როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა. ამერიკელმა მილიარდერმა გააზიარა USAID-ის შესახებ მაიკ ბენცის პოსტი და ვიდეო, რომელშიც თბილისის აქციების კადრებიც არის ნაჩვენები.
პაპუაშვილი ამბობს, რომ მისი მოწოდება აშშ-ის კონგრესისადმი, გამოეძიებინა სავარაუდოდ მიზანმიმართულად დაშვებული შეცდომები, უშედეგო აღმოჩნდა.
„USAID-მა, საქართველო-აშშ-ს შორის მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა გარკვეული სამწუხარო შეცდომები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გამოსწორებული. მე მოვუწოდე აშშ-ის კონგრესს, რომ გამოეძიებინა ეს სავარაუდოდ მიზანმიმართულად დაშვებული შეცდომები, თუმცა უშედეგოდ.
„2020 წლის საქართველოს არჩევნების შემდეგ, USAID-ის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გაავრცელა ყალბი PVT-ის შედეგები, რომელიც NDI-ის პროგრამული უზრუნველყოფით იყო ჩატარებული და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“, რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხის დოკუმენტირების შემდეგ, გამოააშკარავა ეს თაღლითობა, ISFED-მა აღიარა „შეცდომა“ და გამოტყდა, რომ USAID-ის ადგილობრივმა განყოფილებამ იცოდა სიცრუის შესახებ, მაგრამ აირჩია დუმილი. ამან გამოავლინა, რომ USAID-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი ადამ შმიდტი, რომელმაც შეხვედრაზე დაგვარწმუნა, რომ ISFED-ის მონაცემებზე ჩატარდა აუდიტი და შეცდომა არ იყო, სინამდვილეში ატყუებდა როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ხალხს.
ცალკე საკითხია საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის კეთილსინდისიერება, რომელმაც აიღო შუამავლის ფუნქცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაშინ, როცა, დიდი ალბათობით, იცოდა სიცრუის შესახებ, მაგრამ მაინც დუმდა.
ISFED-ი დღემდე აგრძელებს საქმიანობას საქართველოში უცხოური დაფინანსებით და ახლა კვლავ ამტკიცებს, რომ 2024 წლის არჩევნებიც გაყალბდა, თავიანთი PVT-ის შედეგების გამოქვეყნების გარეშე, რადგან ისინი რეალურად ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს. გვაქვს ინფორმირებული ეჭვი, რომ არგამოქვეყნება მოხდა USAID-ის ზეწოლით.
როდესაც შარშან თბილისში შევხვდი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს, შენონ გრინს და მის მოადგილეს, ალექსანდრ სოკოლოვსკის და 2020 წლის სკანდალზე ნათელის მოფენა ვთხოვე, მირჩიეს, დამევიწყებინა წარსული და მომავლისკენ გამეხედა.
როგორც ჩანს, ახლა წარსული USAID-ს თან სდევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც“, – წერს შალვა პაპუაშვილი.