ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტებული იქნება სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორად თუ დალაგდება სისტემა, თავისუფლად შესაძლებელია, საქართველოში ისეთი რესურსის შექმნა, სადაც სტუდენტი ევროპულისა და ამერიკულის იდენტურ განათლებას მიიღებს.
„ჩვენ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც მივიღებთ არა რაღაც განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი ინტერესების რეალიზების ათჯერ უკეთესი შესაძლებლობა. სოციალური ინტერესებიც აქვთ სტუდენტებს, გარდა განათლების მიღებისა, მათ შორის სპორტი და სხვადასხვა ტიპის აქტივობები. თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა გვექნება, სწავლების ხარისხი იქნება თვისებრივად განსხვავებული და სწავლების შინაარსი, გვექნება სახელმძღვანელოები უზრუნველყოფილი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში და ა.შ. განახლებული სახელმძღვანელოები, კურიკულუმები და ა.შ. თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტებული იქნება ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე. იურიდიულ ფაკულტეტებზე რომ ვისაუბროთ – თუ სწორად დალაგდება სისტემა, თავისუფლად შესაძლებელია საქართველოში შექმნა ისეთი რესურსი, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე საქართველოში სტუდენტმა მიიღოს ზუსტად ევროპულისა და ამერიკულის იდენტური განათლება, არც მეტი, არც ნაკლები, უმაღლესი დონის განათლება. ამის რესურსი ქვეყანაში არის, მთავარია, სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ განათლების სისტემა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკურად საკუთარ თავზე მოირგეს, თსუ-ს პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, ამის გამო მთლიანად სისტემა მოშლილია.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არსებული ხელისუფლების პირობებშიც ვერ გაკეთდა საკმარისი და ამას ობიექტური მიზეზები აქვს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება.
„ანგრევდნენ სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხით და ა.შ. ხელოვნურად ანგრევდნენ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში მყარი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომლის მარტივად გადალაგება არ იყო შესაძლებელი. კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს მათ უმაღლესი განათლების სისტემაში. მაგალითად რომ ავიღოთ წამყვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ვასწავლი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია – შეიძლება, პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს, თან პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს, სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ეხება პროფესურის ძალიან დიდ ნაწილს. შესაბამისად, ეს არის ჩაკეტილი წრე, ამის გამო მთლიანად სისტემა არის მოშლილი. ამის გამო, არც სახელმძღვანელოები ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არც მეცნიერება და არც არაფერი, არის მძიმე, ჩაკეტილი წრე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ბავშვს, ახალგაზრდას არ აძლევ საკმარის ცოდნას და ართმევ ღირებულებებს და ამ ხაზის ერთ-ერთი შემოქმედი, გამტარებელი ამ ქვეყანაში იყო გიგი თევზაძე თავის პარტნიორებთან ერთად, რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დიდწილად შედეგი მართლაც გამოიღო.
„შეგნებულად ანგრევდნენ განათლების სისტემას ეს ადამიანები – გიგი თევზაძე, გვარამია, შაშკინი და სხვები, ვინც იდგნენ განათლების პროცესების უკან. შეგნებულად ანგრევდნენ, ეს მათი დავალება იყო. ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ხაზი, რომ უნდა მოშალო განათლების სისტემა და სამწუხაროდ, მათი საქმიანობის ეს შედეგები პირდაპირ სტატისტიკაშია ასახული. სხვათა შორის, ცინიზმია, რომ დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ი აქვეყნებს განათლების სისტემის შედეგებს, სადაც ასეთი რამ უწერია – ჩვენი სკოლის მოსწავლეების, სავარაუდოდ ბოლო კლასზეა საუბარი, 63%-მა საბაზისო უნარების ტესტიც კი ვერ ჩააბარა და ამავდროულად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამაყობს იმით, რომ კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდები აპროტესტებენ წაუკითხავ კანონს, რაც არის სამწუხარო და ძალიან მძიმე რეალობა. კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ 81 ქვეყანაში გავედით 63-ე ადგილზე წაკითხულის გააზრებაში. რა თქმა უნდა, ეს არის 90-იანი წლების შედეგიც, მაშინ პირველად მოიშალა განათლების სისტემა, მაგრამ ამ პრობლემებს დამატებითი პრობლემები მიაყოლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სწორედ ეს იყო ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი – მთავარი არის ის, რომ სათანადო ცოდნა არ უნდა მისცე. ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს, რეალურად ეს ხდებოდა გიგი თევზაძის და მისი მეგობრების იდეოლოგიით და თან ღირებულებებს აცლი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე მიხაილ როთის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ის პირდაპირ ამაზე საუბრობდა, რომ ღირებულებები არ უნდა გქონდეს, არ უნდა აფასებდე მთავარ ინსტიტუტებს, რაზეც დგას შენი იდენტობა, როგორიც ჩვენს შემთხვევაში პირველ რიგში არის მართლმადიდებელი ეკლესია. ეს არის ფსევდოლიბერალიზმი. გიგი თევზაძე და მიხაილ როთი არიან ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი, რომლის მთავარი ამოცანაა, ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ მისცე საკმარისი ცოდნა და ამასთან ერთად გამოაცალო ღირებულებები. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, იქნება სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას, ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არსებული ხელისუფლების პირობებშიც ვერ გაკეთდა საკმარისი.