„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
ყაველაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობის თითოეულ წევრს. გაცნობიერებული მაქვს, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ მოქმედმა პრეზიდენტმა უგულვებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაციაა გაღვივებული, ჩვენი არაკეთილმოსურნე მეგობრები ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან საპასუხისმგებლოა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლოა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ჰყოფს და აპირისპირებს ადამიანებს, ამის საპირისპიროდ სიყვარული არის გამაერთიანებელი. მე მინდა, დაგპირდეთ, უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს საზოგადოება ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გაერთიანდეს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გახდის ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრია. 2016–2020 წლებში იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), 2020 წლიდან კი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი). 2022 წელს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, დატოვა „ქართული ოცნება“ და გაერთიანდა პარტიაში „ხალხის ძალა“. 2024 წლის 20 მარტიდან ის პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანია.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორიცაა: „მანჩესტერ-სიტი“, „გრასჰოფერი“, „ციურიხი“, „ლუცერნი“. მიღებული აქვს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია და ასევე – უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. 2009 წელს საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი გახდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.