GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში პარასკევს, 28 თებერვალს, მინერალების შესახებ გარიგების ხელმოსაწერად ელოდება.
„ზელენსკი პარასკევს ჩამოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის პრობლემა არ არის, თუ მას სურს. მას სურს, რომ ამ შეთანხმებას ჩემთან ერთად მოაწეროს ხელი. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა. გამოკითხვებს თუ შეხედავთ, ვფიქრობ, ამერიკელი ხალხი ძალიან კმაყოფილია, რადგან იცით, რომ ბაიდენი ფულს ისე ფლანგავდა, როგორც ბამბის კანფეტებს. ეს ძალიან დიდი გარიგებაა. შეიძლება იყოს ტრილიონი დოლარის გარიგება. ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ უკრაინასა და რუსეთზე, ვიბრძვით ომში, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – თქვა ტრამპმა.
რა ვიცოდით ტრამპის განცხადებამდე?
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დათანხმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანი მინერალების გარიგების პირობებზე. ამის შესახებ BBC-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა კიევში განუცხადა. „ჩვენ მართლაც შევთანხმდით მასზე რიგი კარგი შესწორებებით და ვხედავთ მას, როგორც პოზიტიურ შედეგს“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა, დამატებითი დეტალების აღნიშვნის გარეშე.
მედიის ცნობით, ვაშინგტონმა შეწყვიტა ბუნებრივი რესურსების გამოყენების შედეგად პოტენციური შემოსავლების სახით 500 მილიარდი დოლარის მოთხოვნა, მაგრამ არ მისცა მყარი უსაფრთხოების გარანტიები ომით დაზარალებულ უკრაინას – უკრაინის მთავარი მოთხოვნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის ელოდებოდა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში, რომ ხელი მოეწერათ გარიგებისთვის ამ კვირაში, მას შემდეგ, რაც ორმა ლიდერმა ერთმანეთთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.
შეთანხმების მიღწევის დადასტურების გარეშე, ტრამპმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ შეთანხმების სანაცვლოდ უკრაინა მიიღებდა „ბრძოლის გაგრძელების უფლებას“.
„ისინი ძალიან მამაცები არიან, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების, მისი ფულისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე, ეს ომი ძალიან მოკლე დროში დასრულდებოდა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
შეკითხვაზე, გაგრძელდება თუ არა უკრაინისთვის ამერიკული აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, მან განაცხადა: „ალბათ, სანამ რუსეთთან შეთანხმება არ გვექნება… ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გაგრძელდება“. ტრამპმა დასძინა, რომ უკრაინაში, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, საჭირო იქნება „სამშვიდობო ძალების გარკვეული ფორმა“, მაგრამ ეს „ყველასთვის მისაღები“ უნდა იყოს.
არადა გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ უარყო აშშ-ის მოთხოვნები $500 მილიარდი დოლარის წიაღისეული სიმდიდრის შესახებ და თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის მიერ შექმნილ „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ცხოვრობდა, ტრამპმა ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა და ჩანდა, რომ ომის დაწყებაში უკრაინას ადანაშაულებდა და არა რუსეთს.
მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრიდან სამი წლის თავზე ტრამპი ცდილობს სამხედრო და სხვა დახმარების სანაცვლოდ, უკრაინის მინერალებზე წვდომა მოახდინოს.
ზელენსკის მტკიცებით, ამერიკული დახმარება არც თუ ისე დიდი იყო და ამის სანაცვლოდ ვერ გაყიდდა უკრაინას. „მე არ შემიძლია ჩვენი სახელმწიფოს გაყიდვა“, – თქვა ზელენსკიმ.
25 თებერვალს ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 300 მილიარდიდან 350 მილიარდ დოლარამდე მისცა და ეს ფული უნდა დაიბრუნონ. „ჩვენ გვინდა, რომ ეს ფული უკან დავიბრუნოთ. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას ძალიან დიდი პრობლემის გადალახვაში… მაგრამ ამერიკელი გადასახადის გადამხდელი ახლა თავის ფულს დანამატით მიიღებს უკან“.
უკრაინული წყაროების თანახმად, აშშ-ს მოუწია ომისგან დაზარალებული სახელმწიფოსაგან თავისი თავადაპირველი უფრო მძიმე მოთხოვნები უკან წაეღო და ამ შეთანხმების ბევრი დეტალი შემდგომ მოლაპარაკებებს საჭიროებს.
თუმცა, როგორც BBC შენიშნავს, პრეცედენტი უკვე შექმნილია. აშშ-ის დახმარებას ტრამპის ეპოქაში მოჰყვება პირობები. დახმარება მხოლოდ და მხოლოდ დახმარებისათვის – იქნებოდა ეს ჰუმანიტარული თუ სტრატეგიული მიზეზების გამო – წარსულის ამბავია. ეს წარმოადგენს ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ გადაწყობას 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გლობალური დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით მარშალის გეგმის დღეებიდან, ცივი ომის შემდგომი იდეალიზმისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის „თავისუფლების დღის წესრიგის“ გატარებამდე.
უკრაინა მხოლოდ დასაწყისია. მოსალოდნელია, რომ ტრამპი და მისი საგარეო პოლიტიკური გუნდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პრინციპებს გამოიყენებენ.
როგორც უკრაინული გამოცემა „Ukrainska Pravda“ იუწყება, მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. საინფორმაციო ვებგვერდის ეკონომიკის განყოფილების მიხედვით, ორი ქვეყანა ასევე შეთანხმდა „აღდგენის საინვესტიციო ფონდის“ შექმნაზე.
უკრაინა ფლობს კრიტიკული ელემენტებისა და მინერალების უზარმაზარ საბადოებს, მათ შორის ლითიუმისა და ტიტანის, ასევე ნახშირის, გაზის, ნავთობისა და ურანის მნიშვნელოვან საბადოებს – მილიარდობით დოლარის ღირებულების მარაგებს.
გასულ წელს, ზელენსკიმ წარუდგინა „გამარჯვების გეგმა“ უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებს, რომლის თანახმადაც, ომის დასრულების შემდეგ უცხოური კომპანიები შეძლებდნენ ქვეყნის ზოგიერთ მინერალურ სიმდიდრეზე წვდომას.
25 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის ღიაა აშშ-ს შესთავაზოს იშვიათ მინერალებზე წვდომა, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებიდან.
უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები სულ უფრო შეშფოთებულები არიან აშშ-რუსეთის ურთიერთობების დათბობის, მათ შორის ახალახან საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების გამო.
კიევსა და მთელ ევროპაში არსებობს შეშფოთება, რომ ისინი შეიძლება გამორიცხონ ნებისმიერი მოლაპარაკებებიდან, რომელთა მიზანიც ომის დასრულებაა და რომ კონტინენტის მომავალი უსაფრთხოება შეიძლება მათ ზურგს უკან გადაწყდეს.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ