სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებს. სკოლის ახალი დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი აცხადებს, რომ საბჭოთა პერიოდში აშენებული სკოლა ვერანაირად ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.
„თავადაც ხედავთ, როგორაა დაზიანებული სკოლის შესასვლელი კიბეები და გარე თუ შიდა კედლები, იატაკი. საკლასო ოთახები არასახარბიელო მდგომარეობაშია, სასკოლო ინვენტარი ამორტიზებულია.
„ჩვენთან გრძელი და ძალიან ცივი ზამთარი იცის, შეშის ღუმელები სკოლის ამხელა აუდიტორიებს სათანადოდ ვერ ათბობს. საბჭოთა და შემდგომ წლებში აქ ცენტრალური გათბობა გამართულად მუშაობდა, მაგრამ ახლა უკვე საკლასო ოთახებში შემორჩენილი ეს რადიატორები მხოლოდ ჯართისთვის თუ გამოდგება.
„საჭიროა ყველაფრის ფუნდამენტურად შეცვლა, საჭიროა სკოლას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდეს და ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც თანამედროვე სკოლას შეეფერება. სხვაგვარად, ასეთ მდგომარეობაში, არ არსებობს იმის რაიმე შანსიც კი, რომ ჩვენმა სკოლამ სავალდებულო ავტორიზაცია გაიაროს“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ფატმან ლაკლაკიშვილმა.
დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, საკითხის მოგვარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წერილით მიმართვას აპირებს.
„უნდა ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, განათლების სამინისტრო, რომ მოხდეს ჩვენი სკოლის რეაბილიტაციის პროექტში დროული ჩასმა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც 2026 წლისთვის საქართველოს 800 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ან ახლის აშენებას ითვალისწინებს, უმნიშვნელოვანესია და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სკოლაც შეუერთდება ამ 800 სკოლის რიგებს.
„ვფიქრობ, ასეთ, პრაქტიკულად გარე სამყაროსგან მოწყვეტილ, რთულ კლიმატურ პირობებში მცხოვრებ ბავშვებზე, რომლებიც ისედაც ბევრ რამეს არიან მოკლებული, თანამედროვე სკოლას უზარმაზარი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ნიჭიერი ბავშვის შესაძლებლობები იკარგება სპორტსა თუ ხელოვნებაში, მხოლოდ იმის გამო, რომ სოფლად არ არსებობს წრეები, ახალქალაქამდე კი30 კილომეტრია და აქ მცხოვრებლებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ იქით-აქეთ, 60 კილომეტრის მანძილზე ატარონ ბავშვები. მით უფრო გზის გარკვეული მონაკვეთიც – დაახლოებით, 6-7 კილომეტრი, მოუწესრიგებელია.
„აქაურების შემოსავლის ძირითადი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი წყაროც კი, კარტოფილია. მეტი აქ არაფერი მოდის. აქედან გამომდინარე, მიგრაციული პროცესი დღითიდღე მატულობს. ძირითადად რუსეთში მიდიან ოჯახები. ახლახან ჩვენი თანამშრომლის, ჩვენი ბუღალტრის ვაჟიც რუსეთში წავიდა საცხოვრებლად. მას სამი შვილი ჰყავს და ეს სამი შვილი ჩვენს სკოლას მოაკლდა. მომავალი 2 სასწავლო წელი პირველკლასელი საერთოდ არ გვეყოლება. თანდათან დაბლა ჩამოდის მოსწავლეთა რაოდენობა, უკვე 60-ს უახლოვდება, არადა თავის დროზე სკოლის ეს საკმაოდ დიდი, 2-სართულიანი შენობა რამდენიმე ასეულ ბავშვზე იყო გათვლილი“, – სინანულით უთხრა GUARDIANGE-ის ფატმან ლაკლაკიშვილმა, რომელიც 12 წელია დიდი სამსარის საჯარო სკოლაში ქართულის როგორც მეორე ენის მასწავლებელია და კარგად იცნობს სკოლაში და საგანმანათლებლო სფეროში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს.
მისი ორივე შვილი დიდი სამსარის საჯარო სკოლაში სწავლობს, უმცროსი შვილი წელს შევიდა პირველ კლასში.
როგორც ფატმან ლაკლაკიშვილმა თქვა, გამომდინარე იქიდან, რომ სოფელში საბავშვო ბაღი არ არსებობს, პირველკლასელებს არ აქვთ გაკვეთილზე მოქცევის შესაბამისი უნარები.