Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

დაღესტანში ტერაქტების შედეგად 15-ზე მეტი პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა

GUARDIANGE – დაღესტანში ტერორისტული თავდასხმების შედეგად 15-ზე მეტი პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირია დაღუპული, – განაცხადა დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა.

რეგიონში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

როგორც მელიკოვმა აღნიშნა, რესპუბლიკაში მდგომარეობას სახელმწიფო უწყებები და სამართალდამცავები აკონტროლებენ, ოპერატიული ძებნა და საგამოძიებო ღონისძიებები კი მანამ გაგრძელდება, სანამ ტერაქტში მონაწილე ყველა პირი არ იქნება იდენტიფიცირებული.

23 ივნისს, საღამოს, შეიარაღებულმა ჯგუფმა დერბენტში სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნა, შედეგად შენობებში ხანძარი გაჩნდა. თითქმის პარალელურად, ცნობილი გახდა მახაჭყალაში საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმის შესახებ. გარდა ამისა, კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა სოფელ სერგოყალაში, სადაც შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის მანქანას გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

რესპუბლიკაში შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა დაღესტანში სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.

ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ხუთი მებრძოლის განეიტრალების შესახებ განაცხადა: ორი დერბენტში და სამი მახაჩყალაში. მელიკოვის ინფორმაციით კი, ექვსი მებრძოლია ლიკვიდირებული.

რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წყარომ „რია ნოვოსტის“ განუცხადა დაღესტნის სერგოყალის რაიონის ხელმძღვანელის, მაგომედ ომაროვის დაკავების შესახებ, რომლის ვაჟებიც შესაძლოა ტერაქტებში მონაწილეობდნენ.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები