Friday, February 28, 2025
6.8 C
Tbilisi

ტრამპმა თეთრ სახლში სტარმერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ან „მალე“ ან „საერთოდ არ იქნება“

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, სერ კირ სტარმერთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ფიქრობს, დაიდება უკრაინის სამშვიდობო გარიგება და აშშ-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმება.

უკრაინაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე თანხმობა ან „მალე“ ან „საერთოდაც არ იქნება“.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ პატივს სცემს პრეზიდენტ ზელენსკის და აფასებს უკრაინელი სამხედროების თავგანწირვას: „ისინი ძალიან მამაცურად იბრძოდნენ … ვიღაცას უნდა გამოეყენებინა ეს აღჭურვილობა და ისინი ძალიან მამაცები იყვნენ“.

უფრო ადრე, როდესაც BBC-ის ჟურნალისტმა, კრის მეისონმა ტრამპს ჰკითხა, კიდევ ფიქრობდა თუ არა იგი, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დიქტატორი იყო – ტრამპმა უპასუხა: „მე ეს ვთქვი? არ მჯერა, რომ მე ვთქვი ეს. შემდეგი კითხვა“.

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო გარიგებაზე ტრამპმა განაცხადა: „ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგად შეგვიძლია დავასრულოთ ნამდვილი სავაჭრო გარიგება, სადაც ტარიფები არ იქნება საჭირო“.

ტრამპმა ასევე მიიღო მეფე ჩარლზის მიწვევა გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო ვიზიტზე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი გახდეს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ნაწილი და რას ფიქრობს იგი ამ საკითხზე – ტრამპმა თქვა, რომ რუსეთმა ომი სწორედ ამის გამო დაიწყო და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღება არ მოხდება.

„ახლა მე რომ ვთქვა, რომ ამაზე ვიმუშავებთ – უყურეთ, ეს არ მოხდება. ეს არის ის, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო. ბაიდენმა თქვა ეს და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევეცდებით, მაგრამ ეს არის ის, რაც არ მოხდება. მეორე საკითხი უკრაინის მიწების უკრაინისთვის დაბრუნებაა, რაზეც ვიმსჯელებთ. შევეცდებით, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ დაიბრუნონ თავიანთი მიწები, მაგრამ რაც შეეხება ნატო-ს, ეს არ მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში პარასკევს, 28 თებერვალს, მინერალების შესახებ გარიგების ხელმოსაწერად ელოდება.

ზელენსკი უკვე ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრა ლიდერებს შორის დღეს შედგება.

„ზელენსკი პარასკევს ჩამოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის პრობლემა არ არის, თუ მას სურს. მას სურს, რომ ამ შეთანხმებას ჩემთან ერთად მოაწეროს ხელი. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა. გამოკითხვებს თუ შეხედავთ, ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი ძალიან კმაყოფილია, რადგან იცით, რომ ბაიდენი ფულს ისე ფლანგავდა, როგორც ბამბის კანფეტებს. ეს ძალიან დიდი გარიგებაა. შეიძლება იყოს ტრილიონი დოლარის გარიგება. ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ უკრაინასა და რუსეთზე, ვიბრძვით ომში, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – თქვა ტრამპმა.

რა ვიცოდით ტრამპის განცხადებამდე?

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დათანხმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანი მინერალების გარიგების პირობებზე. ამის შესახებ BBC-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა კიევში განუცხადა. „ჩვენ მართლაც შევთანხმდით მასზე რიგი კარგი შესწორებებით და ვხედავთ მას, როგორც პოზიტიურ შედეგს“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა, დამატებითი დეტალების აღნიშვნის გარეშე.

მედიის ცნობით, ვაშინგტონმა შეწყვიტა ბუნებრივი რესურსების გამოყენების შედეგად პოტენციური შემოსავლების სახით 500 მილიარდი დოლარის მოთხოვნა, მაგრამ არ მისცა მყარი უსაფრთხოების გარანტიები ომით დაზარალებულ უკრაინას – უკრაინის მთავარი მოთხოვნა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის ელოდებოდა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში, რომ ხელი მოეწერათ გარიგებისთვის ამ კვირაში, მას შემდეგ, რაც ორმა ლიდერმა ერთმანეთთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.

შეთანხმების მიღწევის დადასტურების გარეშე, ტრამპმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ შეთანხმების სანაცვლოდ უკრაინა მიიღებდა „ბრძოლის გაგრძელების უფლებას“.

„ისინი ძალიან მამაცები არიან, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების, მისი ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე, ეს ომი ძალიან მოკლე დროში დასრულდებოდა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

შეკითხვაზე, გაგრძელდება თუ არა უკრაინისთვის ამერიკული აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, მან განაცხადა: „ალბათ, სანამ რუსეთთან შეთანხმება არ გვექნება… ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გაგრძელდება“. ტრამპმა დასძინა, რომ უკრაინაში, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, საჭირო იქნება „სამშვიდობო ძალების გარკვეული ფორმა“, მაგრამ ეს „ყველასთვის მისაღები“ უნდა იყოს.

არადა გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ უარყო აშშ-ის მოთხოვნები $500 მილიარდი დოლარის წიაღისეული სიმდიდრის შესახებ და თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის მიერ შექმნილ „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ცხოვრობდა, ტრამპმა ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა და ჩანდა, რომ ომის დაწყებაში უკრაინას ადანაშაულებდა და არა რუსეთს.

მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრიდან სამი წლის თავზე ტრამპი ცდილობს სამხედრო და სხვა დახმარების სანაცვლოდ, უკრაინის მინერალებზე წვდომა მოახდინოს.

ზელენსკის მტკიცებით, ამერიკული დახმარება არც თუ ისე დიდი იყო და ამის სანაცვლოდ ვერ გაყიდდა უკრაინას. „მე არ შემიძლია ჩვენი სახელმწიფოს გაყიდვა“, – თქვა ზელენსკიმ.

25 თებერვალს ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 300 მილიარდიდან 350 მილიარდ დოლარამდე მისცა და ეს ფული უნდა დაიბრუნონ. „ჩვენ გვინდა, რომ ეს ფული უკან დავიბრუნოთ. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას ძალიან დიდი პრობლემის გადალახვაში… მაგრამ ამერიკელი გადასახადის გადამხდელი ახლა თავის ფულს დანამატით მიიღებს უკან“.

უკრაინული წყაროების თანახმად, აშშ-ს მოუწია ომისგან დაზარალებული სახელმწიფოსაგან თავისი თავადაპირველი უფრო მძიმე მოთხოვნები უკან წაეღო და ამ შეთანხმების ბევრი დეტალი შემდგომ მოლაპარაკებებს საჭიროებს.

თუმცა, როგორც BBC შენიშნავს, პრეცედენტი უკვე შექმნილია. აშშ-ის დახმარებას ტრამპის ეპოქაში მოჰყვება პირობები. დახმარება მხოლოდ და მხოლოდ დახმარებისათვის – იქნებოდა ეს ჰუმანიტარული თუ სტრატეგიული მიზეზების გამო – წარსულის ამბავია. ეს წარმოადგენს ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ გადაწყობას 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გლობალური დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით მარშალის გეგმის დღეებიდან, ცივი ომის შემდგომი იდეალიზმისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის „თავისუფლების დღის წესრიგის“ გატარებამდე.

უკრაინა მხოლოდ დასაწყისია. მოსალოდნელია, რომ ტრამპი და მისი საგარეო პოლიტიკური გუნდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პრინციპებს გამოიყენებენ.

როგორც უკრაინული გამოცემა „Ukrainska Pravda“ იუწყება, მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. საინფორმაციო ვებგვერდის ეკონომიკის განყოფილების მიხედვით, ორი ქვეყანა ასევე შეთანხმდა „აღდგენის საინვესტიციო ფონდის“ შექმნაზე.

უკრაინა ფლობს კრიტიკული ელემენტებისა და მინერალების უზარმაზარ საბადოებს, მათ შორის ლითიუმისა და ტიტანის, ასევე ნახშირის, გაზის, ნავთობისა და ურანის მნიშვნელოვან საბადოებს – მილიარდობით დოლარის ღირებულების მარაგებს.

გასულ წელს, ზელენსკიმ წარუდგინა „გამარჯვების გეგმა“ უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებს, რომლის თანახმადაც, ომის დასრულების შემდეგ უცხოური კომპანიები შეძლებდნენ ქვეყნის ზოგიერთ მინერალურ სიმდიდრეზე წვდომას.

25 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის ღიაა აშშ-ს შესთავაზოს იშვიათ მინერალებზე წვდომა, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებიდან.

უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები სულ უფრო შეშფოთებულები არიან აშშ-რუსეთის ურთიერთობების დათბობის, მათ შორის ახალახან საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების გამო.

კიევსა და მთელ ევროპაში არსებობს შეშფოთება, რომ ისინი შეიძლება გამორიცხონ ნებისმიერი მოლაპარაკებებიდან, რომელთა მიზანიც ომის დასრულებაა და რომ კონტინენტის მომავალი უსაფრთხოება შეიძლება მათ ზურგს უკან გადაწყდეს.

ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი ნამდვილად უწოდა 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა და განაცხადა, რომ მან „საშინელი საქმე“ გააკეთა. ტრამპმა ასევე დაადანაშაულა ზელენსკი „არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმის“ გამო.

„უკეთესი იქნებოდა, ზელენსკიმ სწრაფად იმოქმედოს, თორემ მას ქვეყანა აღარ დარჩება“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა განადგურებულია და მილიონობით ადამიანი უსარგებლოდ დაიღუპა“.

ამავდროულად, ტრამპი ამბობს, რომ აშშ „წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ“.

ტრამპი თავის მედია პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროპასაც გადასწვდა და აღნიშნა, რომ მან ვერ შეძლო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

„წარმოიდგინეთ, საშუალო გაქანების კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა 350 მილიარდი დოლარის დახარჯვისკენ ომში, რომლის მოგება არ შეიძლებოდა, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და რომელიც აშშ-ისა და ტრამპის გარეშე ვერასდროს ჩაცხრება.

„შეერთებულმა შტატებმა დახარჯა 200 მილიარდი დოლარი, მეტი ვიდრე ევროპამ და ევროპის ფული გარანტირებულია, ხოლო შეერთებული შტატები არაფერს მიიღებს უკან. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება, რადგან ეს ომი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის – ჩვენ გარს გვაკრავს დიდი, ლამაზი ოკეანე, როგორც გამყოფი.

„გარდა ამისა, ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენი გაგზავნილი თანხის ნახევარი „დაკარგულია“. ის არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს, უკრაინულ გამოკითხვებში მისი რეიტინგი ძალიან დაბალია და ერთადერთი, რისი კეთებაც მას კარგად შეეძლო, იყო ბაიდენის „ოსტატურად მანიპულირება“.

დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ, სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ მას ქვეყანა აღარ დარჩება. ამავე დროს, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასრულებაზე, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ ტრამპსა და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენმა არასდროს სცადა, ევროპამ ვერ მოახერხა მშვიდობის მოტანა და ზელენსკის ალბათ სურს, რომ „მუქთა ფულის“ მიღება გაგრძელდეს. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა განადგურებულია და მილიონობით ადამიანი ტყუილუბრალოდ დაიღუპა და ეს ასე გრძელდება…“- წერს ტრამპი.

ზელენსკის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადა 2024 წლის მაისში ამოეწურა, თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების ჩატარება შეჩერებულია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ზელენსკის 19 თებერვალს, საღამოს, სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ლიდერს და „სრულიად გონივრული“ უწოდა არჩევნების შეჩერებას ომის დროს.

ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის.

„დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანია და ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ პატივისცემას, რომელიც ბრიტანელმა ხალხმა გამოავლინა უკრაინისა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. გმადლობთ თქვენი მხარდაჭერისთვის“, – დაწერა მან X-ზე.

მანამდე, ზელენსკიმ ასევე იმ საუბრის შინაარსის შესახებაც გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ჰქონდა. მისი თქმით, რუტე იზიარებს უკრაინის საჭიროებას ევროპის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთისა და აშშ-ისგან „ფართო წარმომადგენლობის“ შესახებ.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა კვლავ მოატყუოს ყველა. ნებისმიერი პოტენციური მოლაპარაკების დაწყებამდე, ყველა პარტნიორმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ მყარი უსაფრთხოების გარანტიები პრიორიტეტია მდგრადი მშვიდობისთვის“, – დაწერა მან X-ზე.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მას აცნობეს რუტეს შეხვედრის შესახებ აშშ-ის ელჩთან კიტ კელოგთან, „მთავარი გზავნილები შეესაბამება ჩვენს მიზანს – გარანტირებული მშვიდობის მიღწევას და არა მხოლოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტას“. „უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ რამდენიმე თვეში ან წელში პუტინი თავისი ომით აღარ დაბრუნდება“ – აცხადებს ზელენსკი.

უფრო ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპს „სიამოვნებით“ შეხვდებოდა და რომ ორ ქვეყანას შორის საჭიროა ნდობის „გაზრდა“.

ტრამპმა წინა დღით, მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინთან შეხვედრა შესაძლოა, თებერვლის ბოლომდე შედგეს.

პუტინმა საუდის არაბეთში აშშ-რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის არმიწვევის შესახებ კომენტირებისას დასძინა, რომ „არავინ გამორიცხავს უკრაინას“ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებიდან.

ტრამპისა და პუტინის ალიანსის შესახებ თავისი მოსაზრების გამოთქმისას, აშშ-ის დამოუკიდებელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა, განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი გზის არჩევა შეერთებული შტატების მოკავშირეების მიტოვების ტოლფასია.

სენატორი ბერნი სანდერსი

„ტრამპი და მისი ამერიკელი ოლიგარქები ახლა ღიად ემხრობიან პუტინს და მის რუს ოლიგარქებს. პუტინ-ტრამპის ალიანსი ნიშნავს ჩვენი მოკავშირეების მიტოვებას, ავტორიტარიზმის მხარდაჭერას და ჩვენი დემოკრატიული ტრადიციების ძირის გამოთხრას“, – წერს სანდერსი X-ზე.

რა დაედო საფუძვლად ტრამპისა და ზელენსკის დაპირისპირებას?

ტრამპის ბოლო შეტევა ზელენსკის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებულ იმ განაცხადებას მოჰყვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის მიერ შექმნილ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს, რაც მისი მხრიდან პასუხი იყო ტრამპის განცხადებაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტს 4%-იანი რეიტინგი აქვს და საჭიროა უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარება.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, როგორც ლიდერის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, ის დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, – თქვა ზელენსკიმ და დაამატა, რომ მას მაღალი რეიტინგი აქვს და ამ ეტაპზე ლიდერის პოზიციაზე მისი შეცვლა ვერ მოხერხდება. მან აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს „მტკიცებულება“, რომ დეზინფორმაცია მისი 4%-იანი რეიტინგის შესახებ რუსეთის მიერ ვრცელდება და „ამ რიცხვებზე მსჯელობენ ამერიკასა და რუსეთს შორის“.

ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას მაგალითისთვის მოიყვანა გამოკითხვის ის შედეგები, რომლის თანახმადაც, უკრაინელი ხალხის 58% მას ენდობა, როგორც ლიდერს.

უფრო ადრე, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისთვის „სიურპრიზი“ იყო თავისი ქვეყნის არმიწვევა საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის ომის დასასრულებლად, დიდი „იმედგაცრუება“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინას ამ სამი წლის განმავლობაში და მანამდეც „შეეძლო შეთანხმების დადება“.

ჟურნალისტებთან საუბრისას მარ-ა-ლაგოში, ტრამპს BBC-მ ჰკითხა, რა იყო მისი გზავნილი უკრაინელებისთვის, რომლებიც თავს გაყიდულად გრძნობენ. „მესმის, რომ ისინი განაწყენებულები არიან იმის გამო, რომ [მოლაპარაკების მაგიდასთან] ადგილი არ აქვთ. მათ უკვე სამი წელია ადგილი ჰქონდათ და დიდი ხნით ადრეც, ეს ძალიან მარტივად შეიძლებოდა მოგვარებულიყო“, – თქვა ტრამპმა.

„თქვენ არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შესაძლებელი იყო, რომ შეთანხმება დაგედოთ“ – დასძინა მან მოგვიანებით და დაამტა: „მე შემეძლო გარიგების გაკეთება უკრაინისთვის. ეს მათ თითქმის მთელ მიწას მისცემდა, ყველაფერს, თითქმის მთელ მიწას – და არცერთი ადამიანი არ იქნებოდა მოკლული და არცერთი ქალაქი არ იქნებოდა დანგრეული“.

აშშ-სა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა თქვა, რომ ის „ბევრად უფრო თავდაჯერებულია“.  „ისინი ძალიან კარგები იყვნენ. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს. მათ სურთ შეაჩერონ ველური ბარბაროსობა. ვფიქრობ, მაქვს ძალა, რომ ეს ომი დავასრულო“, – აღნიშნა ტრამპმა.

ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინაში სამშვიდობო მისიით ჯარების გაგზავნის პერსპექტივასთან დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ტრამპმა თქვა: „თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს დიდებულია, მე ამას სრულად ვუჭერ მხარს“.

რუბიო-ლავროვის მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქში 

აშშ და რუსეთი დანიშნავენ გუნდებს, რომლებიც მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის ომის დასრულებაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთში მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მიღწეულია სამი ძირითადი შეთანხმება, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნებში ელჩების დაბრუნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ მოლაპარაკებები „გრძელი და რთული მოგზაურობის პირველი ნაბიჯია“. რუბიომ აღნიშნა, რომ ევროკავშირიც უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შეკითხვაზე, რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები უკრაინის კონფლიქტის გამოა, და დასძინა, რომ „ყველა მხარე“ უნდა წავიდეს „დათმობებზე“, რათა დასრულდეს „ნებისმიერი კონფლიქტი“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ „სხვა მხარეებსაც აქვთ სანქციები“, და დაამატა, რომ ევროკავშირიც „უნდა მიუჯდეს რაღაც მომენტში მოლაპარაკებების მაგიდას, რადგან მათაც აქვთ სანქციები დაწესებული“.

საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, არც უკარაინის პრეზიდენტი და არც ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები არ ყოფილან მიწვეული.

თურქეთში ვიზიტად იმყოფებოდა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. იგი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ერ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებში უკრაინული მხარე არ ყოფილა ჩართული. მან ერდოღანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები „უკრაინის გარეშე“.

ერდოღანმა მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების ადგილად მხარეებს – აშშ-ს, რუსეთსა და უკარაინას თურქეთი შესთავაზა.  მშვიდობის პირობებზე თურქეთის პოზიციის განმარტებისას, ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი „უდავოა“.

უფრო ადრე. კრემლმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ, „თუკი ეს საჭირო იქნება“.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა: „თავად პუტინმა თქვა, რომ იგი მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის, თუკი ეს საჭირო იქნება. მაგრამ შეთანხმებების სამართლებრივი საფუძველი საჭიროებს დისკუსიას იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ზელენსკის ლეგიტიმურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“.

პესკოვის თქმით, რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდეს, რადგან ამას თავისი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს.

„ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა. ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე და ეკონომიკურ პროცესებზე და აქ, რა თქმა უნდა, არავის შეუძლია რაიმე უკარნახოს რომელიმე ქვეყანას. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.

„მაგრამ ჩვენი პოზიცია უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან ან სამხედრო ალიანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულიად განსხვავებულია. არსებობს კიდევ ერთი საკითხი და ეს ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს მეტი ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ, მაგრამ დღევანდელმა მოლაპარაკებებმა შეიძლება დამატებითი დეტალები გახადოს ცნობილი.

აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში პირველი მაღალი რანგის შეხვედრა იყო მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც მოსკოვი სამი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა.

აშშ ამბობს, რომ მოლაპარაკებები პირველი ნაბიჯია იმის გასარკვევად, არის თუ არა რუსეთი „სერიოზულად განწყობილი“ ომის დასასრულებლად, ხოლო რუსეთი აცხადებს, რომ იმედოვნებს ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იგი არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც იმ მოლაპარაკებებზე იქნება მიღწეული, რომელშიც თავად არ არის ჩართული.

ევროპელ ლიდერებსაც სურდათ მონაწილეობა. 17 თებერვალს მათ საგანგებო სამიტი გამართეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, განიხილავს დიდი ბრიტანეთის ჯარების გაგზავნას უკრაინაში, მაგრამ სხვა ქვეყნებს ამის სურვილი არ გამოუხატავთ.

სერგეი ლავროვმა კი თავის ამერიკელ კოლეგასთან, მარკო რუბიოსთან გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი არ მიიღებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ჯარების უკრაინაში სამშვიდობო მისიით განლაგების წინადადებას.

„შეიარაღებული ძალების ნებისმიერი გამოჩენა სხვა დროშის ქვეშ არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა, ეს სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ლავროვმა.

ტრამპი ზელენსკის პრეტენზიებით იმედგაცრუებულია 

ტრამპმა ზელენსკისთვის დიქტატორის წოდებამდე, უკრაინის პრეზიდენტის მიმართ იმედგაცრუების შესახებ მკაფიოდ 19 თებერვალს განაცხადა, როცა თქვა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ ზელენსკის პრეტენზიებით, რომ მოლაპარაკებებში კიევი არ არის ჩართული და აღნიშნა, რომ უკრაინას ამ სამი წლის განმავლობაში და მანამდეც „შეეძლო შეთანხმების დადება“.

ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ მისთვის „სიურპრიზი“ იყო თავისი ქვეყნის არმიწვევა საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის ომის დასასრულებლად, დიდი „იმედგაცრუება“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინას ამ სამი წლის განმავლობაში და მანამდეც „შეეძლო შეთანხმების დადება“.

ჟურნალისტებთან საუბრისას მარ-ა-ლაგოში, ტრამპს BBC-მ ჰკითხა, რა იყო მისი გზავნილი უკრაინელებისთვის, რომლებიც თავს გაყიდულად გრძნობენ. „მესმის, რომ ისინი განაწყენებულები არიან იმის გამო, რომ [მოლაპარაკების მაგიდასთან] ადგილი არ აქვთ. მათ უკვე სამი წელია ადგილი ჰქონდათ და დიდი ხნით ადრეც, ეს ძალიან მარტივად შეიძლებოდა მოგვარებულიყო“, – თქვა ტრამპმა.

„თქვენ არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შესაძლებელი იყო, რომ შეთანხმება დაგედოთ“ – დასძინა მან მოგვიანებით და დაამტა: „მე შემეძლო გარიგების გაკეთება უკრაინისთვის. ეს მათ თითქმის მთელ მიწას მისცემდა, ყველაფერს, თითქმის მთელ მიწას – და არცერთი ადამიანი არ იქნებოდა მოკლული და არცერთი ქალაქი არ იქნებოდა დანგრეული“.

ტრამპმა უკრაინაში არჩევნების ჩატარების საჭიროებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ზეა ჩამოსული, მაგრამ მას არ უთქვამს, თუ რას ეფუძნება ეს მონაცემი.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ომი არასდროს არ უნდა დაწყებულიყო და ის არ მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი.

აშშ-სა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ბევრად უფრო თავდაჯერებულია“.  „ისინი ძალიან კარგები იყვნენ. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს. მათ სურთ შეაჩერონ ველური ბარბაროსობა. ვფიქრობ, მაქვს ძალა, რომ ეს ომი დავასრულო“, – აღნიშნა ტრამპმა.

ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინაში სამშვიდობო მისიით ჯარების გაგზავნის პერსპექტივასთან დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ტრამპმა თქვა: „თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს დიდებულია, მე ამას სრულად ვუჭერ მხარს“.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები