GUARDIANGE – რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სპეცსამსახურების რეკომენდაციით, ღია სივრცეში საჯარო ღონისძიებებზე ტყვიაგაუმტარი ჯავშანჟილეტის ტარება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „The Moscow Times“ -ი ავრცელებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი ბოლო პერიოდში ჯავშანჟილეტით ჩნდებოდა, პირველად არ გავრცელებულა.
კრემლთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ღია სივრცეში რუსეთის პრეზიდენტი ჯავშანჟილეტს 2023 წლიდან ატარებს.
ჯეიდ მილერმა, ბრიტანელმა უსაფრთხოების კონსულტანტმა, 2024 წლის 9 მაისის აღლუმზე პუტინის გამოსვლის ვიდეოკადრები შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის პრეზიდენტს ნამდვილად ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა.
პუტინი, რომელიც მარტში რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მეხუთე ვადით აირჩიეს, 9 მაისს პირდაპირ ეთერში, ყოველწლიურ სამხედრო აღლუმზე გენერლებს მიესალმა. 71 წლის პუტინის მოძრაობები ვიდეოში ხისტი ჩანდა, და აშკარა იყო თუ როგორ ისწორებდა ტანსაცმელს მარჯვენა მხრის გარშემო და ეს რამდენჯერმე გააკეთა.
„პუტინის სხეულის ზედა ნაწილი არაბუნებრივად გამოიყურება, ხოლო მისი მხრები საკმაოდ ფართო და კვადრატული ჩანს, ზურგისა და მხრის ნაწილის ფორმა კი არ ჩანს. ჩემი პროფესიული აზრით, აღლუმზე დასწრების დროს პუტინს ბალისტიკური დაცვის რაღაც ფორმა ეცვა“, – განაცხადა უსაფრთხოების კონსულტანტმა ჯეიდ მილერმა The Moscow Times-თან საუბრისას.