ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უხვი ნალექითა და დიდთოვლობით გამოწვეული საგზაო მოძრაობის შეფერხების აღმოსაფხვრელად, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
დილიდან, ცენტრალური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს. პარალელურად, იყრება ტექნიკური მარილი.
შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ამ ეტაპზეც, სპეცტექნიკა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, თოვლწმენდის სამუშაოები ყველა საჭირო მიმართულებით ხორციელდება, რათა დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები უმოკლეს ვადაში მოგვარდეს.
ადგილზე არსებულ ვითარებასა და მოსახლეობის საჭიროებებს პირადად ეცნობიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და გზის გაწმენდით სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანიის წარმომადგენლები.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.