GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ მისთვის „სიურპრიზი“ იყო თავისი ქვეყნის არმიწვევა საუდის არაბეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის ომის დასასრულებლად, დიდი „იმედგაცრუება“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინას ამ სამი წლის განმავლობაში და მანამდეც „შეეძლო შეთანხმების დადება“.
ჟურნალისტებთან საუბრისას მარ-ა-ლაგოში, ტრამპს BBC-მ ჰკითხა, რა იყო მისი გზავნილი უკრაინელებისთვის, რომლებიც თავს გაყიდულად გრძნობენ. „მესმის, რომ ისინი განაწყენებულები არიან იმის გამო, რომ [მოლაპარაკების მაგიდასთან] ადგილი არ აქვთ. მათ უკვე სამი წელია ადგილი ჰქონდათ და დიდი ხნით ადრეც, ეს ძალიან მარტივად შეიძლებოდა მოგვარებულიყო“, – თქვა ტრამპმა.
„თქვენ არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შესაძლებელი იყო, რომ შეთანხმება დაგედოთ“ – დასძინა მან მოგვიანებით და დაამტა: „მე შემეძლო გარიგების გაკეთება უკრაინისთვის. ეს მათ თითქმის მთელ მიწას მისცემდა, ყველაფერს, თითქმის მთელ მიწას – და არცერთი ადამიანი არ იქნებოდა მოკლული და არცერთი ქალაქი არ იქნებოდა დანგრეული“.
ტრამპმა უკრაინაში არჩევნების ჩატარების საჭიროებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ზეა ჩამოსული, მაგრამ მას არ უთქვამს, თუ რას ეფუძნება ეს მონაცემი.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ომი არასდროს არ უნდა დაწყებულიყო და ის არ მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი.
აშშ-სა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ბევრად უფრო თავდაჯერებულია“. „ისინი ძალიან კარგები იყვნენ. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს. მათ სურთ შეაჩერონ ველური ბარბაროსობა. ვფიქრობ, მაქვს ძალა, რომ ეს ომი დავასრულო“, – აღნიშნა ტრამპმა.
ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინაში სამშვიდობო მისიით ჯარების გაგზავნის პერსპექტივასთან დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ტრამპმა თქვა: „თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს დიდებულია, მე ამას სრულად ვუჭერ მხარს“.
რუბიო-ლავროვის მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქში
აშშ და რუსეთი დანიშნავენ გუნდებს, რომლებიც მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის ომის დასრულებაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთში მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მიღწეულია სამი ძირითადი შეთანხმება, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნებში ელჩების დაბრუნება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ მოლაპარაკებები „გრძელი და რთული მოგზაურობის პირველი ნაბიჯია“. რუბიომ აღნიშნა, რომ ევროკავშირიც უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შეკითხვაზე, რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები უკრაინის კონფლიქტის გამოა, და დასძინა, რომ „ყველა მხარე“ უნდა წავიდეს „დათმობებზე“, რათა დასრულდეს „ნებისმიერი კონფლიქტი“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ „სხვა მხარეებსაც აქვთ სანქციები“, და დაამატა, რომ ევროკავშირიც „უნდა მიუჯდეს რაღაც მომენტში მოლაპარაკებების მაგიდას, რადგან მათაც აქვთ სანქციები დაწესებული“.
საუდის არაბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, არც უკარაინის პრეზიდენტი და არც ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები არ ყოფილან მიწვეული.
თურქეთში ვიზიტად მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, უკმაყოფილოა იმით, რომ ელ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებში უკრაინული მხარე არ ყოფილა ჩართული. მან ერდოღანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები „უკრაინის გარეშე“.
ერდოღანმა მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების ადგილად მხარეებს – აშშ-ს, რუსეთსა და უკარაინას თურქეთი შესთავაზა. მშვიდობის პირობებზე თურქეთის პოზიციის განმარტებისას, ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი „უდავოა“.
დღეს, უფრო ადრე. კრემლმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ, „თუკი ეს საჭირო იქნება“.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა: „თავად პუტინმა თქვა, რომ იგი მზად იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის, თუკი ეს საჭირო იქნება. მაგრამ შეთანხმებების სამართლებრივი საფუძველი საჭიროებს დისკუსიას იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ზელენსკის ლეგიტიმურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“.
პესკოვის თქმით, რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდეს, რადგან ამას თავისი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ მიიჩნევს.
„ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა. ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე და ეკონომიკურ პროცესებზე და აქ, რა თქმა უნდა, არავის შეუძლია რაიმე უკარნახოს რომელიმე ქვეყანას. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.
„მაგრამ ჩვენი პოზიცია უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან ან სამხედრო ალიანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულიად განსხვავებულია. არსებობს კიდევ ერთი საკითხი და ეს ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს მეტი ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ, მაგრამ დღევანდელმა მოლაპარაკებებმა შეიძლება დამატებითი დეტალები გახადოს ცნობილი.
აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში პირველი მაღალი რანგის შეხვედრა იყო მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც მოსკოვი სამი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა.
აშშ ამბობს, რომ მოლაპარაკებები პირველი ნაბიჯია იმის გასარკვევად, არის თუ არა რუსეთი „სერიოზულად განწყობილი“ ომის დასასრულებლად, ხოლო რუსეთი აცხადებს, რომ იმედოვნებს ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იგი არ აღიარებს შეთანხმებებს, რომლებიც იმ მოლაპარაკებებზე იქნება მიღწეული, რომელშიც თავად არ არის ჩართული.
ევროპელ ლიდერებსაც სურდათ მონაწილეობა. 17 თებერვალს მათ საგანგებო სამიტი გამართეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, განიხილავს დიდი ბრიტანეთის ჯარების გაგზავნას უკრაინაში, მაგრამ სხვა ქვეყნებს ამის სურვილი არ გამოუხატავთ.
სერგეი ლავროვმა კი თავის ამერიკელ კოლეგასთან, მარკო რუბიოსთან გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი არ მიიღებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ჯარების უკრაინაში სამშვიდობო მისიით განლაგების წინადადებას.
„შეიარაღებული ძალების ნებისმიერი გამოჩენა სხვა დროშის ქვეშ არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა, ეს სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ლავროვმა.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ