საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა 3 ოქტომბერს შედგა.
მაკრონმა ფაშინიანს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რადგან ეს ხალხის ინტერესებში შედის.
როგორც ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს სომხეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სომეხი ხალხის სწრაფვას მშვიდობისა და დემოკრატიისკენ.
„პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი ერთგულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისადმი, რომლებიც მიზნად ისახავს სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად მიღწევას საერთაშორისო სამართლისა და რეგიონში მცხოვრები ხალხის ინტერესების დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მაკრონი და ფაშინიანი ასევე შეთანხმდნენ, გააგრძელონ საფრანგეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება.