საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების გამოკითხვის თებერვლის შედეგებს აქვეყნებს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, თებერვალში, იანვართან შედარებით, ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია; ასევე, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში შემცირებულია; აგრეთვე, თებერვალში, იანვართან შედარებით, მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია.
იხილეთ ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის თებერვლის შედეგები სრულად:
- ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ, შემცირდა. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან. ასევე, თებერვალში, წინა თვისგან განსხვავებით, გამოჩნდნენ ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას -2%-0% ინტერვალსა და 2%-ზე მეტად ელოდებიან
- ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, იანვართან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-2%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში, ელოდებიან
- გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, თებერვალში იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 2%-4%-ის მიდამოში ვარაუდობენ
- ამავე გამოკითხვის მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%- 30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ფიქრობენ
- გამოკითხულთა აზრით, თებერვალში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) იანვართან შედარებით მცირედით შემცირებულია.