Sunday, November 24, 2024
4.8 C
Tbilisi

სისტემური დანაშაულის ჯაჭვი ჯანდაცვის სამინისტროში? რა შედეგები დადო სოციალური სამსახურის შიდა მონიტორინგის დეპარტამენტმა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიმართ ახალი სკანდალური ფაქტები ხდება ცნობილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეში შესაძლოა სისტემური დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს, სადაც, სავარაუდოდ ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის როგორც რიგითი სოციალური მუშაკი, აგრეთვე მისი ზემდგომებიც და სსიპ-ის ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირიც კი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება აღნიშნული სსიპ-ის სოციალურ მუშაკ სალომე ჯიოშვილს, რომელიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩართული იყო ოჯახურ დავაში არასრულწლოვნების მიმართულებით და რომელმაც, ჩვენი რესპონდენტის შეფასებით აბსოლუტურად ტენდენციური და ყოველგვარ პროფესიონალიზმს მოკლებული დასკვნა მიაწოდა სასამართლოს, სადაც, ელემენტარულად, ბავშვის სახელიც კი არასწორად იყო მოყვანილი, რომ აღარაფერი ვთქვათ ფაქტობრივ გარემოებებზე.

ჩვენი რესპონდენტის განცხადებით, რომელიც ბავშვების მამაა, მან, თითქმის ცხრათვიანი ბრძოლისა და უამრავი ბიუროკრატიული წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მიაღწია იმას, რომ სოციალური მუშაკის, მისი ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლისა და თბილისის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ დისციპლინალური გადაცდომის ფაქტები დადასტურდა:

“თავს აღარ შეგაწყენთ სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის მიერ დაწერილი “დასკვნის” შესახებ, რომელიც არათუ არაპროფესიონალიზმისა და ტენდენციურობის პიკია, არამედ, ჩემი შეფასებით, არის სისხლის სამართლის დანაშაული, ვინაიდან საქმე არასრულწლოვან ბავშვებს და მათ მომავალს ეხება.

მოგეხსენებათ, რამდენიმეთვიანი ბრძოლის, უამრავი განცხადებისა და მიმართვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულმა სსიპ-მა კეთილი ინება და სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის საქმის შესწავლა დაიწყო. მე უწყების შიდა მონიტორინგის დეპარტამენტს წარვუდგინე ჩემ ხელთ არსებული მტკიცებულებები, საიდანაც ნათლად ჩანს სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის მიერ ჩადენილი სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც მან იგნორირება გაუკეთა ისეთ ფაქტს, როგორიცაა არასრულწლოვანის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა (მათ შორის ჯგუფურიც, ბავშვის მშობლისა და უახლოესი წინაპრების მიერ).

მოგვიანებით, მე რამდენჯერმე მივმართე აღნიშნული სსიპ-ის ხელმძღვანელობას, რომ ეცნობებინათ რა ეტაპზე იყო შიდა მოკვლევა, თუმცა, მათი მხრიდან პასუხი ყოველთვის ზოგადი იყო.

საბოლოოდ, მიმდინარე წლის 24 მაისს, მე ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სსიპ-ის შიდამონიტორინგის სამსახურიდან მივიღე წერილი, რომ ჩემი შვილების მიმართ დადასტურდა დისციპლინური გადაცდომა არა მხოლოდ სოცმუშაკ სალომე ჯიოშვილის, არამედ აღნიშნული სსიპ-ის მაღალჩინოსნების მხრიდანაც.

ვციტირებ ფრაგმენტს წერილიდან:

“ინსპექტირების სამმართველოს მიერ განხორციელებული რეაგირების შედეგად, საქმეზე მომუშავე სააგენტოს ქ.თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდამჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკის, ამავე განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლისა და ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ დადასტურდა შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინარული გადაცდომის ფაქტი”.

თუმცა იმან, რასაც ამ უწყებაში დისციპლინარულ გადაცდომას უწოდებენ, შესაძლოა მომავალი თაობის ბედი სრულიად შეცვალოს” – აცხადებს მშობელი.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს, ვინაიდან, სოცმუშაკის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის დამალვა, მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა არაა და პასუხი ყველამ უნდა აგოს.

“მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საფუძვლიანად შეისწავლოს აღნიშნული საქმე და დააყენოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული დაფარეს” – აცხადებს მშობელი.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნულ სსიპ-ში ტენდენციურობა და არაპროფესიონალიზმი ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც თავის თავზე გამოსცადა და რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ აღნიშნული სსიპ-ის იურისტმა, ნათია სვანიძემ ერთმანეთისგან ბავშვი და ძაღლი ვერ გაარჩია და, ოქმის წერის დროს ძაღლის მაგივრად დოკუმენტში ბავშვი ჩაწერა.

“როდესაც მე მივუთითე, რომ დოკუმენტში მას ძაღლის მაგივრად ბავშვზე ეწერა, ვითომ არაფერი, ბავშვის სახელი გადახაზა და ზედ ძაღლი გადააწერა. ამ კატეგორიის “პროფესიონალები” წყვეტენ დღეს საქართველოში ბავშვების ბედს, თუმცა ზემოთნახსენები იურისტის საკითხს ოდნავ მოგვიანებით უფრო დეტალურად დავუბრუნდებით” – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი region.ge ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და მასალებს საზოგადოებას პერმანენტულად მიაწვდის.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები