Tuesday, March 25, 2025
12.3 C
Tbilisi

ქეთევან ნასყიდაშვილის 16 წელი კარტიკამის საჯარო სკოლაში – ქართული ენის წამყვანი მასწავლებლის რთული და წარმატებული გზა სკოლისა და თემის ცხოვრებაში

GUARDIANGE – 2001 წელს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში, სამიზნე ჯგუფებისთვის ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შესასწავლად ასული ახალგაზრდა ქალბატონი, ქეთევან ნასყიდაშვილი, სამცხე-ჯავახეთის უმკაცრესი კლიმატური პირობებით გამორჩეულ ახალქალაქში ხანგრძლივად დარჩა სამუშაოდ და მისი ამ მხარეში თავდაპირველი მისიის შესრულების შემდეგ, საქმიანობა კარტიკამის საჯარო სკოლაში განაგრძო, სადაც იგი უკვე მე-16 წელია წარმატებით ასწავლის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეებს და თემის წარმომადგენლებს საქართველოს სახელმწიფო ენას.

თავისი ბავშვობისდროინდელი ოცნების ასრულება, გამხდარიყო პედიატრი, ვერ მოხერხდა, მაგრამ ბავშვებისადმი მისი სიყვარული იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ 30 წლის ასაკში პედაგოგის პროფესიის არჩევა და სტუდენტობა გადააწყვეტინა.

დღეს იგი თავს ბედნიერად გრძნობს, რადგან აცხადებს, რომ კარტიკამის საჯარო სკოლაში მუშაობამ თავისი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენების საშუალება მისცა. ქალბატონი ქეთევანი ფიქრობს, რომ მიუხედავად არაერთი წარმატებისა, მისი მისია ჯერ არ ამოწურულა და თუკი ჯანმრთელობა შეუწყობს ხელს, კვლავ დიდი შემართებით აპირებს მომავალი თაობების აღზრდას.

რამდენად რთული აღმოჩნდა კარტიკამის საჯარო სკოლაში, უცხო გარემოში მუშაობის პირველი წლები და როგორ გადალახა სირთულეები, რამ მისცა ძალა, ოჯახისგან მოწყვეტილს, ამდენი წელი დარჩენილიყო მისთვის უცხო, ეთნიკურად სომხებით დასახლებულ სოფელში, რომელსაც დღეს იგი უკვე მშობლიურ სოფლად მიიჩნევს, და როგორი გავლენა იქონია სკოლის დირექტორის, არარატ ელიზბარიანის უპირობო მხარდაჭერამ, ასევე, მის მიმართ თემის დამოკიდებულებამ, რას განიცდის, როდესაც ქართველ და სომეხ ერებს შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობას აქვს ადგილი და რას ურჩევს ქართველებს სომხების უკეთ გასაცნობად, ასევე, როგორ ესახება სამცხე-ჯავახეთის, საქართველოს ამ ძალზე გამორჩეული, უძველესი ისტორიის მქონე და იდუმალებით მოსილი მხარის უფრო მეტად წინ წაწევა და განვითარება, ამას მასთან ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ახალი ამბების სააგენტო GUARDIANGE გთავაზობთ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვან მასწავლებელთან, ქალბატონ ქეთევან ნასყიდაშვილთან ინტერვიუს, რომელიც კარტიკამის საჯარო სკოლაშია ჩაწერილი. ინტერვიუს ბოლოს, ასევე წარმოგიდგენთ სკოლაში გადაღებულ რამდენიმე საინტერესო ვიდეომასალას.

GUARDIANGE: ქალბატონო ქეთევან, პირველი რიგში დიდი მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალება მოგვეცა. შესაძლოა, პირელი შეკითხვა ტრაფარეტული იყოს, მაგრამ ვფიქრობთ, ამ შეკითხვაზე – რა გზა განნვლეთ – პასუხის გაცემაში გაცილებით უკეთესად იკვეთება პიროვნება. რატომ აირჩიეთ მასწავლებლის პროფესია, როდის დაფიქრდით პირველად, რომ უნდა ყოფილიყავით მასწავლებელი და რა გზა განვლეთ კარტიკამის საჯარო სკოლამდე თუ შემდგომ წლებში?

ქეთევან ნასყიდაშვილი: გულახდილად რომ გითხრათ, მე პედაგოგობაზე არ ვფიქრობდი. მინდოდა მიკრო პედიატრი გავმხდარიყავი. პატარაობისას ცოტა პრობლემური ბავშვი ვიყავი, ხშირად ვცივდებოდი და სულ ვთამაშობდი ექიმობანას. სამწუხაროდ, პირველ წელს ვერ ჩავირიცხე და მომიწია პროფესიის შეცვლა, ჯერ ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, მოგვიანებით კი პედაგოგიური, რომ გავმხდარიყავი მასწავლებელი, რათა ბავშვებთან მქონოდა ურთიერთობა. თავდაპირველად, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დავამთავრებისთანავე, გორის ბამბეული კომბინატის საქსოვი ფაბრიკის ფილიალი გაიხსნა, სჭირდებოდათ ადგილობრივი სპეციალისტები და მე გამაგზავნეს, სამი წელი ვიმუშავე ფაბრიკაში, ვიყავი საქსოვი საამქროს უფროსი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაიშალა ფაბრიკაც და მომიწია პროფესიის შეცვლა. არ მინდოდა უდიპლომოდ დროებით სადღაც მემუშავა, ამიტომ გადავწყვიტე ისეთი პროფესიის არჩევა, რომელიც ჩემთან უფრო ახლოს იქნებოდა. ინჟინერია ნამდვილად არ იყო ასეთი პროფესია, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან უამრავი მეგობარი შევიძინე, ქუთაისი არის ჩემი მშობლიური ქალაქი  და დღემდე მაქვს ურთიერთობა ამ ქალაქთან, წელი არ გამოგვიტოვებია, ბავშვები რომ არ წამეყვანა ქუთაისში და არ მოგვენახულებინა ისტორიული ძეგლები – ბაგრატი, გელათი, მოწამეთა, სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ნიკო ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, ვანის ქვაბები და ა.შ. ძალიან სასიამოვნო და ტკბილი მოსაგონარია ეს პერიოდი ჩემთვის… მოკლედ, როდესაც დავფიქრდი, რა უნდა მეკეთებინა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემეცვალა პროფესია და დამემთავრებინა პედაგოგიური ინსტიტუტი. დედამთილი დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო და მანაც მომცა მოტივაცია, გამამხნევა, მხარში დამიდგა, ცოტა უხერხული იყო 30 წლის ასაკში ისევ სტუდენტი გავმხდარიყავი, ორი შვილი უკვე მყავდა, მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი, შევეჭიდე, სწავლა არ იყო პრობლემა, მასწავლებლის პროფესიის ათვისებაში კი, ჩემი დედამთილი მეხმარებოდა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში დავიწყე ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა, დაწყებით კლასებში, მაშინ კლასები ჯერ კიდევ იყოფოდა, თუკი 30 ბავშვი იყო, და მე განაყოფ კლასებში ვასწავლიდი, მერე კლასები ისევ შეერთდა და მე როგორც ახლად მისულს, სკოლის დატოვება მომიწია, სამუშაოს მიღების მიზნით, განცხადებით მივმართე მაშინდელ განათლების განყოფილებას, რეგიონულ სამმართველოს და მეორე დღესვე გამომიძახეს, ჩემდა ბედად აღმოჩნდა სპეციალისტის ვაკანსია სამმართველოში, გვევალებოდა რეგიონის სკოლების კურირება, ჩემი ზონა იყო ბორჯომი და ახალციხე, გვყავდა არაჩვეულებრივი  განათლების განყოფილების გამგე, აწ გარდაცვლილი ბატონი ზაურ ქურდაძე, რომელმაც მასწავლა ყველა ის ნიუანსი, რომელიც უნდა გამეთვალისწინება განათლების სისტემაში მუშაობის პერიოდში. მან დიდი ამაგია გასწია იმისათვის, რომ ჩემი საქმე კარგად შემესწავლა, დღემდე მადლიერი ვარ მისი, ჩემს უფროს მეგობრებს შორის ერთ-ერთი ბატონი ზაურ ქურდაძის დასახელება შემიძლია. ასევე ვიმუშავე ბატონ უჩა ბლუაშვილთან, სამწუხაროდ იგი სულ ახლახან, ერთი თვის წინ გარდაიცვალა. ისიც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ძალიან ობიექტური, სამართლიანი, პირდაპირი. ყველას ეგონა, რომ ამ ადგილას ვინმეს დახმარებით, ასე ვთქვათ, ჩაწყობით და მაქინაციებით მოვხვდი, როგორც ეს ხშირად ხდებოდა, ამ დროს კი, სიმართლეს ვიტყვი, გულწრფელად ვიტყვი, რომ ბატონ უჩასთან სიტყვაც არ დამისველებია, გვარი და სახელი იცოდა მხოლოდ ჩემი, ასე ალალბედად, სუფთად მიმიღო და ბოლომდე ასე გაგრძელდა ჩვენი თანამშრომლობა.

ამ პერიოდში გამოჩნდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ-ერთი იყო სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი, ბატონი შალვა ტაბატაძე გახლდათ მისი ხელმძღვანელი და მან გამოაცხადა კონკურსი არაქართულენოვან რეგიონებში მოხალისე მასწავლებლების გასაგზავნად, ერთ-ერთი აღმოვჩნდი მეც. სიმართლე რომ გითხრათ, მე მერჩია ახალციხეში მუშაობა, რადგან ოჯახი და შვილები იქ მყავდა, მაგრამ ბატონმა შალვამ მთხოვა, რაკი სომხური ენა ვიცოდი, წავსულიყავი ახალქალაქში. ხელი შემიწყვეს სამმართველოდან და ჩემი საკურატორო რეგიონები – ბორჯომი და ახალციხე შემიცვალეს ნინოწმინდით და ახალქალაქით, სადაც 2001 წელს ამოვედი. აქაც ძალიან თბილი და კარგი გარემო დამხვდა. არ დამავიწყდება ბატონი ნარცის კარაპეტიანი, ადამიანი, რომელიც ქართულ ენასთან ასოცირდება ჩემთვის ჯავახეთში, მამა ჰყავდა ფილოლოგი, მწერალი, ბიძა ქართული ენის მასწავლებელია და წლების განმავლობაში მუშაობდა ქართულ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად, თვითონ იყო არაჩვეულებრივი პიროვნება და ყველანაირად მხარში გვედგა ჩამოსულ მასწავლებლებს, თუკი რამეში გვჭირდებოდა დახმარება, ამ სკოლაში მოსვლაც სწორედ ბატონი ნარცისის დამსახურებაა…

კარტიკამის სკოლაში მუშაობის დაწყებამდე, 2009 წლამდე, ჯერ სხვა გზის გავლა მომიწია, 2001 წელს აქ ჩამოვედით პროგრამით არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით – ახალქალაქში გაიხსნა ენის სახლი, გახლდით ენის სახლის კოორდინატორი და პარალელურად მყავდა რამდენიმე ჯგუფი, საავადმყოფოში მედიკოსები და ჟანდარმერიაში, მაშინ ასე ერქვა, მეორე ჯგუფი და ამ ორ ჯგუფს ვასწავლიდი ქართულ ენას. ამ დროს, 2000-იანი წლებიდან, ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება სახელმწიფო ენის მიმართ, უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ქვეყნის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეგიონში სახელმწიფო ენა ყოფილიყო მთავარი ენა, დოკუმეტაციის ძირითადი ენა, აქ რუსული და სომხური ენები დომინირებდა და არა ქართული. როცა ჩვენ ჩამოვედით, აქ მხოლოდ ენის სწავლების პრობლემა არ იყო, ბევრი სხვა წინააღმდეგობა შეგვხვდა, შეიძლება ითქვას, რომ იყო დიდი აისბერგი ქართულ და არაქართულ მოსახლეობას შორის, გაუცხოება, უნდობლობა ერთმანეთის მიმართ. მე არ მავიწყდება, სკოლაში ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა, თქვენისთანა ქართველი ორი არ გვინახავს ერთად მოსულიო, თუ ვინმე ჩამოდიოდა, ეს იყო რევიზიაზე, არჩევნების პერიოდში ხმების ასაღებად და მეტი აქ ქართველი არ დადიოდა და ასეთ პირობებში, ადამიანებთან პირდაპირ ენის სწავლებით საქმის დაწყება ძალიან ძნელი იყო. ხმამაღლა შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ მართლა ვიყავით ელჩები, ჩვენ ახალქალაქის მცხოვრებლების დიდ ნაწილს გავაცანით საქართველოს კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო და ახლო ერები ვართ, ერთმანეთთან ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს, თუნდაც ლექსიკური ერთეულები, თუნდაც ტრადიციები, დღესასწაულები, დიდი მსგავსებაა, რომელიც თანდათანობით აღმოვაჩინეთ.

ჩემთვის უცხო არ იყო სომხური გარემო, რადგან ახალციხეში ბევრი სომეხი ცხოვრობს და მე მათ ვიცნობდი, მაგრამ მათ არ იცოდნენ ჩვენი და ვცდილობდით ერთად გვეკეთებინა ის საქმე, რომელიც წაადგებოდა ქვეყანას და ენის სწავლებამდე მიგვიყვანდა – ადგილობრივებს დავყვებოდით ექიმებთან, პოლიციაში, სასამართლოებში, როგორც თარჯიმნები, რომ თავიანთი პრობლემები მეტ-ნაკლებად მოგვეგვარებინა. ჯერ მოვიპოვეთ ნდობა, რომ ჩვენ აქ არ ვიყავით სამტროდ მოსული, პირიქით, გვინდოდა მათი დახმარება, იყო პოლიტიკური ინტერესები და გვებრძოდნენ, ასიმილაციას და ინტეგრაციას ერთმანეთში აიგივებდნენ, ბოლოს და ბოლოს დაიწმინდა ეს ამღვრეული წყალი და მივედით იმ დონემდე, რომ აგერ 2001 წლიდან დღემდე შედეგზე გავედით, მყავს 80 სტუდენტი ჩვენი სკოლიდან, მანამდე რამდენიმე პროექტის მონაწილე ვიყავი, ერთ-ერთი იყო აბიტურიენტების მომზადება და  მე გახლდით ეუთოს ამ პროექტის დირექტორი – აბიტურიენტებს ვამეცადინებდით ეროვნული გამოცდებისთვის და იქ დავინახეთ ჩვენი ჩართულობის უფრო დიდი საჭიროება, რომ არა დიდებს, არამედ ბავშვებს უფრო ვჭირდებოდით, თემსაც რა თქმა უნდა, მაგრამ თემში ცოტა ძნელია მუშაობა, ასაკობრივი ბარიერია, არაერთი წელი იყო გასული, რაც განათლებასთან კავშირი არ ჰქონდათ… ბავშვებთან რომ მივედი, მაშინ მივხვდი, რომ მე სკოლას უნდა დავბრუნებოდი. მხოლოდ თემში მუშაობა იმ შედეგამდე ვერ მიმიყვანდა, რაც  მე მინდოდა და როგორც კი გამოცხადდა ამ პროგრამის შესახებ, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა, თუმცა სახელი რამდენჯერმე შეეცვალა, იმ დღიდან, 2009 წლიდან, დღემდე აქ ვარ, კარტიკამში.

GUARDIANGE: ბუნებრივია, ზრდასრულ ადამიანებთან და მოსწავლეებთან მუშაობა ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. 2009 წლიდან პირველი 5-7 წელი და იმ პერიოდის ბავშვების აკადემიური მომზადება, გნებავთ ინტერესი მათი მხრიდან და დღევანდელი, ბოლო 5-7 წლის რომ შევადაროთ, რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ? როგორი გარემო დაგხვდათ სკოლაში და როგორ არის ეს გარემო შეცვლილი? დარწმუნებული ვარ, მოზარდ თაობაშიც არ იყო ასეთი ინტერესი თავდაპირველად, როგორც დღეს არის – გამომდინარე სხვადასხვა ობიექტური ვითარებიდან – სახელმწიფო ენის მეტად საჭიროებიდან სამსახურებში აყვანის დროს, უკვე სავალდებულოა სახელმწიფო ენის ცოდნა ნებისმიერ საჯარო სამსახურში, კერძო სექტორის დიდ სეგმენტში, ბანკებში და ალბათ, ამანაც უფრო მეტად გაზარდა მოტივაცია. თქვენმა ამ სკოლაში 16-წლიანმა მუშაობამ რა დაგანახვათ ამ მხრივ?

ქეთევან ნასყიდაშვილი: ერთ წელს მოგვთხოვეს სტუდენტების რა საერთო რაოდენობა იყო თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში წასული სასწავლებლად და დირექციასთან ერთად, დირექტორის, ბატონი არარატ ელიზბარიანის დახმარებით დავითვალეთ, დავიწყეთ მოძიება 2009-10 წლებიდან, რამდენი გვყავდა აბიტურიენტი. იმ წელს, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი ფაქტობრივად, ერთადერთი იყო, ბათუმში სწავლობდა, დანარჩენი ყველა მიდიოდა ან სომხეთში ან რუსეთში, და მხოლოდ ძალიან მცირე 2 ან 3 აბიტურიენტიღა თუ აბარებდა  სქართველოში. დღეს სიამაყით ვიტყვი, რომ უკვე 14-15-18 აბიტურიენტი გვყავს ყოველწლიურად, გააჩნია გამოშვებას, რამდენი მე-12 კალსელი ამთავრებს, მე მხოლოდ ჩემს სკოლაზე, კარტიკამზე ვსაუბრობ. გასულ წელს 28 კურსდამთავრებულიდან 14-მა ჩააბარა ქართულ უმაღლეს სასწავლებელში, ერთი წავიდა რუსეთში, ერევანში 4, წარმოიდგინეთ 28 ბავშვიდან 20 სტუდენტი გახდა და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ეს გაუგონარია, მე მეგონი ქართულ სკოლებშიც არ ხდება ასეთი რამ, რომ 28-დან 20 აბარებდეს. 72 თუ 73 ქულით ნელი ყაფლანიანი ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში – უნარებში მიიღო 73 ქულა, პირველ დონეზეა, საფეხურებად იყოფა A, B, C და A-ზე ზის ეს გოგონა და წარმატებით ართმევს თავს. ასეთები გვყავს უკვე 80-მდე, ნაწილი აქედან დაბრუნდა და შედგა პიროვნებებად, მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებებში, იუსტიციის სახლში, ბანკებში იურისტებად, ეკონომისტებად, საავადმყოფოებში ექიმებად, სკოლებში დაბრუნდნენ მასწავლებლებად, ეს დიდი რიცხვია ერთი სოფლისთვის, სადაც 520 კომლი ცხოვრობს. 520 კომლიდან 80 განათლებული ახალგაზრდა, ეს არის ჩვენი 15 წლის შედეგი.

კარტიკამის სკოლაში მუშაობის დაწყებიდან პირველი ორი წელი გამიჭირდა, პირველად და-ძმა წავიდა ახალციხის უნივერსიტეტში და შემდეგ უკვე დაიწყო ნელ-ნელა მატება. უფრო მეტს გეტყვით, ჩემთვის მთავარი რა იყო – მე-8, მე-9 კლასიდიან იწყებოდა გოგონების გათხოვების პროცესი, რადგან თავად მშობლები იღებდნენ გადაწყვეტილებას და ბავშვები ემორჩილებოდნენ მათ. 10 წელია ჩვენ ეს ფაქტი თითქმის არ გვქონია,  თუ იყო, მხოლოდ ერთი შემთხვევა, მანამდე კი, ძლივს ვაჩერებდით სკოლაში ბავშვებს, ყველა დანიშნული იყო და დღეს ეს ასე აღარ არის. ახლა, 25-26 წლის ახალგაზრდები აღარ ქორწინდებიან იმიტომ, რომ მათი მენტალიტეტი, აზროვნება სულ სხვანაირი გახდა, მათ უკვე გაიგეს ცხოვრების გემო, აქვთ სამსახურები, დადიან სამოგზაუროდ, შეეცვალათ ინტერესები. ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლე, პეტროს ამირხანიანი საზღვარგარეთაა წასული, თვინინგის პროგრამით და საერთოდ, ისეთ წარმატებებს აღწევენ ბავშვები, რამდენიმე დღის წინ კინგსში ინგლისურ ენაში დააჯილდოვეს ოქროს მედლით მე-8 კლასელი ანა ელიზბარიანი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს რა წარმატებაა, მაგრამ კარტიკამის საჯარო სკოლისთვის ეს არის დიდი წარმატება იმიტომ, რომ სოფელში, სადაც წლების განმავლობაში გერმანული ისწავლებოდა და სულ რაღაც 10 წელია რაც ინგლისურზე გადავედით, უკვე ოქროს მედალი აიღო ბავშვმა, ეს ცოტა არ არის. ახალ უკვე გვყავს ინგლისური ენის კარგი სპეციალისტები,  უფროსი მასწავლებლები არიან, საკმაოდ კარგად მუშაობენ, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სულ მალე გახდებიან წამყვანი მასწავლებლები, სკოლის გუნდი მიჰყავთ, ისეთები არიან.

GUARDIANGE: მომსწრე გავხდი, თუ როგორი თბილი დამოკიდებულება აქვთ თქვენ მიმართ ბავშვებს, კონკრეტულად მე-12 კლასელებს, ისინი სულ რამდენიმე თვეში დატოვებენ სკოლას და ახალ ცხოვრებას დაიწყებენ. ვფიქრობ, ეს სიხარულთან ერთად გარკვეულ გულისტკივილსაც ტოვებს. წლების განმავლობაში მიჰყვებით კლასს, შეზრდილი ხართ ბავშვებთან, თითქმის ოჯახის წევრებად არიან ისინი ქცეული. რა განცდას გიტოვებთ მათთან განშორება, რომელთაც ამდენი ხანი მოჰყვებით, ამხელა შრომას დებთ, აფრთიანებთ და ბოლოს ბუდიდან მიფრინავენ.

ქეთევან ნასყიდაშვილი: (იცინის) ასეთი უკვე 15 თაობა გავუშვით და მე-16 თაობას ვუშვებთ. მართლა ძნელია ჩემთვის ეს. ერთადერთი, რაც მასულდგმულებს, მახარებს და მაიმედებს, მათი წარმატებაა. მოსწავლე რომ დაგირეკავს და გეტყვის ტირილით, რომ მასწავლებელო მომენატრეთ და თქვენი ხმის გაგონება მინდოდაო, თან რომ გირეკავს დღისით, გაკვეთილების პერიოდში და იცის, რომ ამ დროს არ უნდა დარეკოს, ფაქტობრივად, მასწავლებელი ამ დროს მეორედ იბადები, დამერწმუნეთ… ახლაც მეტირება, თავს ძლივს ვიკავებ… ასეთები არაერთნი არიან და თითოეული ბავშვის წინსვლა მახარებს, ის რომ მანქანას გაგიჩერებს, ის რომ ქორწილში დაგპატიჟებს, ან დღეობაზე, ეს ძალიან ამაღელვებელია. პრაქტიკულად, მე ჩემი ცხოვრების ნახევარი გავატარე ამ თემში. მე თავს მივიჩნევ ამ თემის წარმომადგენლად, ერთადერთი სახლი არ მაქვს ამ სოფელში, თუმცა ნებისმიერი კარი რომ შევაღო, ნებისმიერ ოჯახში რომ მივიდე, მიმიღებენ ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს. მეზობლები მყავს არაჩვეულებრივი, გუშინ სკოლიდან დაღლილი ვბრუნდებოდი, არაფრით არ მომეშვნენ, სანამ ყავა არ შემომთავაზეს, ამ ხალხისგან ძალიან დიდი სითბო და ძალიან დიდი სიყვარული იგრძნობა. რა თქმა უნდა, იდეალური არსად არაფერია და ცუდიც ყველა თემში გამოერევა და რა გასაკვირია, რომ ამხელა თემშიც იყოს, მაგრამ ძირითადად მე რამაც გამაძლებინა და რის გამოც ვარ აქ, განაპირობა იმან, რომ თემი არის ჩემ მიმართ ძალიან კარგი განწყობით და აჩვენებს იმის სურვილს, რომ ისწავლოს, გამოგყვეს. თავდაპირველად მიჭირდა ჯგუფების შეგროვება. ჩემი მისია არ არის მხოლოდ გაკვეთილების ჩატარება, კლასგარეშე ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობა გვაქვს გაწერილი…

GUARDIANGE: ალბათ ექსკურსიები გამორჩეულ როლს თამაშობს ბავშვებისთვის…

ქეთევან ნასყიდაშვილი: პირველ წლებში გვქონდა ბანაკები, ინტეგრირებული ბანაკები აზერბაიჯანელი, ქართველი და სომეხი ბავშვების მონაწილეობით. აი, იმ ბანაკში რომ წამეყვანა ბავშვი, ჩემი ამ სკოლაში მოსვლის პირველ წელს, ვერ ვნახე, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს მცემდნენ, ბავშვის გაყოლება მაინც ვერ გაბედეს, გოგონებზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. კარდაკარ ვიარე ჩემი კოლეგების ოჯახებში და მათი შვილები შევაგროვე, რომ პროექტი შემდგარიყო, ნაწილობრივ გამგეობამ დააფინანსა, ნაწილობრივ ჩვენი სახსრები შევაგროვეთ, მაგრამ ბოლო დღეს, ტრანსპორტი რომ მოვიდა წასაყვანად, უარი მითხრეს, გავოგნდი, მე ვთქვი, რაღა ვქნა, ჩემი პროექტია და მე ვერ მიმყავს ბავშვები… კარდაკარ ვიარე და ძლივს შევაგროვე მოსწავლეები. პირველი წელი იყო, როცა ასე გამიჭირდა, მეორე, მესამე წელს უკვე ერთგვარი კონკურსი იყო – ვინც უკეთ ისწავლიდა სახელმწიფო ენას, ვინც მონაწილეობას მიიღებდა ქართულ ღონისძიებებში, კალიგრაფიის კონკურსში თუ სხვა აქტივობებში, ვისაც ბანაკში უნდოდა მოხვედრა, აქ უნდა გაემარჯვა. პირველ წელს 5 ბავშვი გამაყოლეს, მეორე წელს 7, მესამე წელს 9, ეს უკვე ძალიან დიდი ნდობის გამოცხადება იყო. პარალელურად დაიწყო ექსკურსიები, ღონისძიებები. კურიოზს მოგიყვებით ბავშვზე, რომელმაც ეროვნულ გამოცდებში უნარებში სათანადო ქულა ვერ მიიღო, მშობელმა მთხოვა, რა გავაკეთოთო, მე ვურჩიე, წასულიყო კოლეჯში, ოღონდ საქართველოში და არა სომხეთში, თან სპეციალობას ისწავლიდა, პარალელურად ენასაც დახვეწდა, სახელმწიფო ენას და შემდეგ, მომავალ წელს ჩაებარებინა, დამიჯერეს, გამაყოლეს ეს ბავშვი, თვითონ არ წამოსულან, მითხრეს, სადაც გინდათ, იქ წაიყვანეთო, თან ბიჭი,  გრიგორ ელიზბარიანი, ჩავედით გასაუბრებაზე, ჩავაბარეთ საბუთები და გასაუბრების მომენტში რაღაც ჰკითხეს, ბავშვმა ვერ უპასუხა და მე გავეცი პასუხი, აი თქვენ რა კარგად იცითო ქართული ენა და შვილს რატომ არ ასწავლეთო, ვუთხარი, ჩემი შვილი არ არის, მოსწავლეა-მეთქი. ნუ გადამრიეთო, ახალქალაქიდან მოსწავლეს მასწავლებელი ჩამოჰყვა და მშობელი სად არისო… ასეთი კურიოზები იცით, რამდენი გვაქვს. კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ, ტრენინგებზე ვიმყოფებოდი თბილისში და დამირეკეს, რომ წამოვიყვანეთო დედა და დაგვხვდით საავადმყოფოშიო, არამიანცში მივედი, გავატარეთ რეგისტრაციაში, აიყვანეს პალატაში და შვილმა ექიმთან აყოლა მთხოვა, რაღაც რომ ვერ გავიგოო, ავყევი, მორიგეს ვთხოვე შევეშვი, ავუხსენი, რომ ენა არ იციან და ჩემი დახმარება სჭირდებათ, რომ გადავუთარგმნო ექიმის ნათქვამი. შევედით… გადის ორი კვირა და ისევ მიწევს წასვლა, ოღონდ ახლა სხვა გახდა ცუდად და სასწრაფო კატასტროფის ბრიგადას გავყევით უკან და იგივე ტექტს ვუმეორებ. ისე დაემთხვა, რომ იგივე მორიგე დაგხვდა და ამ კაცმა ამომხედა და მკითხა: ქალბატონო თქვენ ჩვენთან თარჯიმნად ხომ არ მუშაობთო და ჩვენ საქმის კურსში არა ვართო (იცინის). აი ასეთი კურიოზები მრავლადაა. როგორ შეიძლება ადამიანს უღალატო, როდესაც ასე სჭირდება შენი დახმარება.

GUARDIANGE: ის პირველი უნდობლობის წლები, 2001, 2002, 2003 და შემდგომი წლები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და ახლანდელი ისტორიები, გნებავთ სოფელში თქვენდამი დამოკიდებულება, იმაზე მეტყველებს, რომ მდგომარეობა კარდინალურად არის შეცვლილი… როგორ ფიქრობთ, თქვენი აქ ამოსვლის დროონდელი ჩანაფიქრი, მისია, შესრულებულია?

ქეთევან ნასყიდაშვილი: შედეგს რომ ვერ ვხედავდე, მე აქ ამდენი ხანი არ გავჩერდებოდი და დიდი ხნის წინათ დავანებებდი მასწავლებლობას თავს. მე რომ ვხედავ წინსვლას, წარმატებას, ალბათ ეს მაძლევს სტიმულს მეტი და მეტი ვაკეთო და უფრო დიდ წარმატებაზე ვიოცნებო. ოცნება ბევრჯერ ამიხდა და იმედი მაქვს, ახლა რაც მაქვს ჩაფიქრებული, ესეც ამიხდება. ჩემი მიზანი სწორედ ის არის, რომ ხალხმა ეროვნული ნიშნით კი არ დაიწყოს ადამიანების გარჩევა, მათი დაფასება, მათთან ურთიერთობა, არამედ ადამიანობით და არა ენით და ტრადიციებით – მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ, პატივი ვცეთ ერთმანეთს ისეთებს, როგორებიც ვართ. ჩემში თავიდანვე ასე იდო თავში, რომ წამოსული ვარ იმ მოტივით, რომ მე არავისგან არაფრით არ განვსხვავდები, როგორც  ისინი არავისგან არაფრით არ განსხვავდებიან, ყველანი ვართ თანასწორი და ერთი მიზნისკენ მიმავალი, რომ ცხოვრება ავიწყოთ. ცხოვრების აწყობაში გვეხმარება ის, რასაც მე ვაკეთებ. ბავშვების დაკვალიანება სწორი მიმართულებით – რა სჯობს მათთვის, საით წავიდნენ, გათხოვდნენ და დარჩნენ სახლში უმუშევარი, უსწავლელი თუ ისწავლონ და უკეთესი ცხოვრება შექმნან.

მაგალითად, ჩვენ ვაკეთებთ პროექტებს, სოფელი როგორ განვავითაროთ. მე-11 კლასელებთან მქონდა ეს პროექტი და ისეთი კარგი იდეები მომაწოდეს ბავშვებმა, რომ გაოგნებული დავრჩი. ისინი მეუბნებიან, რომ ჩვენს სოფელში – კარტიკამს უკვე ჩემს სოფელს ვეძახი – შეიძლება ტურიზმის განვითარება, ეს არის სოფელი, სადაც ციკლოპური ნაქალაქარები გვაქვს. აგერ, აბულის მთის ძირში. არაჩვეულებრივი იქნება ეკოტურიზმის განვითარება, ამდენი ტბაა ჯავახეთში – ფარავნის, საღამოს, ხანჩალის, კარწახის… არის პილიგრიმულ ტურიზმზე ლაპარაკი, წმინდა ნინო ხომ აქედან შემოვიდა საქართველოში. ამდენ რამეს რომ უკვე ბავშვი აცნობიერებს და გეუბნება, ეს უდიდესი პროგრესია. მიმაჩნია, რომ მათი მსოფლმხედველობა რადიკალურად არის შეცვლილი. ასეთი ბავშვი არასდროს სიგლახეს არ გააკეთებს. მისი მიზანია უკეთესობისკენ ლტოლვა. ერთ-ერთი მოსწავლე მეუბნება: მეო ვიყიდიო აპარატს, რომლითაც ფრის დამზადება იქნება შესაძლებელი და ქართული წარმოების პროდუქტს გავყიდიო, კარტოფილის მეტი რა გვაქვსო, რაღა საზღვარგარეთიდან შემოტანილი ჩიპსი ვჭამოო, ჩვენ ჩვენი ვაწარმოოთო, უკვე სხვანაირი აზროვნება ჩამოუყალიბდათ მათ. ალბათ ეს მასწავლებლების დამსახურებაცაა, მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ჩემი, ყველა საგნის მასწავლებელი მოტივირებულია ამ მიმართულებით განავითარონ ბავშვები. ერთ-ერთი მოზარდი მეუბნება, სკოლასთან დაგვდგამ ნაყინის ჩამოსასხმელ აპარატსო, ნაყონი მაცდუნებელია, ყველა ბავშვი იყიდისო, გვერდზე ყავის აპარატს დავუდგამო, მასწავლებლები ყავას დალევენო. ამაზე ფიქრობენ ამ თაობის ბავშვები და როდესაც სოფლის ბავშვი, რომელიც სკოლის და სოფლის იქით არ გასულა, ამ თემებზე გესაუბრება. ეს ძალიან დიდი წინსვლაა.

GUARDIANGE: ტექნოლოგიების განვითარებას ინფორმაციის მოზღვავებაც მოჰყვა და ბავშვები გაცილებით უფრო მეტად არიან გათვითცნობირებული, თუ რა ხდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ ხელის გულზე აქვთ ყველაფერი, ადარებენ, ანალიტიკური აზროვნება უყალიბდებათ უფრო მეტად. ამაში, რა თქმა უნდა, სკოლისა და პედაგოგების დიდი წვლილიცაა  და ბავშვები თანამედროვე მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად აზროვნებენ. ისინი ფიქრობენ, რითი შეიძლება მოიპოვონ ლუკმა-პური, შეიძლება უმაღლესი განათლება ყველამ ვერ მიიღოს და ბიზნესის მიმართულებით ჰპოვოს განვითარება. ასევე, მოგეხსენებათ, პროფესიული კოლეჯებიც უფრო მეტად ვითარდება და სტატისტიკურად, მათდამი მიმართვიანობაც გაზრდილია და ახალგაზრდებს შეუძლიათ პროფესიული კუთხით, ამა თუ იმ ინტერესის შესაბამისად განავითარონ თავიანთი მომავალი და ეს ყველაფერი გულისხმობს იმ სახელმწიფოსთან მეტ ინტეგრაციას, რომელი სახელმწიფოს შვილებიც ყველანი ვართ, განურჩევლად ეროვნებისა, ვქმნით ერთი სახელმწიფოს დოვლათს და იმ ფონზე, როდესაც ამ რეგიონში კარტოფილის იმ ფასად გაყიდვა, რაც გლეხს სარგებელს დაუტოვებს, პრობლემატურია ხოლმე, თუკი განვითარდება ადგილობრივი წარმოება და შეიქმნება მცირე საწარმოები, ეს ამ პრობლემის გადაჭრასაც წაადგება და ეკონომიკური სარგებელი ექნება, როგორც კარტოფილის მოსავლის მომყვანს, ისე მის შემსყიდველს, რომელიც შემდეგ ადგილზე გადაამუშავებს ამ პროდუქტს და გაყიდის, შეიძლება საზღვარგარეთაც გაიტანოს.

ქეთევან ნასყიდაშვილი: კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, არის შემდეგი საკითხი. პროგრამულად გავდივართ ასეთ თემას- ჩემი ოჯახი – მე-7, მე-8 კლასელი ბავშვი მწერს, რომ მეო არ მინდა მამასავით ვიყო საზღვარგარეთ, სახლიდან წასული, მამა ჩამოდის წელიწადში ერთხელ 3 თვით და მენატრებაო. ფაქტობრივად, ბავშვი ამას რომ გიზიარებს, ამ თავის გულისტკივილს, რომ მამა მუდამ ენატრება და არ უნდა, რომ მასავით სხვა ქვეყანაში იცხოვროს, ეს იმხელა ტკივილისა და იმხელა სევდის მომგვრელია, რომ არ ვიცი… რაც დავინახე ამ ბავშვის ნაწერში, მივხვდი, ოჯახებს როგორ უჭირთ. მათთვის ადვილი არ არის ოჯახის დატოვება და წლობით წასვლა, თუმცა ამ მხარეში ადრე არანაირი პერსპექტივა არ იყო, არ იცოდნენ სად ემუშავათ და იძულებული შეიქნენ წასულიყვნენ. დღეს კი ეს პერსპექტივა გაჩნდა. თუ იცი ქართული ენა და გაქვს პროფესია, შეგიძლია დასაქმდე, შეიძლება ათასები ვერ აიღო ხელფასი, მაგრამ სტაბილური შემოსავალი, იმდენი, ოჯახი რომ არჩინო, გექნება, იმ სოფლის მეურნეობასთან ერთად. ეს კი სტიმულია ბავშვებისთვის, რომ თურმე შეიძლება ადგილზე ოჯახთან ერთად ცხოვრება და მუშაობა.

აქ რომ ტურიზმი უფრო მეტად იყოს განვითარებული, გაცილებით უკეთესად იცხოვრებდა ამ რეგიონის მოსახლეობა. თუნდა ის ციკლოპური ნაქალაქარი – ვინ იყვნენ, რა ჯიშის ხალხი იყო, რომ ამხელა სამტონიან, ხუთტონიან ლოდებს უდუღაბოდ, არავითარი შეწებება არ ხდებოდა, ადებდნენ და აშენებდნენ ამხელა  ციხე-ქალაქებს, ეს რაღაც მისტიკაა, ეს რეალობა არ არის. ჩვენ გვიკვირს ეგვიპტის პირამიდები, მაგრამ რატომ გვიკვირს, აგერ გვაქვს ფაქტი ხომ? ამის გამოკვლევა შეიძლება. მესმის, ყველაფერს ერთდროულად ვერ შევწვდებით, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ამას ყევლაფერს გავყვებით. ტურიზმის არაჩვეულებრივი ბაზაა, არა მარტო სანახაობრივი თვალსაზრისით ტურიზმის, ავიღოთ პური სახეობა, ყველის სახეობა, მარტო სამცხე-ჯავახეთში იმდენია, რომ… ახლა ვაზის სახეობის აღორძინება დაიწყეს. მარტო ერთ სოფელში 15 სახეობის პური ცხვება, ქადები აქაური, რამდენი სახეობის ყველია, ასეთი ყველი სხვაგან არსად არ არის, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთისთვისაა დამახასიათებელი – ტენინი ყველი, ჩეჩილი ყველი, ეს სხვაგან არ მზადდება.

GUARDIANGE: სკოლის დირექციის მხრიდან როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ? რამდენად აქვს დირექციას მზაობა იმისათვის, რომ თქვენი პროექტები განხორციელდეს?

ქეთევან ნასყიდაშვილი: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი – ის, რასაც ვაკეთებ, იმაში, რაც მიკეთებია და რა შედეგიც დაგვიდევს, ლომის წვლილი ალბათ ადმინისტრაციას და პირადად დირექტორს, ბატონ არარატ ელიზბარიანს ეკუთვნის. რატომ? მე რომ არ მქონოდა მხარდაჭერა, ვერაფერს შევძლებდი, რადგან მე ვინ ვიყავი ამ სოფელში, არავინ არ მიცნობდა. ბატონი არარატი რომ იტყოდა, რომ ეს უნდა გაკეთდეს ჩემს სასარგებლოდ, უსიტყვოდ კეთდებოდა. არ მახსოვს, უბრალოდ ვერ ვიხსენებ ერთ ფაქტსაც კი, მე რაღაცის ინიციატივა გამომეჩინოს და ის არ განხორციელებულიყო, ყველაფერში გვერდით მიდგას. ცუდად ვარ თუ კარგად, მიჭირს თუ მილხინს, კოლექტივი მიდგას მხარში და უშუალოდ ბატონი არარატი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ კოლექტივს.

იცით, რამდენი პრობლემა გვქონდა? აქ არა მხოლოდ სკოლის თავდაპირველ, ძალზე სავალალო ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზეა საუბარი, არამედ შიდა შუღლისა და… არ მინდა თემის უფრო განვრცობა, მაგრამ ეს ყველაფერი დირექტორის ძალისხმევით დალაგდა, მე ამას ვერ დავალაგებდი, მომიწევდა სკოლიდან წასვლა… თუნდაც ჩემთან, ჩამოსულ მასწავლებელთან საათების რაოდენობის არდათმობა, ისმოდა პრეტენზიები – მე მეტი მინდა, ადგილობრივი ვარ, უფრო დიდხანს ვმუშაობ… ყველაფერი დალაგდა, ითქვა, რომ მივცეთ საშუალება, მაშინ ქალბატონი ჩინარი იყო დირექტორი, იმ დროს იმდენი წინსვლა არ მქონია, რადგან ალბათ უფრო თავის დამკვიდრებაზე ვმუშაობდი, რომ ნდობა მომეპოვებინა და მას შემდეგ, რაც დირექტორის თანამდებობაზე არარატ ელიზბარიანი მოვიდა, შეიძლება ითქვას, რომ ფრთები გავშალე. ბატონი არარატ ელიზბარიანი ახალგაზრდა ასაკში ჩაუდგა სკოლას სათავეში, კარგად ესმის რას და რისთვის ვაკეთებ და ყველანაირად მხარში გვიდგას და მოგვყვება.

მე არ მავიწყდება, ღონისძიება რომ ჩატარდა 26 მაისს ჩვენს სკოლაში, ნინო ბერიკაშვილი გვესწრებოდა და ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, გავვოგნდიო, 2,5 საათი ღონისძიება მიმდინარეობდა და დირექტორი კედელთან კარებში იდგა და არც კი ჩაუმუხლავსო, ერთი წუთითაც არ გასულოა გარეთ, პატარა ბავშვივით იდგა და გიყურებდაო, სად რას აკეთებდი, ხომ არაფერი გჭირდებოდაო, ეს ერთ ღონისძიებაზე გესაუბრებით და ასეთი რამდენი გვაქვს ჩატარებული, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბავშვების კონფერენციებში მონაწილოება, იცით, რამდენი რამ გვაქვს გაკეთებული?

ერთხელ, თბილისში, ბატონ რეზო ჩხეიძესთან მოვაწყვეთ შეხვედრა. ქართველი ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა არ ყოფილა  შენახვედრი და დალაპარაკებული ამ გენიოს და ბუმბერაზ ადამიანს და ჩვენი სოფლის ბავშვებს ერგოთ მასთან შეხვედრისა და საუბრის ბედნიერება. საავადმყოფოდან მოვიდა ბატონი რეზო დეკემბერში, მასწავლებელთა სახლში, უკვე 80 წელს გადაცილებული იყო და ნანემსარი ეტყობოდა. ბავშვები ხელზე ეფერებოდნენ  მას. ერთ-ერთი ბავშვი მეუბნეობდა, მე მეგონა რომ სანთლის ხელები ჰქონდაო, ისეთი ნაზი იყოო, ბავშვები ესაუბრებოდნენ ამ დიდ რეჟისორს და სიხარულით ცრემლები მოსდიოდათ. როცა გარდაიცვალა, გლოვა გვქონდა სკოლაში, ის ბავშვები ვინც იცნობდნენ მას, ტიროდნენ – მის ფილმებზე გაზრდილი ბავშვები…

აგერ, ნახეთ მაგდანას ლურჯა, ბავშვების ნახატი, მცხეთაში გვქონდა გამოფენა, აგერ შვლის ნუკრის ნაამბობი აქვთ ნახატებით გადმოცემული. ბავშვს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს შეგრძნებული ეს ნაწარმოები, რომ ასე დიდებულად გადმოსცეს ნახატებით ეს ყველაფერი, მექანიკურად გადახატვა სხვა რამეა და გრძნობით შექმნა სულ სხვა რამე…

აი, ახლა შევდივართ ჩვენ ქართულ გარემოში, ამდენ ხანს მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოთი ვიფარგლებოდით, რომ საკომუნიკაციო დონეზე სცოდნოდათ ენა, დამოუკიდებლად შეძლებოდათ წაკითხვა, უფრო სწორად, ამოკითხვა, ახლა უკვე ვკითხულობთ. სასკოლო გაკვეთილების პროგრამის ფარგლებში, ბუნებრივია, ბევრ რამეს ვერ ვახერხებთ, მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვემა ქართველი კლასიკოსები შეიმეცნონ, გვაქვს წრეობრივი მუშაობა. ახლა სკოლაში ქართული ენის წრე ორი ჯგუფით ფუნქციონირებს. აქ უკვე ბავშვები თავიანთი სურვილით მოდიან და ვერავინ ვერ ბედავს მოსვლას მოუმზადებელი, იმდენად დიდი პასუხიმგებლობის განცდა აქვთ. ყველა მოდის გარკვეული პროგრამით – მე ამის წაკითხვა მინდა, მე ამის სწავლა მინდა, მე ამას დავხატავ, მე ამას გავაკეთებ, უკვე მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ გაეცნონ არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ ლიტერატურას, კულტურას, ტრადიციებს. პარალელებს ვავლებთ, სომხურ-ქართულ პარალელებს, ქორწინებაშია ძალიან ბევრი მსგავსება. ასევე,  დაკრძალვაშია ძალიან ბევრი მსგავსება, საახალწლო თუ სააღდგომო დღესასწაულების მხრივაც ბევრი მსგავსებაა და ბავშვები თავად ავლებენ ამ პარალელებს და მოსწონთ და კიდევ ვიმეორებ, რომ არა ჩემი ადმინისტრაცია, ჩემი ხელმძღვანელობა და მათი მხარდაჭერა, მე ამდენს ვერ მივაღწევდი, გულახდილდ ვამბობ.  დირექტორმა ბრწყინვალედ იცის ქართული, დოკუმეტაციის ენაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, თავად მასწავლის ბევრ რამეს.

მინდა დიდი მადლობა გითხრათ, რომ მომეცით საშუალება იმისა, რაც გულში მქონდა, რაზეც ვფიქრობდი, მინდოდა სადღაც მეთქვა და ვერ ვაჟღერებდი, დღეს მოვახერხე ამ ემოციების გადმოცემა და ერთგვარად დავიცალე, გარდა ამისა, მადლობა მინდა ვუთხრა სკოლას, ჩემს კოლეგებს, დირექტორს, ბავშვებს, მათ მშობლებს იმისათვის, რომ მომეცა ჩემი პოტენციალის სრული რეალიზების საშუალება, გამეკეთებინა მაქსიმუმი და კიდევ ვაკეთებ, თავს ზემოთ ძალა აღარ არისო, გინდა კიდევ უფრო მეტის კეთება, მაგრამ მაინც გრჩება უამრავი რამ დაუსრულებელი. თუმცა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ მაქვს იმის ენერგია, რომ გავყვე ამ ბავშვებს ბოლომდე, სადამდეც შევძლებ, ჯანმრთელობა სადამდეც ხელს შემიწყობს და მინდა, გარდა ადმინისტრაციისა და კოლეგებისადმი მადლობისა, თემის მიმართაც გამოვხატო მადლიერება.

„კოვიდ-პანდემიიის პერიოდში, რამდენიმე დღით სიცხე მქონდა და მომიწია აქ, იმ სახლში დარჩენა, სადაც ამჟამად დროებით ვცხოვრობ, არც  ჩემს სახლში წავსულვარ ახალციხეში, სადაც ჩემი ოჯახი იმყოფება, შვილები და შვილიშვილები და მოკლედ აქ დავრჩი და შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ თემი მპატრონობდა, ფანჯრიდან მაწვდიდნენ პროდუქტებს, სახლში თავად მე არ ვუშვებდი – დირექტორიდან დაწყებული, მეზობლით, მოსწავლით დამთავრებული, შეიძლება ითქვას, რომ თან მყვებოდნენ, ცრემლები მომდის ამის გახსენებისას, ეს იცით, რამხელა მხარდაჭერა და თანადგომაა…

ბოლოს მინდა ვთქვა ასეთი რამ… ხშირად მომისმენია ჟურნალსტებისგან, სხვებისგან ქართველ და სომეხ ერებს შორის დამოკიდებულებაზე, ხშირად დაუძაბავთ მდგომარეობა, ისეთ სიტყვებს ისვრიან, რომელიც გულზე მხვდება ძალზე მტკივნეულად. მე, ქართველს მხვდება გულზე, მით უმეტეს, არაქართელს ხომ მოხვდება და მოხვდება.

მოდით, ჩაიცვით ის ფეხსაცმელი, რაც მე მაცვია, გაიარეთ ამ გზაზე, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს და მერე ვისაუბროთ, ვინ არის კარგი, ვინ არის ცუდი, ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი. ძალიან ძნელია კაბინეტიდან რაღაცის გარკვევა. ჩამოდით, დასახლდით, იცხოვრეთ აქ  და მერე ვილაპარაკოთ…

მე მაგალითად, ამ თემთან იმდენი კარგი რამ მაკავშირებს, ზოგჯერ ჩემი ოჯახის პრობლემებსაც თემი მიწყვეტს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ოჯახში რაღაც პრობლემა მქონია და მხარში დამდგომიან და მე ეს გადამიტანია. ამიტომ ვიძახი, ეს დამოკიდებულება ძალიან სათუთია, ეროვნებამდე ნუ დავდივართ, დავიდეთ პიროვნებამდე. ავი და კარგი ყველგან არსებობს, ყველა ერში, მაგრამ ამის ერზე განზოგადება და ხალხში დაპირსიპრების შეტანა დაუშვებელია, რადგან წლობით მონაპოვარს ერთი სიტყვით ვკარგავთ.

ხშირად სოციალურ ქსელში წავაწყდები ისეთ სტატიას, რომელიც რელობასაა აცდენილი და ძალზე განვიცდი ამას…

ჩემს კოლექტივთან ერთად ვიყავი თურქეთში, აინტერესებდათ რა მდგომარეობაა არდაგანაში, იქ, სადაც მათი მამა-პაპა ცხოვროდა და მათი საფლავებია… წავედით, მათთან ერთად მოვიარე, უსინდისო ვიყო თუ ტყუილს ვამბობდე, როდესაც გადავედით, ჩანს ანისი, ძველი დედაქალაქი სომხეთის, უყურებ, რომ აგერ ხევს გადაღმა სომხური დროშა ფრიალებს, სომხეთია და აქეთ ვართ ჩვენ თურქეთში და ერთ პატარა ტერიტორიაზე, 15-20 ნაეკლესიარია, ერთი ეკლესიიდან გადადიხარ მეორეში, ასე დავდიოდით და დამეწვა ძვლები. ის არის მიტოვებული უპატრონოდ. ჩემი განსასჯელი არ არის და მე ვინ მეკითხება ამას, მაგრამ არც თურქი არ ცხოვრობს იქ და რად გინდა ეს მიწა, თუკი შენ არ უნდა იცხოვრო.

მოდით, ვთქვათ გულახდილად, რომელი ქართველი ჩამოვა და დასახლდება ფოკაში ან გორელოვკაში. კოსტავას ფონდით ხომ ჩამოიყვანეს, რამდენია დარჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი. ამის მერე, თუ ჩამოვა ეს სომეხი კაცი და იცხოვრებს აქ, ჩვენს მიწა-წყალზე, ქართულ სოფლის მეურნეობას წამოწევს და ქართულ ეკონომიკას განავითარებს, იყვნენ აქ. ირანელები, ინდოელები და სხვები ხომ ჩამოდიან, ცხოვრობენ, ბიზნესს ეწევიან?! სომხები ხომ შენი მოძმე ერია, ქრისტიანი ერი, მე ამას ხაზს არ ვუსვამ, უბრალოდ ფაქტს ვამბობ, თუგინდ მუსლიმი იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მე ძალიან ბევრი მუსლიმი მეგობარი მყავს… იცხოვროს ამ ხალხმა, შენც იცხოვრე, ყველამ ერთად ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე, მტრობის გარეშე…

დაბლა ვიდეოში: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, მილენა ელიზბარიანი სამცხე-ჯავახეთის არტეფაქტების შესახებ პრეზენტაციას მართავს

დაბლა ვიდეოში: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი მე-12 კლასში წარმოადგენს პრეზენტაციას მესხური ოდა-სახლების შესახებ.

დაბლა ვიდეოში: კარტიკამის სომხური საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ქართულ სიმღერას ასრულებენ.

დაბლა იხილეთ ფოტომასალა

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიან

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი მე-12 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი მე-12 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი მე-12 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი მე-12 კლასში გაკვეთილის ჩატარების პროცესში

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი და ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი და ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები