Sunday, November 24, 2024
13.8 C
Tbilisi

რა მიზეზით არ ასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოს შიდამონიტორინგის დეპარტამენტი სავარაუდო დანაშაულის შესახებ თვეების წინ დაწყებულ მოკვლევას?

საინფორმაციო პორტალი region.ge განაგრძობს მასალების ციკლს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა  და ტრეფიკინგის  მსხვერპლთა,  დაზარალებულთა დახმარების  სააგენტოში არსებული ვითარების შესახებ.

როგორც წინა ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი, არასრულწლოვნების მშობელი აცხადებდა, საქმე ეხება აღნიშნული სააგენტოს ფსიქოლოგს, ნინო სამხარაძეს, რომელმაც საკუთარ დასკვნაში – ე.წ. სიტუაციურ ანალიზში, საკვანძო ფაქტი გააყალბა.

აღნიშნული ფაქტის გაყალბება კი იმავე უწყების იურისტმა, ნათია სვანიძემ საფუძვლად გამოიყენა, რომ არასრულწლოვნების მშობლის მიმართ ჯარიმა გამოეწერა, თითქოსდა, ის მოსამართლის განჩინებას არ ასრულებდა.

„მე მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, რათა დაეჩქარებინა მათსავე დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ის შიდამონიტორინგის სამსახურს მოკვლევა ფსიქოლოგ ნინო სამხარაძისა და იურისტ ნათია სვანიძის მიმართ.

გარდა ამისა, საქმის მიმართ დაინტერესება გამოხატეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, რის შემდეგაც, მე ე.წ. ზრუნვის სააგენტოს შიდამონიტორინგის დეპარტამენტიდან დამიკავშირდნენ და შეხვედრა მთხოვეს.

აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უწყების შიდამონიტორინგის დეპარტამენტი, თვეების წინ, ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლისა და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა სოციალური მუშაკის – სალომე ჯიოშვილის, მისი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და თვით თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან ე.წ. დისციპლინარული გადაცდომის ფაქტი, რაც, ჩემი შეფასებით არის არა დისციპლინარული გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაული და მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულის რგოლები არიან აგრეთვე ფსიქოლოგი ნინო სამხარაძე და იურისტი ნათია სვანიძე.

მოკლედ, შეთანხმებისამებრ შეხვედრა შედგა, რომელიც ჩაწერილია, ყველა მონაწილე პირის მიერ გამოთქმულია შეხვედრის ჩაწერის თანხმობა, ჩანაწერი ოქმის სახით შედგა და შესაბამისად, მას მტკიცებულებითი ხასიათი გააჩნია.

მე შეხვედრის დასაწყისშივე დავინტერესდი, რატომ გაწელა ე.წ. ზრუნვის სააგენტოს შიდამონიტორინგის სამსახურმა ფსიქოლოგ ნინო სამხარაძისა და იურისტ ნათია სვანიძის მიმართ დაწყებული მოკვლევა.

ჩემი ინფორმაციით, შიდამონიტორინგის დეპარტამენტს მოკვლევისთვის ვადად ერთი თვე აქვს განსაზღვრული, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეს ვადა შეიძლება სამ თვემდე გაიზარდოს. ფსიქოლოგ სამხარაძისა და იურისტ სვანიძის მიმართ კი შიდა მოკვლევა სამ თვეზე ბევრად მეტი ხანია გრძელდება.

მოკლედ, ე.წ. ზრუნვის სააგენტოს შიდამონიტორინგის სამსახურმა ამიხსნა, რომ მათთვის აღნიშნული სამთვიანი ვადის ათვლა იწყება ყოველი ახალი ინფორმაციის მიღებიდან, ანუ, თუ მე მივმართე შიდამონიტორინგის სამსახურს სავარაუდო დარღვევის შესახებ პირობითად აპრილში და სხვა დარღვევის შესახებ ივნისში, შიდამონიტორინგის სამსახური ათვლას უკვე ივნისიდან იწყებს.

ანუ გამოდის, რომ იურისტმა ნათია სვანიძემ და ფსიქოლოგმა ნინო სამხარაძემ კიდევ რომ ჩაიდონონ აღსრულების პროცესში სავარაუდო დარღვევა, ან ერთმანეთში ბავშვი და ძაღლი რომ აურიონ (რისი პრეცედენტიც უკვე იყო სვანიძის მხრიდან) და მე ამის შესახებ ვაცნობო ე.წ. ზრუნვის სააგენტოს, რეაგირებას კიდევ სამი თვის განმავლობაში უნდა ველოდო, ამასობაში კი ახალი ფაქტი დაფიქსირდება და ათვლა თავიდან დაიწყება…

არაფერს ვამატებ, არსებობს შეხვედრის ჩანაწერი და რაც განმიცხადეს ის ოქმის სახით ინახება“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მისივე თქმით, ე.წ. ზრუნვის სააგენტოს შიდამონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა, ტენდენციური შეფასება მისცა ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიერ საკუთარ სიტუაციურ ანალიზში ფაქტის გაყალბებას და განაცხადა, რომ ეს დასკვნის შეფასებითი ნაწილი იყო.

„ჩემი შვილი არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი დედისა და არა მხოლოდ მისი მხრიდან. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ის, მოსამართლის განჩინების მიუხედავად, დედასთან არ მიდის და ეს ძალიან კარგადაა ცნობილი როგორც ფსიქოლოგ ნინო სამხარაძისთვის, ისე ნათია სვანიძისთვის და სავარაუდოდ, ყველა იმ პირისთვის ზრუნვის სააგენტოში, ვინც ჩვენს საქმეშია ჩართული.

მოკლედ, აღსრულების დღეს, ერთ-ერთი ვიზიტის დროს,  ფსიქოლოგმა ნინო სამხარაძემ ჰკითხა ჩემს არასრულწლოვან შვილს, თუ რა აქტივობები ჰქონდა დაგეგმილი იმ დღეს, რაზეც ბავშვმა უპასუხა, რომ ცეკვის წრეზე უნდა წასულიყო.

იგივე კითხვა დაუსვა სამხარაძემ ბავშვს მეორე ვიზიტის დროსაც და სანამ ბავშვი უპასუხებდა, თავად დაასწრო და ჰკითხა, ცეკვაზე მიდიხარო? რაზეც ბავშვმა თავის დაქნევით უპასუხა. ბავშვი ცეკვაზე დადის წლებია და ის წრეზე უნდა მივიდეს, მიუხედავად იმისა, დედასთან იქნება თუ მამასთან.

ფსიქოლოგმა ნინო სამხარაძემ კი, საკუთარ, ე.წ. სიტუაციურ ანალიზში ჩაწერა ყოვლად უტიფარი ფრაზა, რომ, თითქოსდა, ბავშვს „მრავალი აქტივობა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ, არც ერთი დედასთან ერთად“.

ჯერ ერთი, სამხარაძეს ბავშვთან საუბარში არც დედა და არც მამა არ უხსენებია, ხოლო თავის ვითომ ანალიზში დახატა სურათი, რომ მე თითქოსდა ჩემს არასრულწლოვან შვილს ვუგეგმავ მრავალ აქტივობას, ოღონდ დედასთან არ წავიდეს.

მოგვიანებით, იურისტმა ნათია სვანიძემ განმიცხადა, რომ გავცნობოდი ფსიქოლოგის დასკვნას, საიდანაც ჩანს,რომ მე ბავშვს სხვადასხვა აქტივობას ვუგეგმავდი და სწორედ ამიტომ დამიწერა ჯარიმა.

სხვათა შორის, თითქოსდა მოსამართლის განჩინების აღუსრულებლობის ფაქტზე, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ პროკურატურას და შსს-ს მიმართა და ჩემ მიმართ გამოძიება დაიწყო.

როდესაც სამხარაძის მიერ ფაქტის გაყალბების შესახებ მე შიდამონიტორინგის სამსახურს განვუცხადე, სამსახურის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ეს იყო შეფასებითი მხარე.

შეფასებითი მხარე იქნებოდა მაშინ, თუ სამხარაძე დაწერდა, რომ „სავარაუდოდ არცერთი აქტივობა დედასთან ერთადო“, მან კი ეს ყველაფერი მტკიცებით ფორმაში დაწერა. შესაბამისად, მე კიდევ უფრო მიმყარდება რწმენა, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, დანაშაულის მთელ ვერტიკალთან, სადაც ჩართული არიან უწყების მაღალჩინოსნები და ე.წ. ზრუნვის სააგენტოს შიდამონიტორინგის სამსახური ყველანაირად ცდილობს გამოიყვანოს უწყების თანამშრომლები შექმნილი ჩიხური ვითარებიდან“, – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

მისივე თქმით, მან ისიც კი არ იცის, სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის გარდა ვინაა მხილებული მისი შვილების საქმესთან დაკავშირებით ე.წ. დისციპლინარულ გადაცდომაში.

„ამას უწყების შიდამონიტორინგის სამსახურში პერსონალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტით ხსნიან. ანუ მე არ უნდა ვიცოდე, ვინ არის მხილებული ჩემი შვილების ბედით მანიპულირებაში გარდა დაბალი რგოლის, სალომე ჯიოშვილისა?

ჩემი ინფორმაციით, ჩემს საქმეს ისევ ის პირები კურირებენ, რომლებიც ამავე საქმეზე დისციპლინარულ გადაცდომაში არიან მხილებულნი.

ამასთან, როდესაც საქმე პერსონალური ინფორმაციის თემას შეეხო, მე მივაწოდე შიდამონიტორინგის სამსახურს ფაქტი, როდესაც იურისტმა ნათია სვანიძემ სავარაუდოდ დაარღვია არასრულწლოვნის მიმართ პერსონალური ინფორმაციის დაცვის სტანდარტი და მოუსმინა ჩანაწერს, რომელზე რეაგირებაც, როგორც მოგვიანებით განმიცხადა, მისი კომპეტენცია არ იყო.

როდესაც მე ეს ფაქტი შიდამონიტორინგის სამსახურს ვაცნობე, მისმა წარმომადგენელმა განმიცხადა, რომ სვანიძემ ჩანაწერს იმიტომ მოუსმინა, დარწმუნებულიყო მისი კომპეტენცია იყო თუ არა. თანაც, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მან ჩემთან ზარი განახორციელა.

ანუ, გამოდის, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტოში შესულ ყველა, პერსონალური ინფორმაციის შინაარსის ჩანაწერს შეუძლია მოუსმინოს ყველამ, სანამ არ დარწმუნდება რომ მისი კომპეტენცია არაა?“- აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

ის მოუწოდებს ჯანდაცვის მინისტრს, მიხედოს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში არსებულ ვითარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვების ბედით და მომავლით მანიპულირების ფაქტები წინასაარჩევნოდ ძალიან ხმამაღალ სიტყვას იტყვის, რადგან ის არაა ერთადერთი, ვინც ამ უწყებას ბავშვების ბედით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ სარჯველაძეს, მიხედოს ე.წ. ზრუნვის სააგენტოში არსებულ განუკითხაობას;

მოვუწოდებ ე.წ. ზრუნვის სააგენტოს შიდამონიტორინგის სამსახურს, პირველ რიგში, დაუყოვნებლივ გააუქმოს სვანიძის მიერ დაწერილი ჯარიმის ოქმი, ისევე, როგორც სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის დასკვნა გააუქმა და აგრეთვე, სასწრაფოდ დადოს დასკვნა იურისტ ნათია სვანიძისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიმართ;

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, დააჩქაროს გამოძიების დაწყება ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუსაკის, სალომე ჯიოშვილისა და ფსიქოლოგ ნინო სამხარაძის მიმართ და მომცეს შესაძლებლობა, გადავცე მათ ჩემ ხელთ არსებული მტკიცებულებები“ – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები