თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის შედეგად ბაგები-წყნეთიდან უნივერსიტეტის ქუჩისკენ წამოსული ნაკადები გადანაწილდება და მოძრაობა განიტვირთება.
„დავიწყეთ ახალი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად, ბაგების ახალი ხიდიდან მომავალ ავტომობილებს პირდაპირ დააკავშირებს ქავთარაძის ქუჩასთან, შავიშვილის ქუჩის გავლით. ბაგები-წყნეთიდან წამოსული ნაკადები ძირითადად უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით მიდის. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მოხდება ნაკადების გადანაწილება და მოძრაობის განტვირთვა. სამუშაოები მომავალი წლის იანვარში მთლიანად დასრულებული იქნება. პირველ მონაკვეთზე გვირაბი გაკეთდება, რომელიც შავიშვილის ქუჩას გაივლის და ქავთარაძის ქუჩას დაუკავშირდება.
პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ქალაქში მსგავსი სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.
პროექტის ფარგლებში, გვირაბის მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა. ასევე, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება LED სანათები. ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინა-ბეტონის დამცავი კედლები მოეწყობა.
გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით.
თბილისის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაო პროცესს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გია აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნენ.