თუ გსურთ ევროკავშირში ყოფნა, უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს კურსს, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ევროპულმა საბჭომ, ე.ი. 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა. და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველაფერი შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად ყოფილიყო. ჩვენ წინ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდით, ჩვენ გვინდა წინსვლა, თუმცა გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია.
რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალმხრივი და ღრმა ურთიერთობები. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ ვართ განვითარების სფეროში ერთ-ერთი უდიდესი დონორი საქართველოში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დროისთვის საქართველოს მიმართ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები და ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური თანხმობები ამჟამად არ არის. ბუნდესვერმა ასევე გააუქმა მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი”. ჩვენ ასევე გავაუქმეთ ყველაზე დიდი ფორუმი სამართლის დარგში, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. განვიხილავთ ასევე შემდგომ ზომებს.
მოკლედ: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, წინ უნდა წავიდეთ და მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს: გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ. მაგრამ თქვენ იცნობთ ამ პროცესს. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, ვერ შეძლებთ გაწევრიანებას. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქართველი მეგობრები უნდა დაფიქრდნენ, მნიშვნელოვანია თუ არა ევროკავშირი მათთვის, მათი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. თუ გსურთ ევროკავშირში ყოფნა, უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს კურსს“, – აცხადებს ფიშერი, რომლის კომენტარს გერმანიის საელჩო ავრცელებს.