ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ აძლევ საკმარის ცოდნას და ართმევ ღირებულებებს და ამ ხაზის ერთ-ერთი შემოქმედი, გამტარებელი ამ ქვეყანაში იყო გიგი თევზაძე თავის პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკამ და იდეოლოგიამ სამწუხაროდ, დიდწილად შედეგი მართლაც გამოიღო.
„შეგნებულად ანგრევდნენ განათლების სისტემას ეს ადამიანები – გიგი თევზაძე, გვარამია, შაშკინი და სხვები, ვინც იდგნენ განათლების პროცესების უკან. შეგნებულად ანგრევდნენ, ეს მათი დავალება იყო. ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ხაზი, რომ უნდა მოშალო განათლების სისტემა და სამწუხაროდ, მათი საქმიანობის ეს შედეგები პირდაპირ სტატისტიკაშია ასახული. სხვათა შორის, ცინიზმია, რომ დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ი აქვეყნებს განათლების სისტემის შედეგებს, სადაც ასეთი რამ უწერია – ჩვენი სკოლის მოსწავლეების, სავარაუდოდ ბოლო კლასზეა საუბარი, 63%-მა საბაზისო უნარების ტესტიც კი ვერ ჩააბარა და ამავდროულად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამაყობს იმით, რომ კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდები აპროტესტებენ წაუკითხავ კანონს, რაც არის სამწუხარო და ძალიან მძიმე რეალობა. კიდევ ერთი შედეგი არის ის, რომ 81 ქვეყანაში გავედით 63-ე ადგილზე წაკითხულის გააზრებაში. რა თქმა უნდა, ეს არის 90-იანი წლების შედეგიც, მაშინ პირველად მოიშალა განათლების სისტემა, მაგრამ ამ პრობლემებს დამატებითი პრობლემები მიაყოლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სწორედ ეს იყო ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი – მთავარი არის ის, რომ სათანადო ცოდნა არ უნდა მისცე. ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს, რეალურად ეს ხდებოდა გიგი თევზაძის და მისი მეგობრების იდეოლოგიით და თან ღირებულებებს აცლი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძე მიხაილ როთის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ის პირდაპირ ამაზე საუბრობდა, რომ ღირებულებები არ უნდა გქონდეს, არ უნდა აფასებდე მთავარ ინსტიტუტებს, რაზეც დგას შენი იდენტობა, როგორიც ჩვენს შემთხვევაში პირველ რიგში არის მართლმადიდებელი ეკლესია. ეს არის ფსევდოლიბერალიზმი. გიგი თევზაძე და მიხაილ როთი არიან ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი, რომლის მთავარი ამოცანაა, ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ მისცე საკმარისი ცოდნა და ამასთან ერთად გამოაცალო ღირებულებები. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რაც საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება შეთავაზებული, იქნება სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას, ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არსებული ხელისუფლების პირობებშიც ვერ გაკეთდა საკმარისი.