Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით, დაკვეთით და არა სხვა ქვეყნების ხალხების თუ ხელისუფლებების მითითებით

საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და არა სხვა ქვეყნების ხალხების თუ ხელისუფლებების მანდატით, მითითებით. ქართველი ხალხი არის ერთადერთი, ვინც გვაძლევს მითითებას და მანდატს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ქართველი ხალხის 80 პროცენტი მომხრეა გამჭვირვალობის და 60 პროცენტი მომხრეა, მიღებული იყოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

„ამიტომ, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით, ეს არის დემოკრატია. ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება, არ ემთხვეოდეს სხვა ხალხების ეროვნულ ინტერესებს ან, ზოგადად, ინტერესებს. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა ჩვენი სახელმწიფოს, ხალხის ინტერესებშია. შესაძლოა, ეს ეწინააღმდეგებოდეს მათ ინტერესებს, რომელთა დაფინანსებაზეც არის საუბარი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებებზე და ფულზე, ევროკავშირის, ასევე, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ქვეყნები, რომელთაც შესაძლოა, საქართველოში სხვადასხვა პროცესში ფულადი სახით მონაწილეობის ინტერესი ჰქონდეთ. ეს თავისი არსით ეწინააღმდეგება ან, სულ მცირე, დისკომფორტს უქმნის დონორს, დამფინანსებელს, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესით და არა დონორების ინტერესებიდან გამომდინარე.

ყველაზე ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თუ ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალური პირის ვერცერთ განცხადებაში დღემდე ვერ ამოვიკითხე პირობა ქართველი ხალხის მიმართ, რომ ამერიკიდან, ევროკავშირიდან შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე და მზად არიან, აჩვენონ ანგარიშვალდებულება. ზუსტად ეს აჩვენებს, რომ კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ კვლავ დაფარული დარჩეს თანხები, რომლებიც საქართველოში იხარჯება. ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ამ თანხების ნაწილი იხარჯება პოლიტიკურ პარტიებზე, რაც კონსტიტუციისა და კანონის გვერდის ავლაა. დანამდვილებით ვიცით, რომ საერთო თანხების ნაწილი, რომელიც ფარულია, იხარჯება რადიკალური ჯგუფების, „მოლოტოვის კოქტეილების“ პოპულარიზაციისა და ასეთი პროექტებისთვის, „კანვასებისთვის“. ეს ხომ საზოგადოებამ იცის. როგორც აქამდე იყო გარკვეული თავისუფლება, ფარულად, მოსახლეობისგან მალულად დაეხარჯათ თანხები, კანონის მიღების შემდეგ ეს შესაძლებლობა აღარ იქნება. ამიტომაც არის ეჭვი, რომ ეს არის შტურმის, კამპანიის ერთ-ერთი მოტივაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კანონთან დაკავშირებით მოქალაქეების პროტესტს, პაპუაშვილის შეფასებით, კრიტიკა დემოკრატიული მსჯელობის შემადგენელი ნაწილია.

„კრიტიკა და კრიტიკული დისკუსია დემოკრატიული მსჯელობის შემადგენელი ნაწილია. ნებისმიერ საკითხს შეიძლება ჰყავდეს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ეს არის ნორმალური ნაწილი დემოკრატიისა და ასეც უნდა იყოს, ვიღაცას რაღაც საკითხი შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება გარკვეულ ორგანიზაციებს, ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც არ უნდათ დისკომფორტი შეიქმნან და საკუთარი ფინანსები გაასაჯაროონ. საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების სისტემა რომ არ გვქონდეს და დღეს შემოგვქონდეს, შეიძლება 5 000-მა საჯარო მოხელემ გააპროტესტოს, რომ დისკომფორტი უნდა შეექმნათ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის გასაჯაროებით. გასაგებია, ამ ორგანიზაციებს დისკომფორტს უქმნის ის, რომ მოქალაქეებისთვის საჯარო, ცხადი გახდება, სინამდვილეში, რაზე მუშაობენ ეს ორგანიზაციები. დემოკრატია გულისხმობს, რომ უნდა გატარდეს ის, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სურს და მის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის ინტერესშია, პატარა პოლიტიკურმა ჯგუფებმა არ ჩამოართვან უფლება, იცოდნენ ყველაფერი მათზე, ვინც უცხოეთიდან ფინანსდება საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები