Thursday, November 21, 2024
12.8 C
Tbilisi

[ვიდეო] ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება დამაკმაყოფილებელია – დირექტორი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, ოგანეს ჩახალიანის განცხადებით, სკოლაში ქართული ენის სწავლების დონე დამაკმაყოფილებელია და მოსწავლეებში სახელმწიფო ენისადმი ინტერესი მზარდია. მისი თქმით, ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განაგრძობს სწავლას, ზოგი უმაღლეს სასწავლებლებში, ზოგი კი პროფესიულ კოლეჯებში.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიან

„ამ დროისთვის, ჩვენი სკოლის 2 კურსდამთავრებული ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ბოლო წლებში ჩვენი სკოლიდან, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების სკოლებიდან აბიტურიენტები უმეტესწილად საქართველოს ქალაქებში მიდიან სწავლის გასაგრძელებლად და ჩვენი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების ან პროფესიული კოლეჯების სტუდენტები ხდებიან. ამის წინაპირობას კი სკოლები ქმნიან, სადაც ბოლო 10-15 წელი სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

„ადრეულ წლებში ჩვენთან ქართული ენის სწავლების დონე დაბალი იყო, თან კვირაში 1 ან 2 საათი თუ ეთმობოდა მას და შესაბამისად, აქაური სკოლების კურსდამთავრებულები ვერ ფლობდნენ სახელმწიფო ენას და სომხეთში ან რუსეთში მიდიოდნენ და იქ იღებდნენ უმაღლეს განათლებას. მაგრამ ამჟამად, ბოლო 10-15 წელიწადი, უმრავლესობა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში არჩევს სწავლის გაგრძელებას.

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სკოლის ეზოში

„მაგალითისთვის, ჩვენი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის, ქალბატონ ქნქუშ პამბუხჩიანის ვაჟმა საქართველოში დაამთავრა უმაღლესი და თბილისში მუშაობს პოლიციაში, ქალიშვილმაც თბილისში დაამთავრა უნივერსიტეტი და სამუშაოდაც იქ დარჩა. ისინი შესანიშნავად ფლობენ ქართულ ენას, დედაქალაქში ცხოვრობენ და მუშაობენ. ეს დიდი ცვლილებაა, რადგან ადრე ასეთი რამ იშვიათობას წარმოადგენდა.

„ბოლო პერიოდში მეტი ინტეგრირება მოხდა ეთნიკურ სომხებსა და ქართველებს შორის, უფრო მეტად დავუახლოვდით ერთმანეთს და ამ კუთხით სკოლა და მომავალი თაობა გადამწყვეტ როლს ასრულებს. ახალგაზრდების დიდი ნაწილი უკვე საქართველოში ხედავს თავის მომავალს და ქართული უნივერსიტეტებისკენ იღებს გეზს. თუმცა ვისურვებდი, რომ დასაქმების მხრივ მეტი შესაძლებლობა იყოს, რადგან მნიშვნელოვანია მომავალმა თაობამ სწავლის შემდგომ კარიერული განვითარების თვალსაზრისით შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება. სოფლებში კი, მოგეხსენებათ, სკოლების გარდა პრაქტიკულად არაფერი ფუნქციონირებს და ამდენად, სამუშაო ადგილების დიდი ნაკლებობაა“, – აღნიშნა ოგანეს ჩახალიანმა და დაამატა:

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიან

„მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო. მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩვენმა მასწავლებლებმა აიმაღლონ სტატუსი. 7 მასწავლებლიდან ექვსს სტატუსი აქვს და მხოლოდ ერთია დარჩენილი უსტატუსო და მე მას ყველანაირად სტიმულს ვაძლევ, რომ მოემზადოს, გავიდეს გამოცდაზე და თავადაც გახდეს უფროსი მასწავლებელი. ის მუსიკის და ხელოვნების მასწავლებელია. მას ახლა დიდი მოტივაცია აქვს იმისათვის, რომ გავიდეს გამოცდაზე, რადგან სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, სამჯერ მეტ ხელფასს მიიღებს, მეორე მხრივ, თუკი 2026-2027 სასწავლო წლამდე არ აიმაღლებს სტატუსს, შემდეგ მუშაობის უფლებაც ეზღუდება. დავაზუსტებ, ამჟამად, ჩემი ჩათვლით სულ 8 პედაგოგი ვმუშაობთ სკოლაში და აქედან 7 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა, ერთი კი, ჯერ კიდევ უსტატუსო. იმედს ვიტოვებ, რომ მალე 100%-იანი სტატუსის მქონე მასწავლებელი გვეყოლება“.

დაბლა იხილეთ ვიდეომასალები სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილიდან.

უფროსი მასწავლებელი ქალბატონი ქნქუშ პამბუხჩიანი მე-3 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან, კლასკომპლექტთან ატარებს გაკვეთილს.

დაბლა ვიდეოში სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე, არარატი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს წარმოთქვამს.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები