GUARDIANGE – ჩინეთმა ორდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო ტაივანის გარშემო, როგორც „მკაცრი სასჯელი“ თვითმმართველი კუნძულის „სეპარატისტული ქმედებების“ გამო.
წვრთნები პრეზიდენტ უილიამ ლაის ინაუგურაციიდან სამი დღის შემდეგ დაიწყო. ლაის პეკინმა „სახიფათო არეულობის შემომტანი“ უწოდა.
ჩინეთი ტაივანს განიხილავს როგორც სეპარატისტულ პროვინციას, რომელიც საბოლოოდ პეკინის კონტროლის ქვეშ იქნება მოქცეული, მაგრამ კუნძული თავის მომავალს განსხვავებულად უყურებს.
ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ დაგმო ჩინეთის წვრთნები, როგორც „არაგონივრული პროვოკაცია“.
2023 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)-ის დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაავალა თავისი ქვეყნის არმიას, რომ „2027 წლისთვის მზად იყვნენ“ ტაივანში შესაჭრელად.
მან სატელევიზიო ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ძალიან სერიოზულად“ უნდა მიიღოს სი ძინპინის სურვილი, საბოლოოდ გააკონტროლოს ტაივანი, მაშინაც კი, თუ სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი არ არის.
„ჩვენ ვიცით, როგორც საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტმა სიმ დაავალა ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, მზად იყვნენ 2027 წლისთვის ტაივანში შესაჭრელად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას გადაწყვეტილი აქვს შეჭრა 2027 ან ნებისმიერ სხვა წელს“, – განუცხადა ბერნსმა CBS-ს.
„ვფიქრობ, ჩვენი შეფასება სულ მცირე არის ის, რომ პრეზიდენტ სის და მის სამხედრო ხელმძღვანელობას ეჭვი აქვთ დღეს იმის თაობაზე, შეძლებენ თუ არა ისინი ამ შეჭრის დასრულებას“, – განაცხადა მან.
ტაივანი და ჩინეთი 1949 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ გაიყო, რომელიც „კომუნისტური პარტიის“ მატერიკზე კონტროლით დასრულდა. თვითმმართველი კუნძული მოქმედებს როგორც სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ არ არის აღიარებული გაეროს ან რომელიმე დიდი ქვეყნის მიერ. 1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ოფიციალურად აღიარა პეკინის მთავრობა და გაწყვიტა ტაივანთან საერთაშორისო კავშირები. საპასუხოდ, კონგრესმა დაამტკიცა ტაივანთან ურთიერთობების კანონი, რომელიც ქმნის სტანდარტს გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის.
ტაივანს აშშ-ის ოფიციალური მხარდაჭერა აქვს პეკინის მხრიდან ძალის მზარდი დემონსტრირების ფონზე, რომელიც კუნძულს თავისი ტერიტორიის ნაწილად აცხადებს. პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკული ძალები დაიცავენ ტაივანს, თუ ჩინეთი შეეცდება შეჭრას. თეთრი სახლი ამბობს, რომ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონს სურს ტაივანის სტატუსის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, თუმცა არაფერს აცხადებს იმის შესახებ, იქნება თუ არა აშშ-ის ძალები გაგზავნილი ჩინეთის თავდასხმის საპასუხოდ.
ინტერვიუში ბერნსმა თქვა, რომ აშშ-ისა და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა ოფიციალური კიევის მიმართ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შესაძლოა პოტენციური შემაკავებელი ფაქტორი იყოს ჩინეთის ოფიციალური პირებისთვის, მაგრამ დაამატა, რომ ტაივანზე შესაძლო თავდასხმის რისკი მხოლოდ გაძლიერდება.
„ვფიქრობ, რომ იმ პირობებში, როცა მათ შეხედეს პუტინის გამოცდილებას უკრაინაში, ამან, ალბათ, გააძლიერა ეს ეჭვები. მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ძალის პოტენციური გამოყენების რისკები ალბათ იზრდება, რაც უფრო შორს მიდიხარ ამ ათწლეულში და მის მიღმა, შემდეგ ათწლეულში. ამგვარად, აშკარაა, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა ბერნსმა.
პეკინმა 2023 წლის მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ 2023 წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ზე მეტით გაზრდიდა. ეს განცხადება გაკეთდა ეროვნული სახალხო კონგრესის სხდომაზე, რომელმაც სი ძინპინ, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში „კომუნისტურმა პარტიამ“ ხელახლა, მესამედ, აირჩია თავის ლიდერად, პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მეთაურად დაამტკიცა მესამე ვადით.
პეკინის 7%-ით გაზრდამდე არსებული სამხედრო ბიუჯეტი – დაახლოებით 225 მილიარდი აშშ დოლარი – ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთის სამხედრო ხარჯები.
2023 წლის მარტში, მიმავალმა პრემიერმა ლი კეციანმა ეროვნულ სახალხო კონგრესს უთხრა, რომ „ჩინეთის ჩახშობისა და შეკავების გარე მცდელობები ძლიერდება“. „შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნები და მზადყოფნა ყველა მიმართულებით“, – განაცხადა მან.