Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი ჰანოის ეწვია პუტინის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში და განაცხადა, რომ აშშ-ვიეტნამს შორის ნდობა „ყველა დროის მაქსიმუმზეა“

GUARDIANGE – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჰანოიში სახელმწიფო ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, 22 ივნისს, აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა ვიეტნამში მოლაპარაკებები გამართა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ნდობა „ყველა დროის მაქსიმუმზეა“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში, დენიელ კრიტენბრინკი ამტკიცებდა, რომ მისი მოგზაურობა არ იყო დაკავშირებული პუტინის 20 ივნისს გამართულ ვიზიტთან. ვიეტნამმა გასულ წელს შეერთებული შტატები უმაღლეს დიპლომატიურ სტატუსზე, ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორზე აიყვანა, და ჩინეთისა და რუსეთის დონეზე დააყენა. შეერთებულ შტატებთან კავშირების გაძლიერება იმაზე მიუთითებს, რომ ვიეტნამს სურს თავისი მეგობრული ურთიერთობების დაცვა იმ ფონზე, როცა დასავლური კომპანიები თავიანთი მიწოდების ჯაჭვების ჩინეთისაგან დივერსიფიკაციას ცდილობენ.

პუტინის ვიეტნამში ვიზიტს მწვავე რეაქცია მოჰყვა ჰანოიში ამერიკის შეერთებული შატების საელჩოს მხრიდან, რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ „არცერთმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს პუტინს პლატფორმა თავისი აგრესიული ომის ხელშეწყობისთვის და სხვაგვარად დართოს ნება მას მისი სისასტიკეების ნორმალიზებაში“, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გულისხმობს.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა აღმოსავლეთ აზიის საკითხებში აღნიშნულ წუხილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მან ვიეტნამის ოფიციალურ პირებს ნათლად უთხრა, რომ მისი ვიზიტის „მთავარი მიზეზი“ აშშ-სა და ვიეტნამს შორის პარტნიორობაა. ის ვიეტნამის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუი ტან სონს შეხვდა.

„მხოლოდ ვიეტნამს შეუძლია გადაწყვიტოს, თუ როგორ დაიცვას საუკეთესოდ თავისი სუვერენიტეტი და გააძლიეროს თავისი ინტერესები“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა სპეციალურად შერჩეულ მედიასთან, პრესკონფერენციაზე, და ხაზი გაუსვა ეკონომიკურ ურთიერთობების სიძლიერეს ვიეტნამსა და მის უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს, აშშ-ს შორის. 2023 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 111 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა ვიეტნამსა და რუსეთს შორის ვაჭრობა მხოლოდ 3.6 მილიარდი დოლარი იყო.

რუსეთი ვიეტნამისთვის ისევ რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძველი მოკავშირეა ცივი ომის ეპოქიდან, არამედ იმიტომაც, რომ იგი კვლავინდებურად მისი ყველაზე დიდი უზრუნველმყოფია თავდაცვის სფეროში და რუსული ნავთობის ძიების ტექნოლოგიები ხელს უწყობს ვიეტნამის სუვერენიტეტის პრეტენზიების შენარჩუნებას სადავო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

კრიტენბრინკმა თქვა, რომ ჩინეთის მზარდი თავდაჯერებული ქმედებები, რომელიც თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე აცხადებს პრეტენზიებს, რეგიონისა და მსოფლიოსთვის „დიდი შეშფოთების“ მიზეზი გახდა.

ტერიტორიული დავები, რომელშიც ჩართულია ჩინეთი, ფილიპინები, ვიეტნამი, მალაიზია, ბრუნეი და ტაივანი, დიდი ხანია განიხილება, როგორც ცხელი აზიური წერტილი, რომელმაც შესაძლოა აშშ ჩინეთის წინააღმდეგ დააყენოს, თუკი ღია ზღვის სადავო ტერიტორიების გამო დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება.

ვიეტნამმა 21 ივნისს განაცხადა, რომ ის მზად იყო ფილიპინებთან მოლაპარაკებების გამართვისთვის, რათა დიპლომატიური გზით დარეგულირებულიყო მათი პრეტენზიები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კონტინენტური შელფის მიმართ, რაც ჩინეთის მიდგომას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთის ქმედებები, განსაკუთრებით მისი ბოლო ქმედებები, მეორე თომასის სანაპიროსთან დაკავშირებით, ფილიპინების მიმართ იყო უპასუხისმგებლო, აგრესიული, საშიში და ღრმად მადესტაბილიზირებელი“, – განაცხადა კრიტენბრიკმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის ხელშეკრულებები აშშ-სა და მის მოკავშირე ფილიპინებს შორის „რკინის ჯავშანივით“ მტკიცეა.

ფილიპინებმა 21 ივნისს განაცხადა, რომ არ გეგმავს აშშ-სთან ურთიერთდაცვის ხელშეკრულების ამოქმედებას მას შემდეგ, რაც ჩინურმა სანაპირო დაცვამ ორი ფილიპინური საზღვაო ხომალდი დააზინა ქაოტური დაპირისპირების შედეგად, რამაც ფილიპინური საზღვაო ფლოტის პერსონალის დაშავება გამოიწვია.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები