Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი: „მეგობარი აქტი“ ქართველი ერის მხარდასაჭერადაა, ითვალისწინებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს ძირს უთხრის, საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას

ორპარტიული „მეგობარი აქტი“ არის ქართველი ერის მხარდასაჭერად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ მათ სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება, – ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა დემოკრატიის დასაცავად გმირულად იმოქმედა.

„მე შევთავაზე შესწორებები მეგობარი სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის შემოთავაზებულ კანონმდებლობაში. მადლობელი ვარ მათი ექსპერტიზისა და ლიდერობისთვის ქართველი ერის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერაში. ვაფასებ ჩვენს ერთად მუშაობის შესაძლებლობას, ორპარტიულ და ორპალატიან გზას ამ კრიტიკული მომენტის გადასალახად. „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“, პალატის წევრები და სენატორები ერთად დგანან ქართველი ერის მხარდასაჭერად. ქართველმა ხალხმა დიდი საფრთხის დროს საკუთარი დემოკრატიის დასაცავად გმირულად იმოქმედა. ჩემთვის პატივია, ვიმუშაო ჩემს კოლეგებთან ერთად, რათა დავეხმაროთ ქართველ ერს ნათელი მომავლის დაცვაში.

ორპარტიული „მეგობარი აქტი“ არის ქართველი ერის მხარდასაჭერად. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ მათ სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება. ომის დანაშაულების ჩამდენმა პუტინმა არაკანონიერად მოახდინა 2008 წლიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია. ესენია – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ეს ჩაიდინა ომის დანაშაულების ჩამდენმა პუტინმა. ეს არ იყო შთაგონებული რომელიმე სხვა ალიანსით. მე ვესტუმრე საქართველოში ქალაქ გორს. პირადად ვნახე პუტინის უკანონო სამხედრო ძალები. ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დედაქალაქ თბილისში სტუმრობამ. რა არაჩვეულებრივი ხალხია იქ. ოთხი ვაჟი მყავს, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობდნენ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ძალიან მამაცები იყვნენ“, – აღნიშნა უილსონმა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, „მეგობარი აქტი“ შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით და საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას. მისივე თქმით, ის ასევე ითვალისწინებს სანქციებსაც.

„ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო რუსული სტილის ორმაგი კანონი, რომელიც თვითნებური დაპატიმრებისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციის საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ, პუტინის „უცხოური აგენტის“ კანონმდებლობა, პირველ რიგში, ინიცირებული იყო რუსი ხალხის დაჩაგვრის მიზნით. ომის დანაშაულების ჩამდენი პუტინი ხელს უწყობს ამ ღალატს, რადგან ის ისწრაფვის წარუმატებელი საბჭოთა იმპერიის აღდგენისკენ, რომ სარგებელი მიიღონ ოლიგარქებმა. პუტინი ცდილობს, აღადგინოს წარუმატებელი საბჭოთა იმპერია და ამერიკელი ხალხი, უმეტესობა, ამას აღიარებს. ჩვენ ამას ვხედავთ, შეიჭრა საქართველოში, შემდეგ კი – უკრაინაში და ემუქრებოდა სომხეთს, ესტონეთს და ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას.

„მეგობარი აქტი“ შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით, რომელსაც შეერთებული შტატები, დიდი ხანია, ინარჩუნებს ქართველი ერის მიმართ. ის ითვალისწინებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის, ამავდროულად, ხაზს უსვამს პოზიტიურ ხედვას აშშ-საქართველოს ურთიერთობების მხრივ და საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას. კანონპროექტი ასევე შეიცავს დებულებებს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა უილსონმა, რომლის კომენტარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები