Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

ბრაზილიის პრეზიდენტმა რუსეთში BRICS-ის სამიტზე გამგზავრება ინციდენტის გამო გააუქმა

GUARDIANGE – ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ რუსეთში BRICS-ის სამიტზე ვიზიტი საკუთარ სახლში მომხდარი შემთხვევის გამო გააუქმა, – ნათქვამია მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მას ჭრილობა თავის უკანა მხარეს, კისრის ოდნავ ზემოთ აქვს მიყენებული.

78 წლის ლიდერი მიმდინარე კვირის სამშაბათიდან ხუთშაბათამდე ქალაქ ყაზანში BRICS-ის განვითარებადი ეკონომიკის ბლოკის სამიტს უნდა დასწრებოდა.

სან პაულოს საავადმყოფო Sirio Libanês-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ მემარცხენე ლიდერს მიეცა ინსტრუქცია, არ გამგზავრებულიყო შორ მანძილზე, მაგრამ შეეძლო განეგრძო სხვა საქმიანობები. ექიმებმა – რობერტო კალილმა და ანა ჰელენო გერმოგლიომ განაცხადეს, რომ ისინი რეგულარულად დააკვირდებიან ლულას გამოჯანმრთელების პროცესს.

ბრაზილიის პრეზიდენტის ოფისმა ცალკე განცხადებაში აღნიშნა, რომ ლულა სამიტში მონაწილეობას ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მიიღებს და განაგრძობს მუშაობას დედაქალაქ ბრაზილიაში. ოფისმა არ გაასაჯაროვა დეტალები იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია პრეზიდენტის დაზიანება.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ლულამ 19 ოქტომბერს, საღამოს, აბაზანაში დაცემის შედეგად თავი დაარტყა და საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაუტარდა.

საინფორმაციო ვებგვერდმა, „G1“ განაცხადა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს ახლა ხუთი ნაკერი აქვს დადებული.

ლულა რუსეთში 20 ოქტომბერს უნდა გამგზავრებულიყო. ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაურო ვიეირამ დაადასტურა, რომ მის ნაცვლად კონფერენციას თავად დაესწრება.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ბრაზილიის ლიდერის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები