საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.8123-დან 2.8439-მდე, ანუ 1.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით – 2.9470-დან 2.9447-მდე, ანუ 0.1%-ით გამყარდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.8761 და 2.9929 შეადგინა. იანვარში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.8834 იყო, მინიმალური კი – 2.8138.
„იანვარში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმუმზე მეტად იყო გადახრილი. იანვარში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირის, ევროსა და ლარის გაუფასურება; შედარებით მცირედით გაუფასურდა სომხური დრამი; აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო რუსული რუბლი გამყარდა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად – 7.1%-ით, თვის ჭრილში კი 1.6%-ით გაუფასურდა.
რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად გამყარება – 0.7%, თვის ჭრილში კი გაუფასურება 0.6%-ია.
ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება. სავაჭრო პარტნიორთაგან იანვარში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, აშშ-სა და ევროზონაში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.