GUARDIANGE – საფრანგეთმა თავისი დასავლელი მოკავშირეებისაგან განზე დადგომა გადაწყვიტა და მხარდაჭერა გამოუცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ.
„რაც შეეხება ისრაელს, სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატა გადაწყვეტს, გასცეს თუ არა ეს ორდერები, მას შემდეგ, რაც შეისწავლის მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურორმა წარადგინა ბრალდების დასადასტურებლად. საფრანგეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა სიტუაციაში“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორშაბათს, გვიან გავრცელებულ განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ის უკვე მრავალი თვეა აფრთხილებს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის მკაცრი დაცვის აუცილებლობაზე და „განსაკუთრებით ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მიუღებელ დონეზე და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების არარსებობაზე“.
საგარეო უწყების აღნიშნული განცხადება საფრანგეთის და მისი დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი, შეერთებული შტატების პოზიციას შორის დიდ განხეთქილებაზე მიუთითებს, რადგან პრეზიდენტმა ბაიდენმა გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ორშაბათს, უარყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნა „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე.
„არ არსებობს ეკვივალენტობა ისრაელსა და ჰამასს შორის“, – თქვა ბაიდენმა. „ცხადია, ისრაელს სურს გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოქალაქეები. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, რაც ხდება, არ არის გენოციდი“.
ICC-ის გადაწყვეტილება გაერთიანებულმა სამეფომ და იტალიამაც გააკრიტიკეს, ხოლო Human Rights Watch-მა (HRW) და საერთაშორისო იურიდიული ექსპერტების ჯგუფმა მხარი დაუჭირეს მოთხოვნას.
საფრანგეთი ერთ-ერთია დასავლურ ქვეყანებს შორის, რომელსაც უფრო მკაცრი პოზიციის დაკავების სურვილი აქვს ისრაელის მიმართ. მან გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, რომ ვეტო დაედო ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციებს გაეროს უშიშროების საბჭოში და მოუწოდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ.
ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა უარყო ისრაელისა და მისი ზოგიერთი მოკავშირის ბრალდებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მის დამოუკიდებლობას და თქვა, რომ მოთხოვნა „არ არის ჯადოქრებზე ნადირობა, ეს არ არის ხმაურზე რაიმე სახის ემოციური რეაქცია. ეს სასამართლო პროცესია“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა: „პროკურორის აბსურდული ბრალდებები ჩემ და ისრაელის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მხოლოდ მცდელობაა, რომ ისრაელს თავდაცვის ძირითად უფლებაზე ხელი ააღებინონ. ერთ რამეს გპირდებით: ეს მცდელობა სრულიად ჩავარდება“.