასყიდაშვილმა კი დაამატა: „სახელმწიფოებრიობის შეგრძნება გაჩნდა, დაინახეს ქართული ენის ცოდნის საჭიროება. ამ მხრივ მათ ყოველდღიურობაში აქვთ შემხებლობა, ეხება ეს ჯანმრთელობის საკითხს, საჯარო მოხელეებთან ურთიერთობას თუ სხვა რამეს, ასევე გაჩნდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გარეთ გასვლის სურვილი, როცა მაგალითად თბილისში მიდიან ექიმთან, მასთან ურთიერთობა უჭირთ, ხედავენ, რომ თუ უნდათ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები იყვნენ, იმ ენას უნდა ფლობნდნენ, სადაც ცხოვრობენ. საინტერსო რა არის იცით? თვითონევ უკვირთ, ამდენ ხანს რატომ არ ვისწავლეთო. აი, ხომ 15 წელზე მეტია აქ ვარ, ამ სოფელში, რატომ ამდენ ხანს არ გაგვიჩნდა სურვილი, რომ შეგვესწავლაო ქართული ენა. იმდენად გალღვა ყინული, რომ…

საუბარში დირექტორი, არარატ ელიზბარიანი ჩაერთო: „საქმე იმაშია, რომ ადრე მასწავლებელი არ იყო სკოლაში, ურთიერთობა არ იყო საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან, საბჭოთა პერიოდში ახალქალაქში თავად ქართველები რუსულ სკოლაში სწავლობდნენ და წარმოიდგინეთ მათაც კი არ იცოდნენ ქართული. ახლა სრულიად შეიცვალა მდგომარეობა, დამყარდა გაცილებით მეტი ურთიერთობა ქართველებსა და სომხებს შორის, სკოლებში ინტენსიურად ისწავლება ქართული ენა, 5 საათი ეთმობა კვირაში, კარგი სპეციალისტები მოვიდნენ სკოლებში და შესაბამისად, შედეგებიც კარგია, როგორც სკოლის მოსწავლეებში, ისე თემში“, – განაცხადა არარატ ელიზბარიანმა.
ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებლის, ქეთევან ნასყიდაშვილის თქმით, მას უკვირს იმ ახალგაზრდების, რომლებიც სკოლის პერიოდში არ სწავლობდნენ ქართულს და ახლა გაუჩნდათ მისი შესწავლის სურვილი.

„გასაგებია, ვინც ბანკში ან საავადმყოფოში მუშაობს, მას ჰქონდეს ენის სწავლის სურვილი, რადგან უკვე ამის მოთხოვნა და საჭიროებაა, მაგრამ მე მიკვირს იმ ახალგაზრდების, რომლებიც სკოლის პერიოდში არ სწავლობდნენ და ახლა გაუჩნდათ სურვილი, რომ მოვიდნენ და ისწავლონ. ერთ-ერთმა მითხრა: მრცხვენია, შვილს ვერ ვეხმარებიო, შვილი რომ სწავლობს და მეკითხება, არ ვიცის, ვერ ვეუბნებიო და ამ მდგომარეობამ გადააწყვეტინა ჩვენთან მოსვლა, რომ თავადაც ისწავლოს. მე მას ავუხსენი, რომ ეს ძალიან კარგია, როცა შენ გაქვს იმის აღქმის უნარი, რომ შვილის წინაშე არ შერცხვე. უკვე შვილის გაკვეთილებსაც აქ ვასწავლი, რომ მერე თავად აუხსნას მას. 2015 წლიდან ვარ ჩართული ჟვანიას სკოლის ეგიდით წარმართულ პროგრამაში, რომელიც ყოფილი ენის სახლების ბაზაზე გაიხსნა, ენის სახლებში კი, მე ვიყავი კოორდინატორი ჯერ ახალქალაქში, შემდეგ ნინოწმინდაში. ორი ჯგუფი მყავს, რომელშიც კარტიკამის მცხოვრებლები არიან ჩართული. ერთი პერიოდი მომიწია მეზობელ სოფელში, ხულგუმოში მუშაობა.

აქვე ერთ საინტერესო ამბავსაც გეტყვით, მე მყავდა ერთი მოსწავლე, რომელმაც გაიარა ქართული ენის არაერთი საფეხური, მაგრამ ქართულად ვერ მეტყველებდა, გამოცდას აბარებდა, მაგრამ ურთიერთობაში, ჩემთანაც კი საუბარი უჭირდა, რადგან რცხვენოდა. სანწუხაროდ, ენის შესასწავლად შესაბამისი გარემო არ აქვთ ბავშვებს, თემის წარმომადგენლებს. კარგი იქნება თუკი ინტეგრირებული ბანაკები ბევრი მოეწყობა. ამ ბავშვებს აქვთ პასიური ლექსიკური მარაგი, ძალიან დიდი და როგორც კი მოხვდებიან ქართულ გარემოში, ამოტივტივდება ეს ნასწავლი სიტყვები და აქტიურად ალაპარაკდებიან. ერთ-ერთი ბავშვი ქუთაისის ბანაკში იყო წასული, მეც ვახლდი, რომ ბავშვს თავი უცხოდ არ ეგრძნო ქართულ გარემოში, სომხურად დაველაპარაკე, შემარცხვინა, გამართული ქართულით მიპასუხა, როგორც კი იქ მოხვდა, რადგან მათ ლიდერები ჰყავდათ ქართველები, ლიდერებთან ურთიერთობით ენა გაწაფა და თავისუფლად დაიწყო საუბარი. აი, ეს აკლიათ ადგილობრივ ბავშვებს, ეს აკლია ამ თემს. დიდებიც იძახიან, მასწავლებლებიც კი, ბ1 დონე უკვე ძალიან ბევრმა აიღო ჩვენს სკოლაში, თითქმის ყველამ, მაგრამ გარემო არაა შესაბამისი“- აღნიშნა ქეთევან ნასყიდაშვილმა.
GUARDIANGE-ის შეკითხვაზე – რამდენად შეძელით იმ ჩანაფიქრის განხორციელება, რაც სკოლის დირექტორად დანიშვნის პირველ წლებში გქონდათ? – არარატ ელიზბარიანმა უპასუხა, რომ ყველაზე მთავარი სირთულეები წარსულს ჩაბარდა.

„ადრე ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ საბედნიეროდ, სირთულეები უკვე უკანაა მოტოვებული. თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლა გაუბედურებულ მდგომარეობაში იყო, რომ იტყვიან ატალახებული მქონდა განათლების სამინისტრო თხოვნით, რომ კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაეტარებინათ. წინა ხელისუფლების განათლების ერთ-ერთ მინისტრს გაგონებაც არ უნდოდა ამ პრობლემის, მაგრამ არ გავჩერდი, ბოლომდე ვიბრძოლე, რათა დაფინანსება მომეპოვებინა და ბოლოს და ბოლოს ეს ნანატრი დღეც დაგვიდგა, სკოლა კაპიტალურად გარემონტდა.
„ყველა დირექტორის სურვილია, რომ კოლექტივი იყოს ერთმანეთთან შეწყობილი, ჯგუფურ მუშაობაში ჩართული და მაქსიმალურად გადასცენ ცოდნა ბავშვებს, რადგან სკოლაში ყველაფერი მათთვის კეთდება. მარტო ის კი არაა მთავარი, რომ ჩვენმა კურსდამთავრებულებმა მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღება შეძლონ, არამედ, ამაზე უფრო მთავარია, ისინი კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ჩემთვის ესაა უმთავრესი და ის, რომ ისინი ჩართული იყვნენ ამ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, როგორც კარგი, სამაგალითო ადამიანები. ჩვენთან წესები და ადათები კარგადაა შენარჩუნებული, ჩვენი და ქართველების ცხოვრება ძალიან მსგავსია. ჩვენი ბავშვები ქართული სკოლების მოსწავლეებთანაც ჩართული არიან პროექტებში, მაგალითად ერთად მოამზადეს კერძები, ასევე ესეები, ლექსები, სიმღერები და ეს ურთიერთობა უფრო ღრმავდება. ჩვენი მიზანია, რაც კი ბავშვებს უკავშირდება, ყველაფერი იყოს უმაღლეს დონეზე“, – უთხრა GUARDIANGE-ის დირექტორმა.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს და ადგილობრივი რესურსცენტრის მხრიდან თანადგომას მუდამ გრძნობენ, რაც დასაფასებელია.
„მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფ ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მის ხელმძღვანელს, ქალბატონ თერეზა ჩივჩიანს. რა საჭიროებაც გააჩნია სკოლას, მაქსიმალურად გვიდგანან გვერდში“, – აღნიშნა კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორმა, არარატ ელიზბარიანმა.
დაბლა ვიდეოში: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, მილენა ელიზბარიანი სამცხე-ჯავახეთის არტეფაქტების შესახებ პრეზენტაციას მართავს
დაბლა ვიდეოში: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი მე-12 კლასში წარმოადგენს პრეზენტაციას მესხური ოდა-სახლების შესახებ.
სტატია – ქეთევან ნასყიდაშვილის 16 წელი კარტიკამის საჯარო სკოლაში – ქართული ენის წამყვანი მასწავლებლის რთული და წარმატებული გზა სკოლისა და თემის ცხოვრებაში – იხილეთ ბმულზე